ბელადები

როგორ ამოაგდო სტალინმა ფრანგული პოლიტიკა დასავლური ჩარჩოებიდან

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.06, 2022 წელი

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი რომ შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და ყველაზე „რთულ თამაშში“ მრავალი სვლის წინასწარ გათვლა შეეძლო, ამას წყალი არ გაუვა. აი, სწორედ ამიტომ გამოდიოდა საბჭოთა ბელადი ყოველთვის გამარჯვებული დიდ პოლიტიკაში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „საყოველთაოდაა აღიარებული, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი და რთული თამაში პოლიტიკაა. მასში გაერთიანებულია ყველაფერი და იქ რომ გაიმარჯვო (ყოველ შემთხვევაში, რომ არ დამარცხდე), ძალიან ძლიერი უნდა იყო. კაცობრიობის ისტორიაში არც თუ ისე ბევრია დაუმარცხებელი პოლიტიკოსი. ხოლო გამარჯვებული კი ერთადერთია და მისი სახელია იოსებ სტალინი. დიახ, მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას და ჩემი დასკვნა სტალინისა და მსოფლიო ისტორიის დეტალური შესწავლიდან გამომდინარეობს. ეს იყო პარალელური პროცესი, რომელსაც იოსებ სტალინი წარმატებით წარმართავდა და მსოფლიო პოლიტიკაში სტალინის გარდაცვალების მერეც ბევრი რამ სტალინური სცენარით მიმდინარეობდა. ამის თვალნათელი დასტურია საფრანგეთი, მისი ომის შემდგომი პოლიტიკა, პირველ რიგში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში“.

სტალინის ბიოგრაფი გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი ტყუილად არ ახსენებს საფრანგეთსა და მის პოლიტიკას სტალინთან დაკავშირებით, რადგან სწორედ საბჭოთა ბელადს აქვს ლომის წილი ომის შემდგომი საფრანგეთის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და წარმართვაში. საქმე ისაა, რომ მართალია, გენერალი შარლ დე გოლი მხოლოდ სტალინის გარდაცვალების მერე გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი, მაგრამ მან მხოლოდ ის პოსტი დაიკავა, რომელიც ეკუთვნოდა. პრინციპში კი მთელი ომის შემდგომი პერიოდის ფრანგული პოლიტიკა სწორედ დე გოლის უდიდესი გავლენით ხორციელდებოდა და „დიადი საფრანგეთის“ ლოზუნგს ატარებდა. ეს იდეა კი სახელოვან ფრანგ გენერალს სტალინმა გაუღვივა. საბჭოთა ბელადმა ჯერ კიდევ ომის მიმდინარეობისას მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა შარლ დე გოლი და ეს დედისადმი მიწერილ წერილში იყო ასახული. დე გოლი დედას სწერდა: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს. საფრანგეთმა კი სწორედ რუსეთთან უნდა შეკრას კავშირი“. იმ პერიოდში ოფიციალური ფრანგული სახელმწიფო ჰიტლერის სატელიტი იყო. დე გოლმა კი შექმნა წინააღმდეგობის მოძრაობა – „მებრძოლი საფრანგეთი“. მას შტაბ-ბინები ჰქონდა ლონდონსა და ალჟირში. სტალინმა გამოიცნო რა ფრანგი გენერლის მისწრაფებები და მიზნები, მასთან კონტაქტი დაამყარა და ალჟირში გამოცდილი მზვერავი ივანე აღაიანცი მიავლინა. სწორედ აღაიანცმა „გაჭრა“ ეს ხაზი და 1944 წლის 10 დეკემბერს ფრანგი გენერალი მოსკოვში სტალინს შეხვდა. მათ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და სტალინის პოლიტიკური კომბინაცია ახალ ფაზაში გადავიდა. ანუ, სტალინმა, დე გოლის მეშვეობით, საფრანგეთი, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის საპირწონე გახადა, წარმოუჩინა რა ფრანგ გენერალს „დიადი საფრანგეთის“ შექმნის პერსპექტივა რეალურად. არადა, შესაძლებელი იყო, საფრანგეთი ისევე დასჯილიყო ჰიტლერის ხელშეწყობისთვის, როგორც სხვა ქვეყნები. ნიურნბერგის პროცესზე კი საფრანგეთი მეოთხე ბრალმდებლის როლში გამოვიდა და ეს მხოლოდ და მხოლოდ სტალინის ერთპიროვნული დამსახურება იყო. როდესაც 9 მაისს ბერლინში ფაშისტებმა ხელი მოაწერეს უსიტყვო კაპიტულაციას, მათ საბჭოთა, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად; კაპიტულაციის მიმღებებად ფრანგებიც იხილეს და კეიტელმა სარკაზმით თქვა ფრანგებზე – ამათმაც დაგვამარცხესო?

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი უზადო ფსიქოლოგი იყო და აბსოლუტურად სწორად ჩასწვდა დე გოლის ფიქრებს. ამიტომ ერთი მხრივ, დე გოლის პიროვნული თვისებების დადებითი შეფასებითა და მეორე მხრივ, სწორედ მისი სახელით (დე გოლს ვეხმარებიო) საფრანგეთისთვის დახმარების გაწევით, საბჭოთა ბელადმა საფრანგეთი, ფაქტობრივად, გვერდით დაიყენა. შედეგად კი საფრანგეთმა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, პირველ რიგში ევროპაში, რაც საბჭოეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. ფრანგები დე გოლის იდეას ახორციელებდნენ, „დიად საფრანგეთს“ აშენებდნენ და ერთიანი „დასავლური პოლიტიკის“ ჩარჩოდან ამოვარდნენ, რითაც დიდად დააზარალეს ბრიტანო-ამერიკული გეგმები და ეს სტალინის დამსახურებაა.“

სხვათა შორის, ფრანგული პოლიტიკა დღემდე ლოიალურია რუსეთის მიმართ და ამ ქვეყნებს შორის, ფაქტობრივად, მცირეოდენ პოლიტიკურ გამწვავებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ამ ტენდენციას კი სტალინმა ჩაუყარა საფუძველი.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი