კრიმინალური ისტორიები

როგორ ჩამოიტყუეს და დააპატიმრეს უზბეკი ნარკობარონი და მისი ჯგუფები საქართველოში

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 04.04

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

უზბეკური ნარკოკარტელი

მას შემდეგ, რაც ჰეროინი მსოფლიო ნარკობაზრის ყველაზე მოთხოვნადი საქონელი გახდა, ავღანეთი მის ყველაზე დიდ მომწოდებლად გადაიქცა. გაიჭრა ნარკოტრაფიკები და ერთ-ერთ მსხვილ ხაზს უზბეკი საიდ ყულიევის ნარკოკარტელი დაეუფლა. ეს კარტელი კოლოსალურ თანხებს შოულობდა და მის შემადგენლობაში უამრავი ადამიანი ირიცხებოდა. მათ საკმაოდ მძლავრი შეიარაღება ჰქონდათ. არაფერზე უკან არ იხევდნენ და არა მარტო კონკურენტებს, არამედ სამართალდამცავებსაც უმოწყალოდ ანადგურებდნენ, თუკი რომელიმე მათგანს ფულით ვერ მოისყიდდნენ. იმ ეპოქის კორუფციის პირობებში კი ყულიევს უზბეკეთის ძალოვანი სტრუქტურის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი ჰყავდა მოსყიდული. ყულიევი საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო და თავისი საქონლის გასაღებისთვის ახალ ბაზრებს იკავებდა. ერთ–ერთი ასეთი ბაზარი საქართველო იყო და ნარკობარონმა ჯემალ მანჯავიძის კრიმინალურ ჯგუფთან დაამყარა კავშირი, რომელსაც თეთრ სიკვდილად წოდებული ნარკოტიკი საქართველოში გასაყიდად უნდა შემოეტანა. ტაშკენტში ყულიევი და მანჯავიძე პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში ჰეროინის საცდელი პარტია შეეტანათ.

საცდელი პარტია

გადაწყდა, რომ მანჯავიძისთვის პირველ ჯერზე 10 კილოგრამი ჰეროინი გაეტანებინათ. ხოლო თუ საქართველოში მასზე მოთხოვნა იქნებოდა, მაშინ უფრო დიდ პარტიას გაგზავნიდნენ. მანჯავიძემ ყულიევს ერთ კვირაში ჩაუტანა ფული და რაოდენობის გაათმაგება მოსთხოვა. ნარკობარონმა მას 100 კილოგრამი გაატანა და 20 დღეში ფული მიიღო. მანჯავიძე ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ჰეროინზე დიდი მოთხოვნა იყო და მესამედ უკვე 1 ტონა ჰეროინი წაიღო და შეჰპირდა, რომ თანხას ზუსტად ერთ თვეში ჩაუტანდა. თუმცა, დათქმულ დროს უზბეკმა ნარკობარონმა ფული ვერ მიიღო და როცა მანჯავიძესთან თავისი წარმომადგენელი გაგზავნა, უკან დაბრუნებულმა კურიერმა ყულიევს უთხრა, რომ ის ქართველებმა გადააგდეს და რომ მანჯავიძემ მას შემოუთვალა, ჰეროინიც დაევიწყებინა და ფულიც. თავისი სტატუსიდან გამომდინარე, საიდ ყულიევი იმდენად გაოცდა, რომ თავხედი ქართველის სიტყვები ხუმრობა ეგონა. შემდეგ კი ისეთი მრისხანება დაეუფლა, რომ თავისი კურიერი მეორედ გაგზავნა მანჯავიძესთან და დააბარა – ფულიც ჩამოიტანე და წაღებული ჰეროინიც, თუ არ გინდა, რომ მთელი შენი ბანდა გავანადგუროო. მანჯავიძის პასუხი კი უაღრესად შეურაცხმყოფელი იყო და ასე ჟღერდა: ჩვენ, ქართველებს „უზკაგლაზებთან“ (წვრილთვალიანებთან) ბრძოლისა და მათი განადგურების დიდი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ, ვისაც აქ გამოგზავნი, აქვე, მიწაში დარჩებიან სამუდამოდ. შენ, რა თქმა უნდა, ცხვირსაც არ შემოჰყოფ ჩვენთან შიშით. მაგრამ შენც გიპოვი და მაგ წვრილ თვალებს დაგთხრიო... მეორე პასუხმა ნარკობარონი სიგიჟემდე მიიყვანა და გადაწყვიტა, თავისი სიტყვა ასი პროცენტით შეესრულებინა. თბილისში, კურიერთან ერთად, ინკოგნიტოდ გაგზავნა ორი ადამიანი. მათ ზუსტად უნდა დაედგინათ მანჯავიძის „დისლოკაციის“ ადგილი, შემდგომ კი პირადად, თავის რჩეულ მებრძოლებთან ერთად, უნდა ჩამოსულიყო საქართველოს დედაქალაქში და სისხლიანი შურისძიება მოეწყო.

ხაფანგი ნარკობარონისთვის

საიდ ყულიევის მიერ წარგზავნილები ტაშკენტში სამი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ და თავის პატრონს აცნობეს, რომ მანჯავიძე, ოჯახთან ერთად, საგურამოში, უზარმაზარ აგარაკზე ცხოვრობდა. იქ ყოველ კვირას მისი დაჯგუფების წევრები (20-25 კაცი) იკრიბებოდნენ და მოლაპარაკებებს მართავდნენ. ყულიევმა 30 კაცი დაიბარა და ცალ-ცალკე, მანქანებითა და დიდძალი შეიარაღებით გაგზავნა საქართველოში. ხოლო, როდესაც ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ და ამის შესახებ თავის პატრონს შეატყობინეს, თავადაც სხვისი სახელით ჩამოფრინდა თბილისში და 3 დღე–ღამის შემდეგ, კვირა ღამით საგურამოსკენ აიღო გეზი, რომ სისხლიანი კვირა მოეწყო ქართველებისთვის. ღამის პირველი საათი იყო. ყულიევის დაჯგუფების კბილებამდე შეიარაღებული მკვლელები ნელ-ნელა შემოერტყნენ მანჯავიძის აგარაკს და იერიში უნდა დაეწყოთ, რომ ამ დროს მთელ პერიმეტრზე მძლავრი პროჟექტორები აინთო და რეპროდუქტორში უზბეკურ ენაზე გაისმა: „ორმაგ ალყაში ხართ და თუკი იარაღს არ დაყრით და არ დაგვნებდებით, ლიკვიდირებული იქნებით!“. საქმე ის იყო, რომ მანჯავიძის კრიმინალური დაჯგუფება, სინამდვილეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური, ოპერატიული, საიდუმლო ქვედანაყოფი იყო და ისინი დავალებას ასრულებდნენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც ქართველებმა დაგეგმეს. ჰეროინი კი (1 ტონა და 110 კილოგრამი) სპეციალურ საცავში იყო შენახული ნივთმტკიცებად და შემდგომ უნდა განადგურებულიყო. 110 კილოგრამი ჰეროინის ფული კი მილიციის სპეციალური ფონდიდან იყო გამოყოფილი. ყულიევმა და მისმა მებრძოლებმა ერთი გასროლის გარეშე დაყარეს იარაღი. შედეგად ქართველმა სპეცრაზმელებმა 39 ადამიანი დააპატიმრეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გაამწესეს. თუმცა, 3 დღის შემდეგ, მოსკოვის მოთხოვნით, ყველანი, მოსკოვში გადაიყვანეს. საცავში შენახული ჰეროინი კი გაქრა.

საიდ ყულიევი 2002 წელს ავღანეთის საზღვარზე მოკლეს რუსმა მესაზღვრეებმა. მანამდე კი ის თავის საქმიანობას აგრძელებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი