კრიმინალური ისტორიები

როგორ ჩაიშალა საკავშირო მილიციის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 11.04

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„გრუზინჩიკი“

24 წლის ვაჟა ლოლაძე მოსკოვის ბუტირკის ციხეში ინკასატორის ძარცვისთვის გაამწესეს. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, რომ მძიმედ დაჭრილი ინკასატორის სიცოცხლე ექიმებმა გადაარჩინეს. ლოლაძემ ბუტირკაში 18 თვე გაატარა. კრიმინალურ ელიტაში ავტორიტეტი მოიპოვა და მეტსახელად მას „გრუზინჩიკი“ უწოდეს. წელიწად-ნახევრიანი მოსკოვური პატიმრობის შემდეგ ლოლაძე თბილისის მკაცრი რეჟიმის ციხეში, ეგრეთ წოდებულ, „კრიტში“ გადაიყვანეს. სინამდვილეში ვაჟა ლოლაძე დიმიტრი ბოდოკია იყო და საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა. ლეინტენანტი ბოდოკია ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებაში უნდა ჩანერგილიყო და დაწვრილებით გაეშიფრა მისი სტრუქტურა, შემოსავლის არხები და კავშირები. ინკასატორის ძარცვა კი მილიციის მიერ მოგონილი ლეგენდა იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. წინასწარი გეგმის მიხედვით, ბოდოკია, მაქსიმუმ, 4 წელიწადში უნდა გამოეყვანათ ციხიდან და თავისი საქმიანობა უკვე „სვაბოდაზე“ უნდა გაეგრძელებინა. ქართველი ლეიტენანტი მოსკოვში იყო დაბადებული და 6 წლიდან უდედმამო ბავშვთა სპეციალურ დაწესებულებაში იზრდებოდა. მისი მშობლებიც ორგანოების თანამშრომლები იყვნენ და ერთ-ერთი სპეცდავალების შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბავშვი სპეციალურ დაწესებულებაში გაამწესეს და ადრეული ასაკიდანვე წვრთნიდნენ. „გრუზინჩიკის“ მისიის შესახებ სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. მათ შორის ამ ოპერაციის კურატორმა, მაქსიმ გრომოვმა. საქართველოში კი საქმის კურსში არავინ ჩაუყენებიათ, რადგან შიშობდნენ, რომ ინფორმაციას შეიძლება, გაეჟონა და სპეცოპერაცია ჩაშლილიყო. ამიტომ, „კრიტში“ გამწესებული „გრუზინჩიკი“ ყველასთვის მძიმე დანაშაულისთვის დასჯილი ბოროტმოქმედი იყო. „კრიტში“ შესახლებულ ვაჟა ლოლაძეს (დიმიტრი ბოდოკია) თან ჰქონდა რუსი კრიმინალური ავტორიტეტების მიერ დაწერილი „ქსივა“, სადაც ის ძმად იყო მოხსენიებული. ეს კი „გრუზინჩიკს“ გზას უხსნიდა ქართული კრიმინალური სამყაროს მწვერვალებისკენ.

13 წლის შემდეგ

როგორც სპეცოპერაციის გეგმით იყო განსაზღვრული, „გრუზინჩიკს“ 4 წლის შემდეგ, უკვე მყარად რომ ჩაინერგებოდა ქართულ კრიმინალურ სამყაროში, ციხიდან გამოიყვანდნენ. ეს იყო ოპერაციის პირველი ეტაპი. შემდგომ კი მეორე ეტაპი დაიწყებოდა, რომლის დეტალებსაც ბოდოკიას გრომოვის კურიერი გააცნობდა. თუმცა, იმ 4 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა. საქართველო დამოუკიდებელი გახდა და მოსკოვი დუმდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობდა. ამიტომ „გრუზინჩიკს“ სრული ვადის მოხდა მოუწია (ამნისტია მას არ შეეხო) და „სვაბოდაზე“ ის იმ პერიოდში გამოვიდა, როდესაც 90-იანი წლების „ბესპრეძელი“ იკლებდა და ქურდული სამყაროს რეორგანიზაცია მიმდინარეობდა. მართალია, ბოდოკიას კოლეგები დუმდნენ, სამაგიეროდ „გრუზინჩიკს“ რუსი ძმები შეეხმიანენ და 37 წლის „შავი სამყაროს“ იერარქი საკავშირო (მართალია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, მაგრამ ქურდულმა სამყარომ ძველი ერთიანობა აღადგინა) „სხოდკაზე“ დაიბარეს და საქართველოს ერთ-ერთი მაყურებლის ფუნქცია მიანიჭეს.

გამქრალი „გრუზინჩიკი“

„გრზუზინჩიკს“ ევალებოდა კრიმინალური წესრიგის დამყარება მისთვის მინდობილ უბანზე, „ობშჩიაკის“ შეგროვება, ყოველთვიურად მოსკოვში წილის ჩატანა და საკავშირო საერთო სალაროში შეტანა. საქართველოში იმ პერიოდში საკმაოდ დიდი ფული გროვდებოდა და მოსკოვში წასაღები წილი 5 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. ამგვარად, ყოველთვიურად „გრუზინჩიკის“ ხელში 15 მილიონი ამერიკული დოლარი ხვდებოდა და საკავშირო წილიც მას პირადად ჩაჰქონდა მოსკოვში. ასეთი „ვოიაჟების“ დროს ბოდოკია რამდენიმეჯერ შეეცადა თავის კურატორს დაკავშირებოდა, მაგრამ შეიტყო, რომ მაქსიმ გრომოვი ცოცხალი აღარ იყო. ამგვარად, ბოდოკია ყველასთვის „გრუზინჩიკი“ იყო და არა მილიციელი. დიდი ალბათობით, მისი ნამდვილი დოსიე არც არსებობდა და მთელი ქვეყნისთვის ის კრიმინალური იერარქი ვაჟა ლოლაძე, მეტსახელად „გრუზინჩიკი“ იყო... „გრუზინჩიკის“ ერთ-ერთ მაყურებლად დანიშვნიდან ერთი წელი რომ გავიდა, „გრუზინჩიკს“ მოსკოვში მორიგი წილი უნდა წაეღო. იმ დროისთვის საერთო სალაროში 5 მილიონი ამერიკული დოლარი იდო „ქეშად“, აქედან 2 მილიონი მოსკოვის წილი იყო. როდესაც „გრუზინჩიკს“კოლეგებმა, რომლებიც მოსკოვში მგზავრობისას უნდა ხლებოდნენ, სახლში მიაკითხეს, ვაჟა ლოლაძე იქ არ დახვდათ. არც ფული აღმოჩნდა – სეიფი ცარიელი იყო. მთელი კრიმინალური სამყარო ფეხზე დადგა. „გრუზინჩიკის“ ტოტალური ძებნა დაიწყო არა მარტო მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის ტერიტორიაზე. თუმცა, ვერც ის აღმოაჩინეს, ვერც 5 მილიონი დოლარი და ეს საქმე დღემდე იდუმალებითაა მოცული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი