ბელადები

როგორ დაუდო სათავე სტალინმა ჩინეთის აღორძინებას

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.07, 2021 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო და მოვლენებს დიდი ხნით ადრე ჭვრეტდა, შესაბამისად სწორ პოლიტიკას ახორციელებდა და არც მეგობრებს ტოვებდა გასაჭირში და არც მტრებს – უპასუხოდ... პუბლიცისტი ანტონ სალნიკოვი წერს: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინი პოლიტიკის დიდი გროსმაისტერი იყო. მას მრავალი სვლის წინასწარ, უშეცდომოდ გათვლა შეეძლო, ეს კი პოლიტიკოსისთვის უდიდესი პლუსი და წარმატების გარანტიაა. ჯერ მარტო სტალინის „ახალი აზიური“ პოლიტიკა რად ღირდა, რამაც მსოფლიო პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა საბჭოეთის სასარგებლოდ. ანუ, საბჭოთა ბელადმა აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა ამ პოლიტიკის ცენტრად ჩინეთი. ხოლო ჩინეთის ცენტრალურ პოლიტიკურ ფიგურად კი მაო ძედუნი დააყენა. ისტორიკოსი როი მედვედევი: „სტალინს „აზიური პოლიტიკის“ გეგმის კონტურები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე ჰქონდა შემუშავებული და სწორედ, მაშინ აღმოაჩინა მაო. საბჭოეთის ხელმძღვანელი ყველანაირად ეხმარებოდა მას და ყოველმხრივ ხელს უწყობდა წინსვლაში. არც შემცდარა. ეს მშვენივრად იცოდა თავად მაომაც და სტალინს ამიტომ ეძახდა მამას. როგორც ღმერთს, უჩოქებდა და ხელზე კოცნიდა. და ამას ჩინელი დიქტატორი გულწრფელად აკეთებდა. სტალინს, ხომ, ფაქტობრივად, დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღორძინებაში, რომელიც მაომ 1949 წელს შექმნა...“

ცოტა შორიდან მოვუვლი და განზოგადებას მივმართავ: მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, ანუ როდესაც ჰიტლერმა ევროპის ოკუპაციას მიჰყო ხელი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის მთელი ევროპული სახელმწიფოების ოქროს მარაგი ოკეანის გაღმა გაზიდა და საცავებში შეინახა. ამერიკა ევროპული სახელმწიფოების მთავრობებს ჰიტლერული ოკუპაციითა და ოქროს მარაგის დაკარგვით აშინებდა, რაც რეალური იყო. ასე აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელი ევროპის ოქრო, გარდა დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირისა. ამერიკაში აღმოჩნდა, აგრეთვე, ჩინეთის ოქროს მთელი მარაგიც. ასე რომ, 1939 წლისთვის მსოფლიოში არსებული ოქროს 80 პროცენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბინავდა. აქედან ჩინური ოქროს წილი 2 500 ტონა იყო. ერთი სიტყვით, ამერიკას თავის საცავებში 13 ათასი ტონა ოქრო ჰქონდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი ეს მარაგი გაორმაგდა და 26 ათას ტონას მიაღწია, დამარცხებული გერმანიისა და იაპონიის ოქროს მარაგების მეშვეობით, რადგან შტატებმა ამ ქვეყნებიდან სასწრაფო და ყაჩაღური წესით გაზიდა ეს ძვირფასი ლითონი... ვლადიმერ ცვეტოვი (აღმოსავლეთმცოდნე): „მაო ძედუნი რომ სტალინის დიდი დახმარების შედეგად ჩინეთის მეთაური გახდა, ამ უძველესი ქვეყნის ხაზინა ნულზე იჯდა და ქვეყანა გაპარტახებული იყო. მართალია, ჩინელებს საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ჯერ ერთი, რომ ჩვენც (საბჭოთა კავშირი) ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ჩინეთი უზარმაზარი ქვეყანა იყო მოსახლეობით და მათ გამოკვებას, პირველ რიგში, დიდი სახსრები სჭირდებოდა. 1950 წლის დასაწყისში მაომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და პირადად პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს მიმართა, რომ ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილი ოქროს მარაგი დაებრუნებინათ. მაგრამ მტკიცე და ცივი უარი მიიღეს. პასუხი ასე ჟღერდა: ჩვენ კანონიერმა ჩინურმა მთავრობამ მოგვაბარა ეს ოქრო. თქვენ კი გადატრიალების გზით ხართ ხელისუფლებაში და როდესაც კანონიერი ხელისუფლება დაბრუნდება, ოქროსაც მაშინ დავაბრუნებთო.

ამის შემდეგ მაომ დახმარებისთვის სტალინს მიმართა. საბჭოთა ბელადმა კი უკვე გაგანია „ცივი ომის“ დროს ამერიკელებს ხმა მიაწვდინა – ჩინელებს ატომურ ტექნოლოგიებს გადავცემთ და თავი იტეხეთო. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, დიდი ბრიტანეთი აამოქმედა, რათა ზეწოლა განეხორციელებინა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. საქმე კი ის იყო, რომ სტალინს ბრიტანეთისთვის ეტაპობრივად 100 ტონა ოქრო უნდა გადაეცა, რომელიც იმ დახმარების საფასური იყო, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელებმა საბჭოთა კავშირს გაუწიეს. ანუ სტალინმა მათ უთხრა, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ოქროს არ დაუბრუნებდა, მაშინ ბრიტანული 100 ტონა ოქრო ჩინეთში წავიდოდა. ბრიტანეთმა ამერიკის შეერთებული შტატები ოქროს დაბრუნებაზე დაითანხმა და 1950 წლის მიწურულს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს 1 125 ტონა ოქრო დაუბრუნა. თან, ვალდებულება აიღო, რომ მომდევნო 3 წელიწადშიც დანარჩენსაც მისცემდა. და ეს იყო ჩინეთის აღორძინების დასაწყისი, რასაც სტალინმა ჩაუყარა საფუძველი...“

სტალინის ამ სვლებმა დიდი წარმატება მოუტანა ჩინელებს. თუმცა, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა დანარჩენი ჩინური ოქროს დაბრუნებაზე. ხოლო ბრიტანეთმა კი ხრუშჩოვს 100 ტონა ოქრო მიაცემინა, რასაც სტალინი არ აპირებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი