ბელადები

რა კონცეფცია შეიმუშავა ბერიამ, რითაც დღემდე სარგებლობენ მსოფლიოში

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 25.07, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია რომ გენიალური ინოვატორი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამას წყალი არ გაუვა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ, მის მიერაა მოფიქრებული ის ინოვაციური კონცეფციები, რამაც საბჭოეთს დიდი უპირატესობა მისცა მეორე მსოფლიო ომში, ფაშისტებს კი შიშის ზარს სცემდა. პუბლიცისტი პეტრე ხარიტონოვი წერს: „რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, კამიკაძეების სრულყოფილი ინსტიტუტი ლავრენტი ბერიას მიერაა შექმნილი და ეს უცილობელი ფაქტია. 

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური კამიკაძეები იაპონური ფენომენია და ის ჯერ კიდევ შორეულ საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ბერიას მიერ შექმნილი კამიკაძეების საბჭოთა ინსტიტუტი ბევრად უფრო სრულყოფილი და იდეურად დახვეწილი იყო. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მე საბჭოთა დაზვერვის საგარეო განყოფილებაში ვმსახურობდი და საზღვარგარეთ სპეცოპერაციების ჩატარება მევალებოდა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, მე და ჩემი ხელქვეითები საბჭოთა კავშირის მტრებს ვხოცავდით უცხოეთში. ეს პრაქტიკა „ენკავედეში“ ჯერ კიდევ ბერიას მოსვლამდე იყო დანერგილი. ჩვენს ანგარიშზე არაერთი ასეთი საქმე ინახებოდა. მაგალითად, გენერლების კონოვალეცისა და კუტიპოვის ლიკვიდაცია. თუმცა, ბერიამ ეს საქმე ხელოვნების დონეზე აიყვანა და კლასიკურ ლიკვიდაციას კამიკაძეების ინსტიტუტიც დაამატა.

ანუ ადრე „შეკვეთილ ობიექტს“ მოკლავდა თუ ვერა, შემსრულებელი, ცოცხალი უნდა დარჩენილიყო, ბერიას „კამიკაძის კონცეფციით“ კი მსხვერპლი აუცილებლად უნდა მომკვდარიყო, თუნდაც თვით შემსრულებლის სიცოცხლის ფასადაც კი და ეს კონცეფცია ასი პროცენტით მოქმედებდა. ამის „პირველი მერცხალი“, ანუ პირველი საქმე იყო ლევ ტროცკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორმა რამინ მერკადერმა, როგორც ცნობილია, ტროცკი ალპინისტის წერაქვით მისსავე სახლში გამოასალმა სიცოცხლეს. ეს კი კამიკაძეობის კლასიკური მაგალითი იყო. თუმცა მერკადერს გაუმართლა და როდესაც ტროცკის ყვირილზე კაბინეტში დაცვა შეიჭრა, მათ მერკადერი, უბრალოდ, შეიპყრეს და არ მოკლეს...“

მოგვიანებით, ბერიასეული კამიკაძეების კონცეფცია პალესტინელებმა გადაიღეს, დღემდე იყენებენ და საკმაოდ ეფექტურადაც მოქმედებენ. თუმცა, ისაა საკითხავი, საჭიროებისთვის იყენებენ თუ არა მას და რამდენად სამართლიანები არიან ისინი. ბერიამ კი თავისი ეს კონცეფცია თავიდან ბოლომდე აუცილებლობასა და სამართლიანობის პრინციპებზე ააგო (პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, ფაშისტების განადგურება) და სრულად გაამართლა კიდეც. სწორედ, ამ კონცეფციის პრინციპებზე დაყრდნობით გაწყვიტა დასავლეთ უკრაინის მრავალი მოღალატე სისხლისმსმელი ცნობილმა საბჭოთა მზვერავმა ნიკოლაი კუზნეცოვმა, რომელიც ლვოვსა და როვნოში მოქმედებდა. პირადად კუზნეცოვი და მისი ჯგუფი დღისით, მზისით ხოცავდა ლვოვსა და როვნოში ჰიტლერის მიერ დანიშნულ პროტექტორებს და ისე დააშინა ისინი, რომ ქუჩაში ცხვირის გამოყოფაც არ უნდოდათ. ერთ-ერთი მორიგი ლიკვიდაციის შემდეგ ფიურერმა დასავლეთ უკრაინაში მორიგი პროტექტორი დანიშნა. ლვოვში ფაშისტების აღლუმი ჩატარდა, რომელსაც ქალაქის პროტეტორი არ დაესწრო და უკიდურესად გაუარესებული ჯანმრთელობა მოიმიზეზა. ჰიტლერი გაცოფდა. „ავადმყოფი“ ბერლინში დაიბარა, სერიოზულად დატუქსა, უკან დაბრუნება, აღლუმის გამეორება და პირადად დასწრება უბრძანა. პროტექტორი აღლუმს გაძლიერებული დაცვის ქვეშ ადევნებდა თვალყურს, მაგრამ კუზნეცოვმა და კამპანიამ ის მაინც მოკლეს.

ამ შემთხვევამ კი თავად ჰიტლერის დაცვაც კი უკიდურესად შეაშინა და იშვიათი შემთხვევების გარდა ფიურერს ბუნკერიდან აღარ უშვებდნენ. პავლე სუდოპლატოვი: „წამითაც კი ნურავინ იფიქრებს, რომ ბერიას მიერ შემუშავებული კონცეფცია მხოლოდ და მხოლოდ რანგით დაბალ მოხელეებს ეკუთვნოდათ. მერწმუნეთ, თავად ბერიაც ბეწვის ხიდზე გადიოდა და არაერთხელ გადაურჩა ბრმა თუ გამიზნულ ტყვიას. მარტო ის რად ღირს, რომ კავკასიის დაცვის უმძიმეს დღეებში ლავრენტი პავლოვიჩი ფრონტის წინა ხაზზე ყოველდღიურად გადიოდა და არაერთხელ ჩაუწუილა ტყვიამ ყურთან. ორჯერ კი მისი დაცვის წევრები დაიჭრნენ. ამგვარად, თავად ბერიაც ჯდებოდა ქვეყნის მტრების მიერ დაგეგმილ მისსავე შემუშავებული კამიკაძის სქემაში და ის არასდროს არავის ზურგს უკან არ დამალულა...“

ნიშანდობლივი და სამაგალითო ფაქტია ის, რომ ლავრენტი ბერიას უმკაცრესი ბრძანებით, ყველა იმ ადამიანის ოჯახი, ვინც შეგნებულად სწირავდა თავს საქმეს, ყოველმხრივად უზრუნველყოფილი ხდებოდა. გმირების სახელის უკვდავსაყოფად კი „ლუბიანკის“ საპატიო დაფაზე ამ ადამიანების სახელები იტვიფრებოდა. ლეგენდარული პარტიზანი დიმიტრი ნიკოლოზის ძე მედვედევი ჰყვებოდა: „1949 წელს, მთელი ჩვენი პარტიზანული რაზმის ცოცხალი წევრები ლვოვში, ნიკოლაი კუზნეცოვის ხსოვნის აღსანიშნავად, მის საფლავზე შევიკრიბეთ. უცებ შავი მანქანა მოგვიახლოვდა და ჩვენდა გასაკვირად იქიდან ბერია გადმოვიდა. მან ჯერ გვირგვინი მიიტანა საფლავთან. შემდგომ ყველას მოგვესალმა, მოგვიახლოვდა, კუზნეცოვის ხსოვნისა თქვა, კონიაკი სავსე ჭიქით დალია და უკან გაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ ბერიას კრემლში მიღებაზე შევხვდი და მან მითხრა: „მძიმე დრო იყო, ძალიან მძიმე. უამრავმა ჩვენგანმა სიცოცხლე შეგნებულად შესწირა ქვეყნის გამარჯვებას. კამიკაძეობის ეს იდეა კი მე მეკუთვნის და მერწმუნეთ, რომ ქვეყანამ უდიდესი შედეგი მიიღო. ეს ბოდიში იყო, მონანიება თუ სხვა რამ, არ ვიცი, მაგრამ ბერიას სიტყვები გულახდილად ჟღერდა...“

მედვედევს არ შეშლია, ბერია ბეწვის ხიდზე გადიოდა და ყოველ წუთას სიკვდილისთვის იყო მზად, რაც საბოლოოდ შეასრულეს კიდეც მისმა და ქვეყნის მტრებმა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი