ბელადები

როგორ გადააწერინა სტალინმა პოლონელებს კაბალური შეთანხმება

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.03

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული პოლიტიკოსი იყო. ის შანსს არ უშვებდა, რომ ოპონენტის შეცდომა თავისი პოლიტიკის სასარგებლოდ გამოეყენებინა. თუმცა, მიცემულ პირობას არასოდეს არღვევდა, თუკი სხვა არ გადადგამდა ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ლენინი სტალინს ყოველთვის ურთულეს მოლაპარაკებებზე გზავნიდა, რადგან შესანიშნავად იცოდა, რომ სტალინი თავს არავის მოატყუებინებდა და ნებისმიერ ზეწოლას გაუძლებდა. ლევ კამენევი სტალინს „დიდ მიმწოლს“ უწოდებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუკი საჭირო იყო, სტალინს შეეძლო, ოპონენტზე ისეთი დიპლომატიური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განეხორციელებინა, რომ ეს ოპონენტი მასთან ჭიდილში აუცილებლად დამარცხდებოდა და საბოლოო ჯამში, დანებდებოდა. 20-იანი წლებიდან მოყოლებული, არაერთი ასეთი შემთხვევა ყოფილა ბოლშევიკების ისტორიაში. თუნდაც ის რად ღირს, რომ როდესაც რუსეთ-პოლონეთის შეხვედრაზე, სადაც ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი და ამ შეთანხმების გასაფორმებლად მხოლოდ და მხოლოდ ხელმოწერა იყო საჭირო, სტალინმა რადიკალურად შეცვალა ის. საქმე ეხებოდა უკრაინის ტერიტორიის გადაცემას პოლონეთისთვის, რაც თავიდანვე სტალინს არასწორად მიაჩნდა. თუმცა, ლენინმა კაპიტულანტური ნაბიჯი გადადგა და პოლონეთს, ფაქტობრივად, აჩუქა ეს მიწები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინი მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას, უმრავლესობამ, ტროცკის მხარდაჭერით, ლენინის მოსაზრებას დაუჭირა მხარი. მეტიც, იმავე უმრავლესობამ, ტროცკის იდეით, სტალინის დამცირების მიზნით, სწორედ სტალინი გაგზავნა ამ საბუთზე ხელის მოსაწერად. სტალინმა კი პირდაღებული დატოვა მოლაპარაკების მონაწილეები. პოლონელები დაითანხმა, რომ წინასწარ შეთანხმებაში ცვლილებები შეეტანათ და ასეც გაკეთდა. მიწები უკრაინას დარჩა. ვალდებულება თავდაუსხმელობის შესახებ კი ორივე მხარემ იკისრა. ამან ლენინიც ძალიან გააოცა. ილიჩი არ მოელოდა მოვლენების ასეთ შემობრუნებას და ისღა დარჩენოდა, რომ გულწრფელად შეექო ეროვნებათა საბჭოს კომისარი იოსებ სტალინი და ის ასეც მოიქცა.“

1945 წლის დასაწყისში, ყირიმის კონფერენციამდე ერთი კვირით ადრე, ჩერჩილი კონფიდენციალურად დაუკავშირდა სტალინს და სთხოვა, რუზველტის გარეშე შეხვედროდა პირისპირ. ამის თაობაზე იმდროინდელი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჩერჩილს სტალინთან წინასწარი შეთანხმების დადება სურდა ევროპაში გავლენების გადანაწილებაზე, რათა დიდ ბრიტანეთს რაც შეიძლება, მეტი სარგებელი მიეღო. მართალია, ჩერჩილს არ უთქვამს, თუ რაზე სურდა სტალინთან საუბარი, მაგრამ ეს არც თუ ისე რთული ამოსაცნობი იყო და სტალინმა მას უარი უთხრა, თან დაამატა: ბატონ რუზველტის გარეშე პოლიტიკური საკითხების განხილვა წარმოუდგენელია და დაუშვებელი. ხოლო, თუ სხვა საკითხზე გსურთ ჩემთან შეხვედრა, მაგალითად, მეგობრულ ვახშამზე, მაშინ მოხარული ვიქნები, გიმასპინძლოთ. ამ შემთხვევაში ბატონი რუზველტი დაცული იქნება იმ ორი მსმელი ადამიანის კამპანიისგან, რომელსაც მე და თქვენ წარმოვადგენთ... სტალინსაც უყვარდა კარგი სასმელი და ჩერჩილსაც.“

შემდგომ, უკვე ყირიმის კონფერენციის მსვლელობისას, სტალინმა ოსტატურად გამოიყენა ჩერჩილის ეს არასწორი პოლიტიკური სვლა და პრეზიდენტი რუზველტი მიიმხრო. მანამდე კი ჩერჩილის ეს სურვილი დიპლომატიური გზებით მიიტანეს „თეთრ სახლში“. აქედან გამომდინარე, ყირიმის მთელი კონფერენციის მსვლელობა სტალინისადმი რუზველტის მხარდაჭერით წარიმართა და საბჭოთა ბელადმა თავისი გეგმები სრულად განახორციელა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჩერჩილი უძლური იყო ამ ორი გიგანტის წინაშე. ის (ჩერჩილი) ისე გამოიყურებოდა, როგორც ორ ლომს შორის მდგომი თაგვი. ჩერჩილი ცქმუტავდა, ნერვიულობდა და ერთ-ერთ სხდომაზე საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სახეწამოჭარხლებულმა ბრიტანელმა პრემიერმა განაცხადა: აქ მე არაფერი მესაქმება. არავინ არაფერს მეკითხება და კონფერენციას ვტოვებო. თუმცა, შემდგომ მიხვდა, რომ ეს პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა და თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.“

მოგვიანებით თავის მემუარებში უინსტონ ჩერჩილი დეტალურად აღწერდა კონფერენციის ამ ეპიზოდს და აღიარებდა, რომ პოლიტიკური ორთაბრძოლა სტალინთან პირწმინდად წააგო. ჩერჩილი წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა იყო რუზველტის გარეშე სტალინთან პირისპირ შეხვედრის სურვილი, მაინც დღემდე განცვიფრებული ვარ, რა „მანქანებით“ მოახერხა სტალინმა ჩვენი იდეოლოგიური მოძმის თავის მხარეზე გადაყვანა და ბოლომდე მიმხრობა. მაგიის არ მჯერა, მაგრამ ეს მართლაც მაგიური ნაბიჯი იყო საბჭოთა ლიდერის მხრიდან, რომელიც მან დიდი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ოსტატობით განახორციელა.“

უფრო შორს რომ წავიდეთ, გავიხსენოთ მაგიის მოტრფიალე ადოლფ ჰიტლერის „ბუნკერული ჩანაწერები“, სადაც წერია: „სტალინი დიდი მაგისტრი“ აღმოჩნდა, რომელმაც უდიდესი სასწაული მოახდინა და უიმედო საომარი მდგომარეობა ისე შემოაბრუნა, რომ ამას კოშმარულ სიზმრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.“

ჰიტლერის სიტყვები აშკარა დასტურია სტალინის მსოფლიო მასშტაბის სიდიადისა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი