ბელადები

რატომ ვერ იხსნა სტალინმა პირველი მეუღლე სიკვდილისგან

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.01, 2021 წელი

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

  იოსებ სტალინის იდეურობასა და პარტიულ ფულთან უმკაცრეს დამოკიდებულებაზე ჯერ კიდევ მისი იატაკქვეშელობის პერიოდში დადიოდა ლეგენდები და ამას მისი დაუძინებელი მტრებიც კი ცალსახად აღიარებდნენ... 

ისტორიკოს-პუბლიცისტი მარლენ პეტრაკოვიჩი წერს: „თავად ლევ ტროცკი, ის ადამიანი, ვინც სტალინს უამრავი ცილი დასწამა, ვერ გაექცა ამას და წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინს მუდამ დიდი თანხები ჰქონდა გადამალული (ის პარტიულ სალაროს ინახავდა), „კობა“ მუდამ ნახევრადმშიერი, ცუდად ჩაცმული დადიოდა და ჭირიანივით გამოიყურებოდა. მის გამხდარ და ძალიან მოძრავ სხეულს აბოლოებდა გაფითრებული, ლოყებჩაცვენილი და ნაყვავილარი სახე და მხოლოდ მისი მრისხანე თვალები გატყობინებდნენ, რომ მასთან კონფლიქტი და კონფრონტაცია დიდ ზიანს მოგიტანდათ...“
ტროცკი სტალინის შეფასების ამ ნაწილში აბსოლუტურად მართალია. თვითონ ჟანდარმერიისა თუ „ოხრანკის“ აგენტებსაც კი შიშის ზარს სცემდა სტალინთან პირისპირ შეყრა, მაშინაც კი, როდესაც „კობა“ ხელბორკილდადებული წინ ეჯდათ და უნდა დაეკითხათ. მათ იცოდნენ, რომ ის იყო მოუსყიდავი, გაუტეხელი და დარწმუნებული იყვნენ, რომ მისგან დანდობა არ ექნებოდათ. სტალინის მდევნელებს ეს რწმენა განსაკუთრებით მას მერე გაუმყარდათ, როდესაც სტალინს პირველი მეუღლე გარდაეცვალა...
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „1907 წლის 5 დეკემბერს სტალინს ახალგაზრდა, ულამაზესი მეუღლე, ეკატერინე სვანიძე მუცლის ტიფით გარდაეცვალა. კატო, როგორც მას ეძახდნენ, 22 წლის იყო და სტალინს ის ძალიან უყვარდა. იატაკქვეშელი „კობა“ იმ პერიოდში არა მარტო იმპერიულ, არამედ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. იმიტომ, რომ იმავე წლის 26 ივნისს, თბილისში, ერევნის მოედანზე ბოლშევიკებმა ბანკის ეტლი გაძარცვეს და 300 ათასი ოქროს ფული გაიტაცეს (ამჟამინდელი კურსით, ეს თანხა 8 მილიონი ამერიკული დოლარია). ორგანიზატორთა და მონაწილეთა შორის „კობაც“ სახელდებოდა და მას ამიტომ ეძებდნენ. ნაძარცვი ფულის მესამედი – 100 ათასი მანეთი კამომ ევროპაში წაიღო გადასახურდავებლად. მეორე ნაწილი – I00 ათასი მანეთი მაქსიმ ლიტვინოვმა ლონდონში ჩაიტანა იმავე მიზნით. მესამე ნაწილი – 100 ათასი მანეთი კი „კობას“ ჰქონდა გადამალული მთაწმინდის კონსპირაციული ბინის საიდუმლო სამალავში... მუცლის ტიფი იმ პერიოდში უმძიმესი დაავადება იყო. თუმცა, ევროპაში – გერმანიასა და შვეიცარიაში, მას ჰკურნავდნენ და ეს მკურნალობა 5-7 ათასი მანეთი ჯდებოდა. როცა კატო სვანიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ შეიტყვეს, თანამებროძლები „კობას“ დაჟინებით სთხოვდნენ, რომ ცოლი სამკურნალოდ წაეყვანა და ფული პარტიული სალაროდან აეღო, მაგრამ ის კატეგორიულ უარზე იდგა. იცოდნენ რა, რაოდენ დიდ პატივს სცემდა კობა ლენინს, ფილიპე მახარაძემ, კრასინმა და ბოგდანოვმა რევოლუციის ბელადს მიმართეს თხოვნით. ლენინმა ჟენევიდან წერილი გამოუგზავნა სტალინს, რომელშიც წერდა, რომ პარტიული სალაროდან აეღო იმდენი ფული, რაც მკურნალობისთვის იქნებოდა აუცილებელი. წერილი ჟენევიდან თბილისში 6 დეკემბერს ფილიპე მახარაძემ ჩამოიტანა, მაგრამ ქალი წინა დღის გარდაცვლილი იყო და მეორე დღეს დაკრძალეს. ეს ამბავი მალევე გახდა ცნობილი სტალინის მდევნელებისთვის და რამაც მათ „კობასადმი“ შიში გაუასმაგა...“
მოგვიანებით, როდესაც სტალინი უკვე საბჭოთა კავშირის მეთაური გახდა, მოსკოვში მას უფროსმა ვაჟმა იაკობმა ჩააკითხა, რომელიც სწორედ კატო სვანიძისგან ჰყავდა. იაკობი ნიჭიერი მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანი იყო და მამასთან ხშირად მოსდიოდა კამათი. არცთუ ისე იშვიათად ეს კამათი მწვავე დაპირისპირებებში გადაიზრდებოდა ხოლმე, მაგრამ სტალინი ყოველთვის თავისი „რკინის ლოგიკით“ უკან ახევინებდა ვაჟს. ერთ-ერთი ასეთი ცხარე კამათის დროს იაკობს მამისთვის მიუხლია:
– რომ არა შენი ასეთი უაზრო პრინციპულობა, დედაჩემს სიკვდილისგან იხსნიდი და ის დღესაც ცოცხალი იქნებოდაო.
სტალინს შეუხედავს ვაჟისთვის და მშვიდად უთქვამს:
– ვერ ვიხსნიდი. მკურნალობას ძალიან ბევრი ფული სჭირდებოდა, მე კი თანხები არ გამაჩნდა. სამალავში პარტიული სალარო მედო, მაგრამ მისთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა.
მამის პასუხმა ისე გააცოფა იაკობი, რომ იღრიალა:
– შენ არც შვილებს დაინდობ და ყველას გაგვწირავ!
სტალინმა ისევ მშვიდად უპასუხა იაკობს:
– თუკი ერთ მხარეს ქვეყნის ინტერესები დადგა და მეორე მხარეს კი ჩემი პირადი, ქვეყნის ინტერესები გადასწონისო.
იაკობი უხმოდ გაეცალა მამამისს. სტალინს კი ტყუილი არ უთქვამს. როდესაც ფაშისტებმა ბელადს შვილის სანაცვლოდ თავიანთი მხედართმთავარი მოსთხოვეს, მან კატეგორიული უარი განაცხადა.
მავანმა ამ ისტორიებს შესაძლოა, ათასგვარი კუდი მოაბას და სტალინს უამრავი რამ დასწამონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მილიონობით საბჭოთა მოქალაქის საკეთილდღეოდ სტალინმა არა მარტო უახლოესი ადამიანები გაიმეტა სასიკვდილოდ, არამედ საკუთარი თავიც ზვარაკად შესწირა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი