კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა კინოგადაღების შედეგად მძიმე დანაშაულები

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 01.06, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კინოსიურპრიზი

1970 წლის მაისში „მოსფილმი“ საქართველოში ერთ-ერთი კინოსურათის ეპიზოდებს იღებდა. ერთი ეპიზოდი წყნეთის ტყეში უნდა გადაეღოთ. სცენა ასეთი იყო – ერთ-ერთი გმირი ორმოს თხრის, რომ იქ ფულით სავსე ზანდუკი ჩაფლას. სცენის გადასაღებად რეკვიზიტორებს ორმოს ამოთხრა დაევალათ. შემდგომ, ამოთხრილი მიწა ისევ უკან უნდა ჩაეყარათ, რათა მსახიობს გაადვილებოდა რბილი მიწის ამოთხრა. სცენარის მიხედვით, ორმო საკმაოდ ღრმად უნდა ყოფილიყო და რეკვიზიტორებს 2 მეტრის ორმოს ამოთხრა დაავალეს. სამუშაოს რამდენიმე ადამიანი ასრულებდა და ერთ-ერთმა მათგანმა მოულოდნელად ნიჩაბი ხელიდან გააგდო, უკან გადახტა და დაიყვირა – აქ გვამია. და მართლაც, მიწაში მამაკაცის ცხედარი აღმოჩნდა. მას ქურთუკი ეცვა და პირქვე იყო ჩამხობილი. ამ კინოსიურპრიზის გამო გადაღება შეჩერდა და შემთხვევის ადგილზე მილიციას გამოუძახეს.

ვასკა „ოქროსხელება“

წყნეთის ტყეში ნაპოვნი უცნობი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. თან, მას არანაირი საბუთი ან რაიმე ნივთი არ აღმოაჩნდა. სხეულზე კი უამრავი ტატუ ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მიცვალებული კრიმინალურ სამყაროს ეკუთვნოდა. ექსპერტის დასკვნით, მამაკაცი კეფაში ნასროლით იყო მოკლული. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობა „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან განხორციელდა. პათანატომის თქმით, მამაკაცი თებერვლის შუა რიცხვებში იყო მოკლული და მიწაში ჩამარხული. მოკლულის ფოტოსურათები, რომელზეც მისი სხეულის ნაწილებზე ასახული ტატუები იყო აღბეჭდილი, მოსკოვში გადაგზავნეს. პასუხი ორ დღეში მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ წყნეთში აღმოჩენილი მამაკაცის გვამი 43 წლის ვასილ სოლომტინს, იგივე „ვასკა ოქროსხელებას“ ეკუთვნოდა. სოლომტინი ქურდი-რეციდივისტი იყო და ძებნაში იმყოფებოდა. ის ურალის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაიქცა, სადაც 9-წლიან სასჯელს იხდიდა ერთ-ერთი პარტიული მაღალჩინოსნის ბინის ქურდობისთვის. ასევე, დადგინდა, რომ გაქცევიდან ერთი თვის მერე სოლომტინმა მოსკოვში ხელოვნების მუზეუმი გაქურდა და იქიდან მოდილიანის ნახატი მოიპარა. ეს იყო ამ შემოქმედის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც საბჭოთა კავშირში ინახებოდა. „ოქროსხელებაზე“ საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული, მაგრამ არც სოლომტინი ჩანდა და არც მოდილიანის შედევრი. თბილისში „მურის“ საგამოძიებო ჯგუფი იყო ჩამოსული და მათთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა „ოქროსხელებას“ გვამის წყნეთში პოვნა.

ვერსია

„მურის“ საგამოძიებო ჯგუფს ცნობილი ქართველი მაძებარი კონსტანტინე (კოკა) რუსაძე ხელმძღვანელობდა. „მურელები“ სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებდნენ. რუსაძემ კი ხელქვეითებს უთხრა:

– ამხანაგებო, ჩემი აზრით, „ოქროსხელებას“ მოდილიანის ტილოს მოპარვა შეუკვეთეს და ეს შეკვეთა თბილისიდან მოდიოდა. ხოლო შეკვეთის შესასრულებლად მას გაქცევა მოუწყვეს. დააკვირდით – „ოქროსხელებას“ 9 წელი ჰქონდა მისჯილი და თავისუფლებამდე მხოლოდ წელიწად-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გაიქცევა, როცა შვიდ-ნახევარი უკვე მოხდილი გაქვს და წელიწად-ნახევარი დარჩენილი?

– დიახ. ლოგიკურია, – დაეთანხმა რუსაძეს ახალგაზრდა თაზო ქვარცხავა, რომელსაც კოკამ მეტსახელად „კოდალა“ შეარქვა.

– შემდეგ. განაგრძე, – უთხრა „კოდალას“ რუსაძემ და თავის პროტეჟეს მიაჩერდა.

– ასეთი სიჩქარე კი, სავარაუდოდ, იმით იყო გამოწვეული, რომ ქურდობის შემკვეთს დრო სწვავდა, – დაიწყო ქვარცხავამ, მაგრამ „ქიშომ“ (ზურაბ ღოღობერიძე) შეაწყვეტინა:

– განმარტეთ, რას ნიშნავს, დრო სწვავდა?

– ეს ნიშნავს იმას, რომ შემკვეთს, ჩემი აზრით, ეს ნივთი უცხოელზე უნდა გაეყიდა. იმ უცხოელს კი გამგზავრება ეჩქარებოდა და დროში „იწვებოდა“, – „წაეიაზვა“ „ქიშოს“ „კოდალა“.

– მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, – დაამატა რუსაძემ, – მეტსაც გეტყვით, ის უცხოელი, სავარაუდოდ, დიპლომატი ან მსგავსი სტატუსის ადამიანი უნდა იყოს. ანუ ისეთი პერსონა, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ყოფნის ვადა ლიმიტირებული აქვს. ამიტომ, ჩვენი ძებნის არეალი უცხოელ დიპლომატებზეც უნდა გავრცელდეს, მაგრამ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არაა და ამ საქმეს, ალბათ, კომიტეტი წაიღებს.

ორმაგი „გადაგდება“

კოკა რუსაძე მართალი აღმოჩნდა. საქმე მალევე სუკმა წაიღო. თუმცა, რუსაძე და მისი ჯგუფი გამოძიებიდან არ „ჩაუხსნიათ“ და „მურელები“ უშიშროების საგამოძიებო ჯგუფთან ერთად მოქმედებდნენ. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რუსაძე ძალიან გამოცდილი მაძებარი იყო. მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები თბილისში მიმდინარეობდა და საჭირო იყო, ქართულად მოლაპარაკე, მაღალი კლასის სპეციალისტი. რუსაძე კი ამ კრიტერიუმებს სრულიად აკმაყოფილებდა.

და, მართლაც, რუსაძე და მისი თანამშრომლები ვინმე ომარ კუჭუხიძეზე გავიდნენ და დაადგინეს, რომ მას კავშირი ჰქონდა როგორც მოკლულ „ოქროსხელებასთან“, ასევე ვინმე დანიელ კოხრეიძესთან. ეს უკანასკნელი კი შემჩნეული იყო უცხოელებთან კონტაქტებში. არსებობდა ვარაუდი, რომ კოხრეიძე ეხმარებოდა მათ სხვადასხვა ანტიკვარული ნივთების ქვეყნიდან არალეგალურად გატანაში. რუსაძის დაჟინებული მოთხოვნით, კუჭუხიძე დააკავეს და დაკითხვაზე მან აღიარა, რომ „ოქროსხელებას“ გაქცევა მან მოაწყო. ასევე, თქვა, რომ მოდილიანის სურათის მოპარვაც მის მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა, ქურდის მკვლელობას ის კატეგორიულად უარყოფდა. სამაგიეროდ, ხელს ადებდა კოხრეიძეს, რომელიც ასევე, დააკავეს და მან აღიარა, რომ „ოქროსხელება“ იმის გამო მოკლა, რომ ეს უკანასკნელი მოპარულ სურათში იმაზე გაცილებით მეტ თანხას ითხოვდა, ვიდრე შეთანხმებული 5 ათასი მანეთი იყო. კოხრეიძის თქმით, მოპარული სურათი მან თურქ მუსტაფა ოზილს გადასცა, რომელიც საკონსულოს თანამშრომელი იყო და კოხრეიძისთვის 50 ათასი დოლარი უნდა ჩამოეტანა. თუმცა, მან ეს არ გააკეთა, რადგან საბჭოეთში ყოფნის დიპლომატიური ვადა ამოეწურა და უკან აღარ დაბრუნებულა. ამგვარად, განხორციელდა ორმაგი „გადაგდება“ და ერთი მხრივ, მოდილიანის ერთადერთი ტილო სამუდამოდ დაიკარგა ქვეყნიდან, მეორე მხრივ კი, შეთანხმებული ფულიდან დანაშაულის მონაწილეებს ერთი გროშიც არ შეხვდათ. სამაგიეროდ, კოხრეიძეს დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით ის 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.. კუჭუხიძე კი 13 წლით გამოამწყვდიეს საპყრობილეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი