ბელადები

როგორ გადააქცია ბერიამ საქართველო საბჭოთა კავშირის პირველ რესპუბლიკად

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.03

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაში, ხშირ შემთხვევაში კი ის თავის გავლენას საქართველოს სასიკეთოდ იყენებდა.

ბორის სოკოლოვი: „ბერიას სასამართლო განაჩენში ფიგურირებს ულტრანაციონალიზმის ბრალდება და ეს იმით საბუთდება, რომ ბერია იმაზე მეტ ფინანსებსა და სხვა რესურსებს ხარჯავდა საქართველოსთვის, ვიდრე იმ მომენტში საკავშირო გეგმით იყო გათვალისწინებული. ჩემი აზრით, ეს ბრალდება, იმდროინდელი ყოფიდან გამომდინარე, საკმაოდ მართებულად გამოიყურება. თუმცა, ნამდვილად არ არის მართებული იმაზე აპელირება, რომ ადამიანი აღმშენებლობას ახორციელებდა და ეს მას დანაშაულად ჩაუთვალეს.“

რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ, სადაც ბერიას აჩრდილით ხალხს ახლაც აშინებენ, მასზე წარმოდგენა საქართველოშიც ორადაა გაყოფილი. ერთნი ბერიას ერის გამანადგურებლად მიიჩნევენ და მას უამრავ ისეთ დანაშაულს მიაწერენ, რაც მას არ ჩაუდენია. უფრო ობიექტური მკვლევრები კი სწორედ ბერიას დამსახურებად მიიჩნევენ ქართული კულტურისა და ისტორიის, სპორტისა და სოფლის მეურნეობის, მრეწველობის აღორძინებას. დღესდღეობით პატარა, არც თუ ისე მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნა დიდადაა რეკლამირებული და წარმოჩინებული. ბერია კი ბევრად დიდ საქმეებს ყოველგვარი რეკლამის გარეშე აკეთებდა და ცდილობდა, თვალში არ მოხვედროდა მოსკოველ მაბეზღარებს, რომლებსაც იმ პერიოდში ქვეყანაში ბერიაზე მეტი გავლენა ჰქონდათ და უბრალო დაბეზღებით შეეძლოთ ბერიას კომპრომეტირება, რაც მისთვის (ბერიასთვის) ფატალურად დასრულდებოდა. ხშირ შემთხვევაში ბერია თავისი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებდა იმ ეროვნულ საქმეს, რომელსაც შემდგომში დიდი სარგებელი მოჰქონდა საქართველოსთვის.

ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ მამა ოჯახში ძალიან რბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, შეეძლო ყველასთან, თვით მოსამსახურე პერსონალთან კომპრომისებზე წასულიყო და ბევრი რამ დაეთმო, მუშაობაში უმნიშვნელო კომპრომისსაც არ უშვებდა. ის უაღრესად მომთხოვნი და პრინციპული იყო, შეეძლო, უმკაცრესი სასჯელიც კი დაეწესებინა დამნაშავისთვის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საბოტაჟის მომწყობთათვის, მისი ბრძაებით, უმკაცრესი განაჩენი გამოუტანიათ და ისინი სიკვდილითაც კი დაუსჯიათ. თუმცა, თითოეულ ასეთ შემთხვევას მამა პირადად და აუცილებლად დეტალურად ეცნობოდა და მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა უკიდურეს ზომას, როდესაც აბსოლუტურად რწმუნდებოდა ამა თუ იმ პიროვნების დანაშაულში. იყო შემთხვევები, როდესაც მამაჩემს საქმეებისთვის გადაუხედავს და სასიკვდილო განაჩენი გაუუქმებია ან ნაკლები სასჯელით შეუცვლია... თუმცა, მამაჩემი ხომ დღემდე მტრის ხატადაა გამოყენებული, როგორც რუსეთში, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში. ჩემთვის განსაკუთრებულად საწყენია, რომ საქართველოშიც ასეთი ტენდენციაა გამეფებული. არადა, ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში მამამ ფარული განკარგულება გასცა, საქართველოში სასწავლო პროგრამის რადიკალურად შეცვლის თაობაზე. მთელ რიგ მეცნიერებს დაევალათ ახალი, სწორი საქართველოს ისტორიის დაწერა და ეს წიგნები სასწავლო პროგრამებში შეიტანეს. მას შემდეგ ისტორია ერთნაირად ისწავლებოდა როგორც ქართულ, ასევე რუსულ და სხვა ეროვნულ სკოლებში. მამის საქართველოში მმართველობის პერიოდში 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელებისა და პროფილის სქელტანიანი სამეცნიერო ნაშრომები გამოიცა. დაიხვეწა ქართული გრამატიკა და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, რომელიც მამაჩემის უშუალო ჩარევით დაფუძნდა.“

ბერია განათლებული ადამიანი იყო, ამიტომ ქვეყანაში სწავლისა და ინოვაციების განვითარებისთვის დიდ ძალისხმევას იჩენდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ გაუნათლებელი ერი დაღუპვისთვის იყო განწირული და ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განათლების სისტემის სწრაფი და ეფექტური განვითარება მიაჩნდა. ბერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში 300-ზე მეტმა სკოლამ და სხვა პროფილის სასწავლო-ტექნიკურმა დაწესებულებამ დაიწყო ფუნქციონირება. ბერიას ძალისხმევით, შეიქმნა ქართველ ინჟინერთა მძლავრი კოჰორტა, რომელმაც საქართველოში ფართო საქმიანობა გააჩაღა და ამ პატარა რესპუბლიკის ფარგლებსაც გასცდა. ერთი სიტყვით, ბერია სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდა და თავის „სამფლობელოში“ ისეთ გეგმებს ახორციელებდა, რაც იმ პერიოდის მოწინავე ევროპული ქვეყნებისთვისაც კი უცხო იყო. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ბერიას უშუალო ძალისხმევით ითარგმნა მრავალ ენაზე უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ და თითოეული ეს ნაშრომი სრულყოფილად წარმოაჩენდა ამ შედევრს...

ბორის სოკოლოვი: „შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ლავრენტი ბერია, თანამედროვე გაგებით, „დიდი მენეჯერი“ იყო, ყველა იმ უნარებითა და ატრიბუტიკით, რასაც ამ პროფესიის ადამიანები ფლობენ, ბერიამ, მინიმუმ, 50 წლით გაუსწრო დროს ამ სფეროში და არა მარტო ამ სფეროში. განსაცვიფრებელი იყო ის გიგანტური ნაბიჯი, რაც ბერიას მმართველობის პერიოდში საქართველომ გადადგა. ბერიამ რუსეთის იმპერიის მიგდებული, პერიფერიული, პატარა ქვეყანა არა მარტო საბჭოთა კავშირის ნომერ პირველ რესპუბლიკად აქცია, არამედ ევროპაში გამორჩეული და მისაბაძი ქვეყანა გახადა. აი, სწორედ ეს იყო „კრემლის შოვინისტებისთვის“ იმის საბაბი, რომ ბერია ულტრანაციონალისტად გამოეცხადებინათ.“

ლავრენტი ბერიას ფენომენი დღემდე არაა შესწავლილი და რასაც წერენ, ხშირ შემთხვევაში, არასწორი და მიზანმიმართული ტყუილია. სხვათა შორის, ამგვარი ინტერპრეტაცია ერთნაირად სასარგებლოა, როგორც რუსი შოვინისტებისთვის, ასევე დასავლეთისთვის და ორივე მხარეს, ბერიას სახით, საკმაოდ მოსახერხებელი მტრის ხატი აქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი