ყაბაყისა და ბადრიჯნის საზაფხულო სალათა მარიამ კახელიშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.06, 2022 წელი

მარიამ კახელიშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს👇
საჭმელების კეთება სიმღერასავით კარგად არ ვიცი, თუმცა, რაღაც-რაღაცები გემრიელი გამომდის, მაგალითად, სპაგეტი, სალათები, რაც მარტივი გასაკეთებელია. ნელ-ნელა ვსწავლობ. ადრე, როცა სცენაზე გამოვჩნდი პუტკუნა ვიყავი და გადავწყვიტე, წონაში დამეკლო. ისეთ დიეტაზე ვიყავი, ფაქტობრივად, მშიერი დავდიოდი და კონცერტზე ცუდად გავხდი. მივხვდი, რომ დიეტითა და შიმშილით არ უნდა მომეკლა თავი და ვარჯიში დავიწყე. ახლა წონას სწორედ ვარჯიშითა და სწორი კვებით ვინარჩუნებ. შემიძლია, შემოგთავაზოთ, მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი სალათის რეცეპტი, რომელიც ზუსტად ამ სეზონისთვისაა გათვლილი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი ბადრიჯანი
🔸 2 ცალი ყაბაყი
🔸 2 ცალი წითელი, ბულგარული წიწაკა, 1 ცალი მწვანე ცხარე წიწაკა
🔸 1 პატარა თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი
🔸 1 კონა რეჰანი, 1 ჩაის კოვზი ხმელი, დაფქული ბეგქონდარა, ზეითუნის ზეთი, ძმარი და მარილი კი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯანი და ყაბაყი დაჭერით თხელ ნაჭრებად. წიწაკა გაყავით შუაზე და თესლი გამოაცალეთ. ხახვი და რეჰანი წვრილად დაჭერით, ნიორი კი დანაყეთ. დაჭრილ ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით გრილზე. შემწვარი ბულგარული წიწაკები დაჭერით სასურველ ზომაზე, ცხარე წიწაკა კი – წვრილად. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, მოასხით ძმარი და აურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან