ბელადები

ბერიას ძალისხმევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული, „რუსული მაფია“ შეიქმნა

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 13.06, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიასა და მის მრავალმხრივ მოღვაწეობაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ და ამას წლები არ ეყოფა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ მის მიღწევებში (რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი კუთხით) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქმეა ამერიკის შეერთებულ შტატებში უმძლავრესი რუსულ-საბჭოთა დაჯგუფების შექმნა, რომელიც ცენტრს, ანუ მოსკოვს ექვემდებარებოდა და იქიდან იღებდა დირექტივებს. 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი ვერნადსკი წერს:

„მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ ეგრეთ წოდებული, რუსულ-საბჭოთა დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული მაფიაა. დიახ, ლავრენტი პავლეს ძე ბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული მაფიის შემქმნელია...

აი, რას სწერდა „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ ლეგენდარული შეფი, ედგარ გუვერი 1950 წლის მარტში ამერიკის შეერთებული შტატების 33-ე პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს: „ბატონო პრეზიდენტო, მოგახსენებთ, რომ ჩვენი უწყების მიერ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე (განსაკუთრებული ინტენსიურობით – ნიუ-იორკის ბრაიტონ ბიჩზე) დაფიქსირებულია საბჭოთა ეროვნების ადამიანთა კომპაქტური ჯგუფები. ჩვენი ვარაუდით, ისინი ორგანიზებული დანაშაულის საფარქვეშ წარმოადგენენ საბჭოთა რუსეთის სადაზვერვო სამსახურს. ეს კი მეხუთე კოლონის ტოლფასია და მომავალში შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს. მიუხედავად ჩვენ მიერ ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებებისა, სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ისინი თავიანთ რიგებში უცხოებს (თუნდაც რუსული ეროვნების ადამიანებს) არ იღებდნენ. მათ წევრობის საკუთარი სისტემა აქვთ. ეს კი ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ჯგუფები კარგად არიან გამოწვრთნილები, რაც მათ მზვერავულ განათლებაზე მიგვითითებს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენი პირადი (პრეზიდენტის) ფონდიდან ან სხვა წყაროებიდან ჩვენი უწყების დაფინანსება 50 პროცენტით გაზარდოთ, რათა ამ ჯგუფებს წარმატებული ბრძოლა გამოვუცხადოთ. პატივისცემით, ედგარ გუვერი.“

ფედერალური ბიუროს მიერ გაკეთებული დასკვნა აბსოლუტურად ზუსტი იყო და ზედმიწევნით სწორად ასახავდა „რუსული მაფიის“ განვითარების პერსპექტიულ დინამიკას, რაც ასი პროცენტით გამართლდა. ბიურომ უმალვე მიიღო მოთხოვნილი დაფინანსება, რაც მომავალში გაოცმაგდა კიდეც, მაგრამ „რუსულ მაფიასთან“ საბრძოლველად ეფექტური ზომები ვერ განხორციელდა. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ეს ჯგუფები კანონის ფარგლებს არ სცდებოდნენ და კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ, რა თქმა უნდა, ზედაპირულად. ხოლო უკანონობას – რეკეტს, მკვლელობებსა და შანტაჟს ისე ოსტატურად ახორციელებდნენ, რომ მოწმეებს არ ტოვებდნენ. წრიული თავდებობა (ერთმანეთისთვის ხელის დაფარება) ამ ჯგუფებში იტალიურ „კოზა ნოსტრაზე“ ბევრად უფრო დახვეწილი იყო ამ ყველაფერში „ენკავედეს“ რკინის ხელი იგრძნობოდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა:

„ბერიას გეგმა გენიალური იყო და საუკეთესოზე საუკეთესო მიგნებას წარმოადგენდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალრიცხოვანი სადაზვერვო-დივერსიული არმიის უკეთეს ვარიანტს ვერავინ მოიფიქრებდა და ამერიკელი ფედერალები დღემდე (1991 წელი) ვერ უმკლავდებიან მათ. ჩემი ღრმა რწმენით, ვერც ვერასოდეს გაუმკლავდებიან. ეს, ეგრეთ წოდებული, „რუსული მაფია“ თვითდაფინანსებაზე მყოფი უმძლავრესი ძალა იყო და ისეთი მობილური, განსწავლული და კბილებამდე შეიარაღებული, რომ საკმარისი იყო, მათთვის იერიშის ბრძანება გაეცათ, რომ ყველაფერს გადათელავდნენ თავიანთ გზაზე. თუმცა, ეს მათი მიზანი არ ყოფილა და ასეთი ბრძანება არასოდეს მიუღიათ. ისინი უფრო ფსიქოლოგიური შემკავებლის როლს ასრულებდნენ და შეერთებული შტატების მთვარობამ იცოდა, რომ ქვეყანაში ყოვლად კანონიერად ჰყავდათ ისეთი ძალა, რომელიც ყოველთვის მოსკოვის ბრძანებას შეასრულებდა და მათ კი მოსკოვთან თამაში კარგს არაფერს მოუტანდა. ეს ბერიას ჩანაფიქრი იყო და სრულად გაამართლა“.

საგულისხმოა ის, რომ როდესაც ვერც ფედერალებმა, ვერც „ცეერუმ“ და ვერც სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა „რუსულ მაფიას“ვერაფერი მოუხერხეს, გადაწყდა ანალოგიური საპირწონე სტრუქტურის შექმნა საბჭოეთში. 1952 წელს ჩამოყალიბდა კიდეც მსგავსი ჯგუფი ამერიკული დაფინანსებითა და სისხლის სამართლის დამნაშავე ელემენტების მონაწილეობით. თუმცა, ყველა მათგანი აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს. შემდგომ ამაზე აღარავის უზრუნია.

მნიშვნელოვანია ის, რომ ბერიას მკვლელობის შემდეგ „რუსული მაფია“ ნაწილობრივ გამოვიდა კონტროლიდან და რაღაც ჯგუფმა დამოუკიდებლად მოქმედება სცადა, მაგრამ ეს საწყისშივე აღიკვეთა და ბერიას მიერ დაარსებული სტრუქტურა დღეს უკვე რუსეთს ემსახურება.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი