ბელადები

რა მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩაატარა ბერიამ 1941 წლის იანვარში

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.06, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიამ სადაზვერვო კომბინაციური უნარები განსაკუთრებით ფაშისტურ დაზვერვასთან პაექრობაში გამოამჟღავნა და საბჭოთა კავშირს დიდი სტრატეგიული უპირატესობა მოუტანა. იაკობ კედმი: „თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ იმედია, არ ვცდები, თუ ვიტყვი – ლავრენტი ბერიასნაირი დაზვერვის ხელმძღვანელი არასოდეს, არცერთ სპეცსამსახურს არ ჰყოლია და მის მიერ მოფიქრებული და ჩატარებული სპეციალური ოპერაციები დღემდე სამაგალითოა და მისაბაძი. განსაკუთრებულად დიდი დამსახურება აქვს ბერიას ფაშისტურ დაზვერვასთან ბრძოლაში, რომელიც საბჭოეთის სპეცსამსახურთან პირწმინდად დამარცხდა.“

ლავრენტი ბერია უზადო სტრატეგი იყო. ის გროსმაისტერული ოსტატობით წინასწარ თვლიდა სვლებს, ახორციელებდა კომბინაციებს და დიდ წარმატებასაც აღწევდა. ბერიას მოღვაწეობის პერიოდში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე ოპერაცია დეტალურეად არ ყოფილიყო დამუშავებული და რამდენიმე გაგრძელება არ ჰქონოდა. ამგვარად, ბერიას მიერ ორგანიზებული ყველა საქმე იდეალური იყო. მარტო ის რად ღირს, თუ როგორ მოახერხა საბჭოთა დაზვერვამ ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე თვით ვილჰელმ კანარისის ერთ-ერთი თანაშემწის, იოაჰიმ შტრაიხის მოხელთება. გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „იოაჰიმ შტრაიხი ის პიროვნება იყო, რომელიც „აბვერის“ (გერმანიის სამხედრო დაზვერვა) ევროპულ საჯაშუშო ქსელს კურატორობდა და სწორედ, მის ხელში იყო უამრავი ზესაიდუმლო ინფორმაცია. ფაშისტებთან დიდი ომი რომ გარდაუვალი იყო, ეს ბავშვისთვისაც ნათელი იყო, მით უმეტეს, ჩვენთვის, მზვერავებისთვის. ამიტომ თადარიგს ყველა მიმართულებით ვიჭერდით. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო შტრაიხის მოხელთება, რაც არც თუ ისე იოლ საქმეს წარმოადგენდა. ბერლინიდან მისი წამოყვანა თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ, საჭირო იყო შტრაიხის გამოტყუება და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობდით. სწორედ, ბერიამ აირჩია ის სამიზნედ, რადგან მის მფლობელობაში არსებული ინფორმაცია უდიდეს უპირატესობას მოგვანიჭებდა. ბერიას მითითება მოკლე და კონკრეტული იყო – შტრაიხი ისე უნდა „დაგვეთრია“, რომ ფაშისტებს ჩვენზე არ აეღოთ ეჭვი. ეს კი ბევრად რთული ამოცანა იყო. ჩვენი უწყება დიდი დატვირთვით მუშაობდა და შევიტყვეთ, რომ შტრაიხს თურქეთში სტრატეგიული „წყარო“ ჰყავდა, რომელიც მთავრობაში მსახურობდა და მას პირადად აწვდიდა ინფორმაციებს. რომ იტყვიან, ჩვენ ამ წყაროს „დავაჯექით“. მას აგენტი ქალი მივუგზავნეთ და მისი სეიფიდან საიდუმლო საბუთები მოვაპარინეთ. შემდეგ უკვე მე პირადად შევხვდი მას გადასაბირებლად და ავუხსენი, რომ ჩვენს ხელთ არსებულ საიდუმლო საბუთებს მის მიერ ფულის სანაცვლოდ მიწოდებულად გავასაღებდით, თანამშრომლობის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია შევთავაზე. მოღალეტეებს თურქეთში თავს კვეთდნენ და ჩვენს ობიექტს, სწორედ, ამისი შეეშინდა: ბოლოს კი ვუთხარი, რომ შტრაიხისთვის სტამბოლში შეხვედრა დაენიშნა, ვითომდა სტრატეგიული ინფორმაციის გადასაცემად.“

ამ ოპერაციამ სანიმუშოდ ჩაიარა. მართალია, სუდოპლატოვს არ გაუმხელია, რომ თურქი „წყარო“ და შტრაიხი ერთად მოიტაცეს სტამბოლიდან და მოსკოვში ჩაიყვანეს. საქმე ის იყო, რომ თურქს ხელშეუხებლობა აღუთქვეს, მაგრამ ოპერაციით სულ სხვა რამ იყო გათვალისწინებული. „აბვერი“ რომ ცრუ კვალზე გაეშვათ, თურქის მოტაცებაც ამიტომ გახდა საჭირო. როდესაც ფაშისტებმა გაუჩინარებული შტრაიხი მოიკითხეს და აღმოაჩინეს, რომ მასთან ერთად არც მისი „წყარო“ ჩანდა, იფიქრეს – ორივე თურქეთის სპეცსამსახურმა გააქროო და ამ პრეტენზიით მიმართეს თურქებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამ დროს კი შტრაიხს „ლუბიანკაზე“ ამუშავებდნენ და მისგან უძვირფასესი ინფორმაციები „ამოქაჩეს“. მისმა „წყარომ“ „ლუბიანკაზე“ დაასრულა სიცოცხლე. როგორც 1966 წელს გახდა ცნობილი, მას ინსულტი დაემართა. შტრაიხი კი 1949 წელს გაათავისუფლეს. თუმცა მან გერმანიაში დაბრუნება არ ისურვა. საბჭოთა მთავრობას საბჭოეთში დარჩენა სთხოვა და მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. ის უშიშროების კონსულტანტად მუშაობდა და 1970 წელს გარდაიცვალა. პავლე სუდოპლატოვი: „შტრაიხისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით ჩვენ ფაშისტების საჯაშუშო ქსელის არა ერთი რეზიდენტურა გავშიფრეთ. მათი უმრავლესობის გადაბირება მოვახერხეთ და ისინი მთელი ომისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში გვაწვდიდნენ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს. ზოგიერთი აგენტის განეიტრალებაც მოგვიწია და ესეც საქმეს წაადგა. მთლიანობაში კი ჩვენმა უწყებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ამის შემოქმედი ცალსახად ბერია იყო“.

სუდოპლატოვი ლიკვიდაციას ახსენებს და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პირადად ბერია კატეგორიული წინააღმდეგი იყო უკიდურესი ზომებისა და მსგავს შემთხვევებს მისი ხელქვეითები მხოლოდ და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართავდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი