ბელადები

რატომ უნდოდა „ნატოში“ გაწევრიანება სტალინს

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.04

სტალინი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი კომუნისტი იყო და კაპიტალიზმის იდეური მოწინააღმდეგე, პირველ რიგში, ის გლობალური მშვიდობისკენ მიისწრაფოდა და ამ მიზნის მისაღწევად მზად იყო, იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებთანაც კი ეთანამშრომლა.

არსენ მარტიროსიანი: „იდეურ მოწინააღმდეგეებთან ან, სულაც, მტრებთან თანამშრომლობა და მოკავშირეობა სტალინისთვის უცხო არ ყოფილა. გავიხსენოთ მისი ჰიტლერთან ურთიერთობა და ანგლო-ამერიკელებთან მოკავშირეობა. თუმცა, მოწინააღმდეგეებთან ეს დამოკიდებულება ისტორიის კონკრეტულ პერიოდში ძალიან კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. ჰიტლერთან კავშირი სტალინს ომისთვის მოსამზადებლად სჭირდებოდა. ანგლო-ამერიკელებთან მოკავშირეობა კი – ჰიტლერის დასამარცხებლად. და საბჭოთა ბელაედმა, ფაქტობრივად, ორივე ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. მართალია, ანგლო-ამერიკელებთან მოკავშირეობა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალევე დასრულდა, თუმცა, ეს სტალინის ძალისხმევით არ მომხდარა. ამაში მთავარი წვლილი ყოფილ მოკავშირეებს მიუძღოდათ და ისინი მოქმედების მეორე ეტაპზე გადავიდნენ.“

ამერიკელებს, ბრიტანელების სრული მხარდაჭერით, მკაცრად ჩამოყალიბებული ვერაგული გეგმა ჰქონდათ. მათ საბჭოთა კავშირის დანგრევა სურდათ. ამისთვის კი დიდი ომის გაჩაღება იყო საჭირო. ამიტომ გადაწყდა გერმანიის საბჭოეთთან დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, იპოვეს მათ ჰიტლერი. გააძლიერეს, ძალაუფლება მისცეს და საბჭოეთზე გამოუშვეს. ანუ, მეორე მსოფლიო ომი გააჩაღეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ ომით ევროპას დაასუსტებდნენ (გარდა დიდი ბრიტანეთისა), გერმანიასა და საბჭოთა კავშირს კი მიწასთან გაასწორებდნენ და ევროპაში სრულ კონტროლს მოიპოვებდნენ და რაც მთავარია, საბჭოთა კავშირს დაშლიდნენ. ყოველ შემთხვევაში, თუ საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა, ისე იქნებოდა ომისგან გაცამტვერებული, რომ დასავლეთის ნებისმიერ მოთხოვნას უპირობოდ შეასრულებდა. ამ ვარაუდს ისიც ამყარებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც ატომური ბომბი ჰქონდა და მსოფლიოსთვის რომ საკუთარი სიძლიერე ეჩვენებინა, ეს ბარბაროსული იარაღი იაპონიაში გამოიყენა.

არსენ მარტიროსიანი: „ანგლო-ამერიკელების გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. გერმანია სრულიად განადგურდა. ევროპის დიდი ნაწილი ნანგრევებში იწვა. საბჭოთა კავშირმა კოლოსალური ზარალი განიცადა, მაგრამ არ დაშლილა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ საბჭოთა ბელადმა ევროპის დიდი ნაწილი თავისი „ქოლგის ქვეშ“ მოაქცია და განადგურებული ქვეყნის კოსმოსური ტემპებით აღდგენა დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა „ცივი ომი“. დასავლეთს საბაბი სჭირდებოდა საბჭოთა კავშირზე გასალაშქრებლად. მაგრამ სტალინის პრინციპულმა და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ ეს არ დაუშვა. ამასობაში პირველი საბჭოთა ატომური ბომბიც გამზადდა და ამერიკელები შოკში იყვნენ. თუმცა, სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავდნენ და ერთ-ერთი ღონისძიება „ნატოს“ შექმნა იყო. თუმცა, არც აქ აჰყოლია სტალინი პროვოკაციას. მან პრეზიდენტ ტრუმენს შესთავაზა, საბჭოეთიც მიეღოთ ამ ორგანიზაციაში და ერთად დაეცვათ გლობალური მშვიდობა. თუმცა, უარი მიიღო და რა თქმა უნდა, სტალინი ამ უარს ელოდებოდა. სამაგიეროდ, პოლიტიკურად მოგებული დარჩა. ამით საბჭოთა ბელადმა მსოფლიოს უჩვენა დასავლეთის ჭეშმარიტი სახე და გააქარწყლა მითი გლობალური მშვიდობის დაცვის შესახებ. უკვე აშკარა იყო, რომ „ნატო“ არა მშვიდობის დასაცავად, არამედ საბჭოთა კავშირზე გასალაშქრებლად იყო შექმნილი.“

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ „ნატოში“ უკვე ოფიციალური განაცხადი შეიტანა გაწევრიანების თაობაზე. ანუ, სტალინის არაოფიციალური სვლა ოფიციალურად გაიმეორა. და, რა თქმა უნდა, ოფიციალური უარიც მიიღო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი პოლიტიკური მანევრების დიდოსტატი იყო და წაგებიან სვლებს არასდროს აკეთებდა. ომის შემდგომ, როდესაც გერმანიის მოწყობის საკითხი წყდებოდა, სტალინმა წინადადება წამოაყენა, რომ გერმანიის სრული დეოკუპაცია მომხდარიყო და ოთხი საოკუპაციო ზონა გაეუქმებინათ. ყველას თავისი ჯარი გაეყვანა და გერმანია ერთიანი დარჩენილიყო, მაგრამ იმ პირობით, რომ გერმანია არცერთ სამხედრო კავშირში არ გაწევრიანდებოდა, არავინ ჩაერეოდა მის საქმეებში და დამოუკიდებლად აირჩევდა განვითარების გზას. ეს სავსებით ცივილიზებული და მისაღები წინადადება იყო. მაგრამ, დასავლეთს ეშინოდა, რომ სტალინი მოახერხებდა ერთიანი გერმანიის თავის ორბიტაში მოქცევას და უარი განაცხადეს. ეს კი გერმანიის გაყოფას ნიშნავდა და ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ დასავლეთი იყო. ესეც სტალინის წაუგებელი სვლა იყო და დასავლეთი ტყუილად როდი შიშობდა, რომ გერმანიას დაკარგავდა. სტალინს გერმანიაში ძალიან გავლენიანი, ქმედითი აგენტურულ-პოლიტიკური ქსელი ჰქონდა და სავსებით რეალური იყო მთელი გერმანიის ხელში ჩაგდება. ამიტომ, მთლიანის დაკარგვას დასავლეთმა ნახევრის შენარჩუნება ამჯობინა. ასე დაიყო ეს ქვეყანა ორ ნაწილად. ამით კი საბჭოთა ბლოკს მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი