ბელადები

რატომ დაადო ტაბუ სტალინმა ლენინის ცხოვრების ბნელ მხარეებს

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.04, 2021 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი რომ უმკაცრესი მმართველი იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ისიც უტყუარი ფაქტია, რომ სტალინის სიმკაცრე გადაუდებელი აუცილებლობიდან მომდინარეობდა და მას, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა... 

ისტორიისა და ფილოსოფიის დოქტორი, ბენიამინ შპაკი წერს: „სტალინი თავისი ნატურით იდეალისტი იყო, თუმცა მას გადამეტებულ პრაქტიკოსსაც კი უწოდებენ. აქ თავი მოიყარა ორმა ურთიერთსაწინააღმდეგო სუბსტანციამ. ერთი მხრივ, სტალინი, რომელმაც ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დაისახა ჩაგრული, უპოვარი ადამიანების დახმარება და მათი მჩაგვრელებისგან გათავისუფლება, სიცოცხლის ბოლომდე მაინც იდეალისტად დარჩა და სჯეროდა, რომ დედამიწაზე საბოლოოდ, სწორედ, ეს იდეა გაიმარჯვებდა. თუმცა, მეორე მხრივ, უკვე მმართველი სტალინი პოლიტიკაში ისეთ წვეტიან, ერთი შეხედვით, გადაულახავ ბარიერებს წააწყდა, იძულებული იყო, ულმობელი პრაქტიკოსი გამხდარიყო, რომ ამ ბარიერთა უმეტესობა გადაელახა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ამბობდა: „სტალინს რომ სიმკაცრე, ზოგ შემთხვევაში კი სისასტიკე არ გამოეჩინა, ის სახელმწიფოს მშენებლობაში ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდა. სტალინმა თავისი ქმედებები სწორი იდეოლოგიური კონცეფციით შეფუთა და მას ლენინიზმი უწოდა, რამაც გაამართლა და ათეული მილიონი ადამიანი სწორი იდეოლოგიური დროშის ქვეშ დარაზმა.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი სტალინის ქმედებებს, ანუ ტოტალური ლენინიზაციის პროცესს, თავშეკავებული ფრაზებით აღწერს. ჩვენ კი ბევრად უფრო პირდაპირები ვიყოთ და ვთქვათ, რომ სტალინმა ლენინი კომუნისტურ წმინდანად, ღმერთად აქცია და მას ეს ხალხის მასების დასარაზმავად სჭირდებოდა.

თავად ცოცხალმა ლენინმა იმდენი მოახერხა, რომ უამრავ ადამიანს ჭეშმარიტი ღმერთი დააგმობინა, მათ შორის, მორწმუნეებსაც. სტალინმა კი, იცოდა რა მასის ფსიქოლოგია, კონკრეტულად კი „ბუნტარული“ რუსული მასისა, მათ ლენინი გაუხადა სათაყვანებლად და უზარმაზარი, უძლიერესი სახელმწიფო ააშენებინა. თუმცა სტალინმა ყველაზე უკეთ იცოდა ჭეშმარიტი ღმერთის არსიცა და უშრეტი ძალაც. მაგრამ ისტორიის ჩარხი იმ დროს ისე სწრაფად ტრიალებდა, მას რომ პირდაპირ ჭეშმარიტ ღმერთთან დასაბრუნებელი ქმედებები დაეწყო, ყველაფერი კრახით დასრულდებოდა...

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „სემინარისტმა სტალინმა აბსოლუტურად სწორი სტრატეგია აირჩია. მას არ დაუწყია ოციან წლებში ლენინის მიერ განადგურებული ეკლესიის აღდგენა (სტალინმა ეს მოგვიანებით განახორციელა), არამედ ლენინის გაწმინდანებას მიჰყო ხელი და ხალხს უცოდველ კრავად წარუდგინა, რადგან იცოდა, რომ რუს „მუჟიკს“ ახალი კერპი (მაგრამ „წმინდანი“) სჭირდებოდა. ეს მას რწმენას მისცემდა და სახელმწიფოს მშენებლობის ფერხულში ჩააბამდა. ერთი სიტყვით, ბელადმა „ათიანში გაარტყა“ და დიდად გაუმართლა კიდეც...“

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სტალინმა ლენინის მოღვაწეობის ყველა ბნელ მხარეს ტაბუ დაადო, მათი აფიშირება სასტიკად აკრძალა. არადა, ოქტომბრის რევოლუციის ბელადს ასეთი ბნელი მხარეები უხვად ჰქონდა. მარტო ის რად ღირს, რომ ოქტომბრის რევოლუცია ლენინმა გერმანული ფულით მოახდინა. გერმანია კი არა მარტო რუსეთის მტერი იყო, არამედ იმ პერიოდში მასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ლენინი რეგულარულად იღებდა მსხვილ ფინანსურ მხარდაჭერას გერმანიის სამხედრო დაზვერვისგან. სტალინმა ეს კარგად უწყოდა. იცოდა ისიც, რომ გერმანულ არქივებში ლენინზე მყარი კომპრომატები ჰქონდათ. ამიტომ, „წმინდანი“ რომ ჯაშუშობაში არ ყოფილიყო მხილებული, სტალინმა „ჩეკას“ ამ კომპრომატის მოპოვება ან, უკიდურეს შემთხვევაში, განადგურება დაავალა. „ჩეკისტებმა“ ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს.

გარდა ამისა, „წმინდანი“ ვერ იქნებოდა მრუში ან თუნდაც ავადმყოფი. არადა, ლენინის ავადმყოფობის ისტორიასა და გარდაცვალების დასკვნაში ეწერა, რომ „ილიჩი“ სიფილისით იყო დაავადებული. ამ საბუთს 17 ცნობილი ექიმი აწერდა ხელს და მათ შორის ნახევარზე მეტი გერმანელი იყო. სტალინი პირადად შეხვდა ექიმებს და სთხოვა, რომ სიფილისის დიაგნოზის შესახებ არავისთვის არასოდეს ეთქვათ. სტალინს გაუთქმელობის პირობა მისცეს. მათ შორის იყო ექიმი, გვარად ფერსტერიც. თუმცა, სტალინს ინტუიციამ უკარნახა, რომ ფერსტერს შესაძლოა, დაერღვია პირობა და გაეთქვა საიდუმლო. ამიტომ „რკინის ფელიქსს“ („ჩეკას“ უფროსი ფელიქს ძერჟინსკი) დაავალა, რომ ფერსტერი შეეშინებინა...

ერთი სიტყვით, ლენინის კულტის დამკვიდრების აპოთეოზი იყო ის, რომ მავზოლეუმში მწოლიარე „ილიჩი“ მხოლოდ მძინარეს ჰგავდა, რომელიც როდის გაიღვიძებდა, არავინ უწყოდა და ათეულობით მილიონი ადამიანი თაყვანს სცემდა მას. ეს კი ძალებსა და რწმენას მატებდა ადამიანებს და შედეგიც სახეზე იყო.

სტალინის წინამძღოლობით მათ ისეთი მძლავრი ინდუსტრიულ-სამხედრო სახელმწიფო ააშენეს, რომლის ანალოგიაც დღემდე არ მოიძებნება. სხვათა შორის, პატრიარქ კირილს სტალინმა პირისპირ შეხვედრისას უთხრა: მეუფეო, არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი და – კერპი. კერპი მავზოლეუმში განისვენებს, ჭეშმარიტი ღმერთი კი ისაა, ვისიც ჩვენ გვწამსო. სხვათა შორის, მეუფე კირილი თავის ცნობილ ქადაგებებში, რომელსაც ათასობით ქრისტიანი ისმენდა, მათ შორის ჯაშუშებიც, სტალინს ჭეშმარიტ მორწმუნედ და მართალმადიდებლური ქრისტიანობის ერთ-ერთ ბურჯად მოიხსენიებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი