კრიმინალური ისტორიები

როგორ შემოაკვდა რეციდივისტ „კნუტს“ თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღოლი

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 04.03, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მკვლელობა

1970 წლის 28 მარტს, შაბათ დილით, თბილისის ერთ-ერთი პატარა ეკლესიის მორჩილი გურამ ლებანიძე წინამძღოლს, მამა ბესარიონს ეახლა, რომ მისთვის საზიარებელი ღვინო გადაეცა. 50 წლის მღვდელი ეკლესიის ეზოში მდებარე კელიის მსგავს ოთახში ცხოვრობდა. მორჩილმა რომ კელიის კარი შეაღო, მაშინვე დაინახა, რომ მამა ბესარიონი ტახტთან, იატაკზე ეგდო და გულში ხის ნატეხში ჩამაგრებული, წვეტიანი დანა ჰქონდა გარჭობილი. სხეულის ირგვლივ კი სისხლის გუბე იდგა. მორჩილი მიხვდა, რომ ეკლესიის წინამძღვარი მკვდარი იყო და მილიციას გამოუძახა. პროკურატურაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა საქმე და მას ოთარ ტაბატაძე იძიებდა.

დანაშაულის სურათი

ხეზე მიმაგრებული, ალესილი ფოლადის წვეტი იმ ტროსტის ნაწილი აღმოჩნდა, რომელსაც მამა ბესარიონი ატარებდა. ამის შესახებ გამოძიებას მორჩილმა ლებანიძემ აცნობა. როგორც ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, მკვლელსა და მოკლულს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სავარაუდოდ, მამა ბესარიონმა ტროსტში დამალული „შტირის“ მეშვეობით სცადა მკვლელის მოგერიება, მაგრამ ვერ მოახერხა და თავად გახდა მსხვერპლი. თუმცა, როგორც გამოძიება ვარაუდობდა, მამაომ თავდამსხმელის დაჭრა მაინც მოახერხა. თავდამსხმელი ხელში უნდა ყოფილიყო დაჭრილი. ამაზე მეტყველებდა ის, რომ შემთხვევის ადგილზე მოკლული მამაოს სისხლის გარდა, სხვა სისხლიც იქნა აღმოჩენილი და რაც, სავარაუდოდ, მკვლელის სისხლი იყო. წვეტიან ჯოხზე კი თითების სისხლიანი ანაბეჭდებიც აღმოჩნდა. ექსპერტ-კრიმინალისტის დასკვნაში ეწერა, რომ მოკლულმა, სავარაუდოდ, მოულოდნელად აიღო „შტირი“, რომ თავდამსხმელისთვის შეერჭო. თუმცა, თავდამსხმელმა ხელებით მოიგერია და ამ დროს თვითონ დაიჭრა, მაგრამ წართმევა მოახერხა და მამა ბესარიონს გულში შეარჭო. მამა ბესარიონი ადგილზევე გარდაიცვალა. ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ „შტირზე“ აღმოჩენილი თითების ანაბეჭდები ძებნაში მყოფ ანტონ ბულანოვს ეკუთვნოდა.

რეციდივისტი „კნუტი“

45 წლის ანტონ ბულანოვი სამჯერ იყო ნასამართლევი ძარცვა-ყაჩაღობისთვის და „კნუტის“ (მათრახი) მეტსახელს ატარებდა. ბულანოვი თბილისელი იყო და პირველად ციხეში 1939 წელს მოხვდა, როდესაც სოლოლაკელი იუველირი, მიხეილ სოვდაგრიშვილი გაძარცვა. ამ დანაშაულისთვის მას 5 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 1942 წელს ციხიდან ფრონტზე წავიდა და ბერლინამდე იარა. სამშობლოში რომ დაბრუნდა, ერთი პერიოდი ფოსტაში მუშაობდა, მაგრამ 1947 წელს ინკასატორი გაძარცვა და 15 წლით ჩასვეს. 1962 წელს „კნუტი“ ციხიდან გათავისუფლდა. თუმცა, 1963 წელს უკვე მოსკოვში ჩაიდინა ყაჩაღობა და ცნობილი კბილის ტექნიკოსი, რობერტ სარიანი გაძარცვა. „კნუტი“ კვლავ 15 წლით ჩასვეს ციხეში და 1970 წლის 13 იანვარს მან ციმბირის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცევა მოახერხა და მილიცია მას ინტენსიურად ეძებდა. ოთარ ტაბატაძემ ივარაუდა, რომ მოკლული და მკვლელი ერთმანეთს იცნობდნენ და ამ კვალზე დადგომა სცადა.

თანაკლასელები

მოკლული მამა ბესარიონი მღვდლად 1962 წელს აკურთხეს. ტაბატაძემ დაადგინა, რომ ერისკაცობაში ის ბესიკ ბუღაძე იყო. ის, ისევე, როგორც „კნუტი“, 1942 წელს ციხიდან ფრონტზე წავიდა და ერთ პოლკში მსახურობდნენ, ანუ თანაპოლკელები იყვნენ. ციხეში კი ბუღაძე 1940 წელს, ბინის ქურდობისთვის მოხვდა. აშკარა იყო, რომ ტაბატაძის ვერსია გამართლდა და მოკლული და მკვლელი ერთმანეთს იცნობდნენ, მაგრამ დასადგენი იყო, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც ტრაგიკული დასასრული მოჰყვა. ტაბატაძეს რამდენიმე ვერსია ჰქონდა. თუმცა, ძირითადი ის იყო, რომ მათ რაღაც ვერ გაიყვეს. სავარაუდოდ, „კნუტი“ მამა ბესარიონს რაღაცას სთხოვდა და ჩხუბიც ამის ნიადაგზე წარმოიშვა. სანამ საგამოძიებო ჯგუფი ვერსიებზე მუშაობდა, ბუღაძის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ, „კნუტი“ დააპატიმრეს. ის ვერაზე კერძო კბილის ექიმს ძარცვავდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

„კნუტის“ ნაამბობი

როგორც კი დაკავებული თავდამსხმელის ვინაობა დადგინდა, „კნუტი“ მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს და ტაბატაძე გამოიძახეს. რეციდივისტმა გამომძიებელს მოუყვა: „მე და ბუღაძე ერთად ვომობდით. 1945 წლის თებერვალში, იუგოსლავიის ერთ-ერთი ქალაქის ეკლესიის მღვდელი გავძარცვეთ. მას ძვირფასი ხატები ჰქონდა შენახული. მღვდელი შემოგვაკვდა, ხატებიდან კი ძვირფასი თვლები ამოვიღეთ. ყველას ბუღაძე ინახავდა. მას შემდეგ მე ორჯერ დამიჭირეს. პირველად რომ გამოვედი, ბუღაძე ჯერ არ იყო მღვდელი და მოსკოვში კბილის ტექნიკოსი ერთად გავძარცვეთ. მე დამიჭირეს. შემდეგ მივხვდი, რომ ბუღაძემ ჩამიშვა. ის კი თბილისში დაბრუნდა და მღვდელი გახდა. ციხიდან რომ გამოვედი, მასთან მივედი და მხოლოდ ჩემი წილი მოვთხოვე. მან კი მოკვლა დამიპირა და საკუთარ შტირზე თვითონ წამოეგო.“

„კნუტი“ კვლავ 15 წლით ჩასვეს ციხეში, მაგრამ 1973 წელს ის ჭლექით გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი