ბელადები

რა გრანდიოზული გეგმები ჰქონდა ბერიას საქართველოს შავიზღვისპირეთთან დაკავშირებით

№53

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.01, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, უცოდველი ადამიანი არ ყოფილა და საკმაოდ მძიმე დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, ისევე, როგორც მის სხვა კოლეგებს. თუმცა, ბერია ერთადერთი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო პოსტსტალინურ პოლიტბიუროში და ქვეყნის განვითარების გრანდიოზული პროექტი ჰქონდა შემუშავებული.

ისტორიკოს-პუბლიცისტი, ბერიას ბიოგრაფიის მკვლევარი ანატოლი ზელენსკი წერს: „გარდაიცვალა თუ არა სტალინი, თითქოს მოულოდნელი ქარიშხალი ამოვარდაო, ბერიამ მოქმედება დაიწყო. სტალინის გარდაცვალება მართლაც ჰგავდა ქარიშხლის ამოვარდნას, რომელიც სტიქიურად დაგატყდება თავს... თუმცა მე სხვა ქარიშხლის ამოვარდნას ვგულისხმობ. ბერიას, ერთადერთ ადამიანს პოლიტბიუროდან, ჰქონდა მოქმედების თანამიმდევრული გეგმა პოსტსტალინურ ეპოქაში და ის (ბერია) ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოქმედებდა, თუმცა, არ დასცალდა.

ცნობილი ქართველი არქიტექტორი, ხელოვნების დოქტორი და საბჭოთა კავშირის გმირი, ირაკლი ციციშვილი იხსენებდა: „ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ დიდი სამამულო ომის დროს გავიცანი, როდესაც საბჭოთა კავშირის გმირობა მომანიჭეს და კრემლში მიმიწვიეს. ბერიას ძალიან უხაროდა ჩემი გმირობა და ჩემ მიერ მდინარე დნეპრზე გადებულ 360 მეტრი სიგრძის ხიდი საოცრებად მიაჩნდა. ის გადამეხვია, შამპანურით სავსე ბოკალი მომიჭახუნა და ქართულად მითხრა:

– ყოჩაღ, ციციშვილო. შენი ხიდი ნამდვილი შედევრია და ფაშისტები გააოცა. სულ მალე დამთავრდება ომი. ჰიტლერს გავანადგურებთ და ერთად დიდ საქმეს გავაკეთებთო.
1948 წლის აპრილში, მაშინ მე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვმუშაობდი და არქიტექტურის კათედრას ვხელმძღვანელობდი, ბერიამ მოსკოვიდან დამირეკა. მომიკითხა და მკითხა:
– ძალიან დაკავებული ხარ?
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ. სამუშაოდან თავს ვერ ვწევ, – ვუპასუხე ბერიას.
– ორი-სამი დღით მოსკოვში ჩამოსვლა შეგიძლია? – მკითხა ბერიამ და დაამატა, – ჩემი პირადი თვითმფრინავით ჩამოგიყვან აქ და შემდეგ უკან გაგამგზავრებ.
– დიახ. რა თქმა უნდა. როდის უნდა გეახლოთ? – ვუთხარი ბერიას, მან კი მიპასუხა:
– სამ საათში თვითმფრინავი თბილისში იქნება. უკვე გამოვუშვი. შენ კი წადი, სამგზავროდ მოემზადე. მანქანა სახლში მოგაკითხავს და აეროდრომზე წაგიყვანსო.

ერთი სიტყვით, იმავე დღეს, საღამოს 10 საათისთვის უკვე მოსკოვში ვიყავი და ბერიას პირადმა მძღოლმა კაჩალოვის ქუჩაზე, ბერიას „ასობნიაკში“ მიმიყვანა, სადაც ლავრენტი პავლეს ძე ცხოვრობდა. სულ მალე თავად ბერიაც მოვიდა კრემლიდან. გადამეხვია. შემდეგ ვივახშმეთ, ცოტა კონიაკიც დავლიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მითხრა:

– ირაკლი, ჩვენი საუბარი ჩვენ შორის უნდა დარჩეს. აქ იმიტომ ჩამოგიყვანე, რომ ჩემი იდეა გაგაცნო. შენ, როგორც საუკეთესო ქართველ არქიტექტორს, გავალებ, რომ შეიმუშაო საქართველოს შავიზღვისპირეთის განვითარების სტრატეგიული პროექტი. მოკლედ, მთელი ჩვენი ზღვისპირეთი უმაღლესი კლასის სასტუმრო-პანსიონატებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით დაიფაროს. ისეთი კომპლექსები უნდა ავაგოთ, რომ ცნობილ მსოფლიო ანალოგებს აჯობოს. ერთი სიტყვით, ყველა კოზირს ხელში გაძლევ. საქართველოში რომ დაბრუნდები, გულდასმით მოიარე ყველა ადგილი და შენი პროექტი გააკეთე. სავარაუდოდ, რამდენი დრო დასჭირდება ამას?
– ვფიქრობ, სამ თვეში ჩავეტევი, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვუთხარი ბერიას.
ის ღამე მე და ბერიამ ლაპარაკში გავათიეთ. შემდგომი ღამეც იქ დავრჩი და როდესაც უკვე თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი, გადამეხვია და მითხრა:
– აბა, შენ იცი, სამ თვეში შენი გეგმიანად გელოდებიო.
სამი თვის მერე მოსკოვში არა მარტო ნახაზები ჩავიტანე, არამედ მაკეტიც. ამან ბერია აღაფრთოვანა და მითხრა.
– ყოჩაღ! ამას არ ველოდიო.

მოკლედ, როგორც შემდეგ მივხვდი, მთელი ამ გეგმის განხორციელებას ბერია სტალინის გარდაცვალების მერე აპირებდა. ჩემი ნაღვაწი დაიტოვა და კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, – სიტყვა არავისთან დაგცდესო. შემდგომ წლებში ამ გეგმას, ბერიას მითითებით, სპორტული კომპლექსების პროექტებიც ჩავამატე. მას საქართველოში სპორტის გაძლიერება უნდოდა, განსაკუთრებით ფეხბურთს პატრონობდა. ბერია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე საფეხბურთო ბაზის მშენებლობას გეგმავდა. მას მიაჩნდა, რომ ასეთი ბაზები ხელს შეუწყობდა უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელის აღზრდასა და საქართველოში მეტი წარმატებული გუნდი გვეყოლებოდა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი საფეხბურთო ბაზის მშენებლობა რუსთავში უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ბერია რომ დახვრიტეს, ბაზის მშენებლობა შეწყდა და მის ნაცვლად პატიმრების კოლონიები აშენდა. თურმე, ხრუშჩოვს უთქვამს: საქართველოში რაც შეიძლება, მეტი ციხე უნდა იყოს, რომ იქ დარჩენილი ველურები, ისინი, ვისაც ვერ გავაციმბირებთ, გამოვამწყვდიოთო. აი, ასე ჩაიშალა ბერიას შავიზღვისპირეთის გაშენების გრანდიოზული გეგმა. არადა, გარწმუნებთ, რომ მართლაც ულამაზესი და უეფექტურესი რამ გამოვიდოდა და 1953 წელს დაწყებულ მშენებლობებს 1960 წლისთვის დავასრულებდით...“

ლავრენტი ბერიას სხვა დიდი პროექტებიც ჰქონდა დაგეგმილი. ნიშანდობლივი ისაა, რომ ის ისეთი პოლიტიკის გატარებას გეგმავდა და ისე უნდა წაეყვანა საქმე, რომ უცხოელი ინვესტორები ჩამოეყვანა და მათ ჩაედოთ დიდი კაპიტალი. აი, ჩემი აზრით, ბერიას განადგურების გეგმის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო – ახალჩამოყალიბებული პოლიტბიუროს წევრებს პროგრესული ნაბიჯები ხელს არ აძლევდათ. ამიტომ ჯოგური პრინციპით იმოქმედეს და ბერია, უბრალოდ, მოკლეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი