ბელადები

რა ოპერაცია ჩაატარა საბჭოთა დაზვერვამ ბერიას ბრძანებით გერმანიაში 1939 წელს

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.07, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია ხრუშჩოვისეულმა პროპაგანდამ ურჩხულად წარმოაჩინა, ირკვევა, რომ ძირითადად ეს შავი ფიარია და ნამდვილი ურჩხულები თავად იმ ხალხში უნდა ვეძიოთ, ვინც ბერია მუხანათურად მოკლა.

ისტორიის დოქტორი პავლე დორენკო წერს: „ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ 1939 წლის დასაწყისში საბჭოთა უშიშროებამ მოსკოვში დააპატიმრა ჯგუფი, რომელსაც 100 ლიტრი მომწამლავი გაზი ჰქონდა. ეს ნივთიერება ნახევარლიტრიან კონტეინერებში იყო ჩატუმბული. დაპატიმრებულები ადგილობრივები იყვნენ. ისინი სხვადასხვა საბჭოთა უწყებაში მუშაობდნენ და გერმანიის დაზვერვას ემსახურებოდნენ. ჩატარდა სწრაფი და ეფექტური გამოძიება. რვავე დაპატიმრებული საბჭოთა უშიშროებამ გადაიბარა და „ენკავედეს“ უმკაცრესი კონტროლით მოქმედებდნენ. შემოწმდა ამოღებული გაზიც და გაირკვა, რომ ეს „ახალი ხილი“ იყო. კვალიფიციურმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ 1 ლიტრ გაზს 2 კილომეტრის რადიუსში 2 ათასი ადამიანის განადგურება შეეძლო, ხოლო 100 ლიტრი კი 200 ათას ადამიანს მოუღებდა ბოლოს. თავად დაპატიმრებულები ამბობდნენ, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას წარმოადგენდა ბალონებში მოთავსებული გაზი. მათივე განცხადებით, ეს ბალონები ჯაშუშებს საიმედოდ უნდა შეენახათ. ხოლო გარკვეულ დღეს მათ რეზიდენტი დაუკავშირდებოდა და დაწვრილებით აუხსნიდა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ბერიას რომ ეს ინფორმაცია მიაწოდეს, მან ბრძანა, რომ გერმანიაში მყოფ საბჭოთა დაზვერვას გაერკვია, სად ამზადებდნენ ამ გაზს და რა რაოდენობის მარაგი გააჩნდათ ფაშისტებს. აშკარა იყო, რომ ჰიტლერული დაზვერვა ამ მომაკვდინებელი იარაღის გამოყენებას ომის წინ გეგმავდა, რომ არეულობა შეეტანა საბჭოთა ზურგში და რა თქმა უნდა, ომის დროსაც... გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიას ბრძანების სწრაფ რეალიზაციას შევუდექით და გავარკვიეთ, რომ ეს საშინელი გაზი მზადდებოდა რაინ-მაინის რეგიონში. ერთ-ერთ საქვეყნოდ ცნობილი ფირმის მიწისქვეშა, გასაიდუმლოებულ ქარხანაში (ფირმის სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან ეს ფირმა დღესდღეობითაც წამყვანია მსოფლიოში – რედაქცია). ძალიან სარისკო და შრომატევადი სამუშაოს შესრულება დაგვჭირდა, რომ ამ „ცხრაგალავანშემორტყმულ“ ქარხანაში შეგვეღწია, სადაც პატიმარი ებრაელები მუშაობდნენ. მეტიც, ჩვენ მოვახერხეთ ფოტოგადაღებებიც. როგორც გავიგეთ, ფაშისტებს ამ გაზის წარმოება ძალიან ძვირი უჯდებოდათ და სულ რაღაც 1 ტონა მარაგი ჰქონდათ. თუმცა, ის რომ საქმეში გამოეყენებინათ, 2 მილიონ ადამიანს გაანადგურებდა. ფაშისტები არ ჩქარობდნენ წარმოების გაზრდას და ეძებდნენ ახალ ტექნოლოგიურ გზებს, რომ ამ საშინელი იარაღის გამოშვება იაფი დაჯდომოდათ. სამაგიეროდ, ჩვენ გვეჩქარებოდა. ბერიას რომ მოპოვებული ინფორმაციები მაგიდაზე დავუდეთ და გაეცნო, გვითხრა:

– პირველ რიგში, ყოჩაღ, მეგობრებო! ვინც ამ ოპერაციაში იყო ჩართული, ყველას ჯილდოებზე წარვადგენ. თუმცა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს საშინელება უნდა განადგურდეს.

ერთი სიტყვით, იმდენი შევძელით, რომ „ესესელების“ ფორმაში გამოწყობილი საბჭოთა სპეცრაზმელთა ორი დანაყოფი იმ საიდუმლო ქარხანაში შევუშვით, ფაშისტების მთელი მარაგი მოვიტაცეთ და მოსკოვში ჩამოვიტანეთ. თუმცა ეს არ კმაროდა. ბერიას მკაცრი ბრძანებით, ამ საქმეში საბჭოთა ხელი არ უნდა გამოჩენილიყო. ჩვენ ორგანიზება მოვახდინეთ და ბრიტანულ, ფრანგულ, ამერიკულ და სხვა მოწინავე მსოფლიო პრესაში გამოვაქვეყნეთ ქიმიური ქარხნის ფოტოები და უმწვავესი სტატიები. რა თქმა უნდა, ეს გააკეთეს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა. ჩვენ კი მათ მხოლოდ მასალები მივაწოდეთ. იმ პერიოდში გერმანია ჯერ არ იყო უკიდურესად დაპირისპირებული ბრიტანო-ამერიკელებთან და ფრანგებთან. ამიტომ, მათი პროტესტი დიპლომატიურად უარყვეს და ქარხანაში ექსპერტები შეუშვეს, საიდანაც პატიმრებიც მოაშორეს, მავნე ნივთიერებებიც და ის ისე წარმოაჩინეს, როგორც ჩვეულებრივი ქიმიური ქარხანა...“

ჰიტლერი ცოფებს ყრიდა და ჰიმლერი „შეჯორა“ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვისა და ძვირად ღირებული გაზის სრული მარაგის დაკარგვის გამო. კატეგორიულად აკრძალა ამ გაზის წარმოება, რადგან ძალიან ძვირი ჯდებოდა. ნიშანდობლივი და მთავარი კი ამ საქმეში ის იყო, რომ მარშალი ჟუკოვი ბერლინის ოპერაციის დაწყების წინ მოითხოვდა 1 100 ლიტრი გაზის (მთელი მარაგის) გერმანულ პოზიციებზე გავრცელებას და შემდგომ კი შეტევას. ამას კი უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირებოდა. ბერიამ ჟუკოვს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და ამის გაკეთების უფლება არ მისცა, რაშიც სტალინიც დაეთანხმა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი