ხორცის რულეტი სოკოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.08, 2022 წელი
უგემრიელესი ხორცის რულეტი სოკოთი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი საქონლის ხორცი
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 30 მილილიტრი ერბო
🔸 4 თავი ხახვი
🔸 50 გრამი თეთრი სოკო
🔸 ნახევარი კონა ნიახური, 1 კონა ოხრახუში
🔸 15 გრამი არაჟანი
🔸 1 ლიმონი
🔸 700 მილილიტრი წყალი
🔸 50 გრამი საქონლის მოხარშული მკერდი
🔸 15 გრამი კარაქი
🔸 1 კვერცხი
🔸 10 ცალი ორცხობილა
🔸 შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით ხორცი მართკუთხედის ფორმის ნაჭრებად და დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. სოკო მოხარშეთ და გადმოიღეთ საწურზე, ნახარში კი შეინახეთ. დაჭერით 2 თავი ხახვი რგოლებად და ასრისეთ კარაქში. საქონლის მოხარშული მკერდი და სოკო ერთად გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შემდეგ აურიეთ ხახვი, დაამატეთ კვერცხი, წყალში დამბალი ორცხობილა, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. დაბეგვილ ხორცზე გადმოიტანეთ საქონლის მკერდისა და სოკოს შეზავებული მასა, გადაახვიეთ რულეტად, შეკარით ძაფით და შეწვით ერბოში დაბრაწვამდე. სტაფილო გრძელ, ვიწრო ზოლებად დაჭერით, ასევე, დაჭერით ნიახური და ხახვი კი რგოლებად. ეს ყველაფერი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან დადეთ რულეტი. მოასხით ლიმონის წვენი, 1 ჭიქა სოკოს ნახარში და შედგით ღუმელში მომზადებამდე. რულეტს მოაცალეთ ძაფები და დაჭერით რგოლებად. ბოსტნეული გახეხეთ საცერში, დაამატეთ ცოტა სოკოს ნახარში, არაჟანი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მიღებული სოუსი მოასხით დაჭრილ რულეტს.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან