კრიმინალური ისტორიები

როგორ დააბრუნებინა შევარდნაძემ ეკლესიიდან გატაცებული თამარის ჯვარი

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 03.06, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ამ პუბლიკაციის სიუჟეტის ნაწილი ნოდარ დუმბაძეს აქვს გამოყენებული თავის ერთ-ერთ რომანში. მხოლოდ ორიოდე მთავარი გმირის ვინაობაა შეცვლილი. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ისტორიულ-რელიგიური რელიკვია

როდესაც თბილისის ერთ-ერთი ტაძრიდან ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული, ლალებით მოჭედილი ჯვარი მოიპარეს, მთელი მილიცია ფეხზე დადგა, მაგრამ ნაქურდალს ვერ მიაგნეს. ეს ჯვარი თამარ მეფის დროინდელი იყო და ისტორიულ-რელიგიურ რელიკვიას წარმოადგენდა. ამის გამო ტაძრის წინამძღოლი, მამა ეფრემი ადგილს ვერ პოულობდა და ორჯერ ედუარდ შევარდნაძეც კი შეაწუხა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. თუმცა, მკაცრი მითითების მიუხედავად, ვერც შევარდნაძემ შეძლო ამ საქმის გახსნა. არც ჯვარი ჩანდა და არც ქურდი. ისე გავიდა 6 თვე, რომ საქმე წინ არ იძროდა.

თამარის ჯვარი

6 თვის შემდეგ მამა ეფრემი ცეკას მდივნის, ალექსი ქიბროწაშვილის სახლში წაიყვანეს შავი ვოლგით, რომ მას ქიბროწაშვილის სიდედრისთვის წესი აეგო. ბინაში რომ მივიდა, მამა ეფრემმა ქიბროწაშვილის მეუღლის, ელეონორას მკერდზე, სწორედ, მოპარული თამარის დროინდელი ჯვარი იხილა. მამაომ ძლივს შეიკავა თავი, რიტუალი ბოლომდე შეასრულა. მაგრამ როგორც კი ქიბროწაშვილებისგან წამოვიდა, არც აცია, არც აცხელა და შუაღამეს „კაგებეს“ მისაღებში მივიდა. მორიგეს უფროსებთან შეხვედრა სთხოვა და მაიორ გიზო კვირტიას ყველაფერი მოუყვა. მაიორმა მამაოს ყველაფრის დაწერა შესთავაზა. შემდეგ ნაწერი შეინახა და მამა ეფრემს უთხრა: წადით, დაისვენეთ და ხვალ დილით შეგეხმიანებითო.

მამაო დიდი იმედით გაემართა სახლში და ფიქრობდა, რომ თამარ მეფის ჯვარს სულ მალე დაუბრუნებდნენ ტაძარს.

დახურული სასამართლო

მეორე დღეს „კაგებეს“ თანამშრომლები მართლაც ეწვივნენ მამა ეფრემს სახლში და „კაგებეში“ გასაუბრებაზე წაიყვანეს. თუმცა ის დააპატიმრეს და ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს. ასე ამყოფეს სამი კვირა. ბოლოს კი მას ცილისწამებასა და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. დახურულმა სასამართლომ მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მამა ეფრემი „კაგებეს“ ციხეში იყო გამომწყვდეული და არავის აკარებდნენ. მამაო მიხვდა, რომ მოატყუეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ შესწევდა და მხოლოდ ლოცვაღა დარჩენოდა. ასეთ ყოფაში გაიარა ერთმა წელიწადმა, მამა ეფრემი კვლავ ყრუ იზოლაციაში იმყოფებოდა.

კორუფციული საქმეები

ამასობაში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ვასილ მჟავანაძეს ცეკას ყველა მდივანიც მიაყოლეს, მათ შორის, ალექსი ქიბროწაშვილიც. მართალია, მჟავანაძე მოსკოვში გადაიყვანეს, მაგრამ ცეკას მდივნების წინააღმდეგ ახალმა პირველმა – ედუარდ შევარდნაძემ კორუფციული საქმეები წამოსწია. მაშინ გაახსენდათ მამა ეფრემიც. შევარდნაძის მითითებით, ის „კაგებეს“ იზოლატორიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში გადაიყვანეს. შემდეგ მას ვრცელი ჩვენებები ჩამოართვეს და გაათავისუფლეს. ქიბროწაშვილი და მისი კოლეგები კი დააპატიმრეს და 19 წლით გააციმბირეს. ჯვარი კი ეკლესიის ნაცვლად მუზეუმში წაიღეს და იქ გამოფინეს.

თავდასხმა

ქიბროწაშვილებს მთელი ნაპარავი ქონება ჩამოართვეს და მხოლოდ ოროთახიანი ბინა მისცეს ქალაქის გარეუბანში. მისი მეუღლე, ფუფუნებას მიჩვეული, 37 წლის ელეონორა დეპრესიაში ჩავარდა და თავის ახალ ყოფას ვერ ეგუებოდა. ქმარზე საერთოდ არ დარდობდა და ჩამორთმეულ ქონებას მისტიროდა. ასე გავიდა 1 წელიწადი. ერთ დღეს კონიაკით მთვრალი ელეონორა ჩიტაძის ქუჩას აუყვა, სადაც ცეკას შენობა მდებარეობდა და ედუარდ შევარდნაძე მუშაობდა. ზუსტად 8 საათსა და 50 წუთზე შევარდნაძე მანქანიდან გადმოვიდა და შენობის შესასვლელისკენ გაემართა. ამ დროს ხუთიოდე მეტრში მდგომმა ელეონორამ ხანჯალი იშიშვლა და შევარდნაძისკენ გაქანდა. მაგრამ დარტყმა არავინ აცადა. ის პირველის დაცვამ შეიპყრო და მილიციაში წაიყვანეს. აღიძრა საქმე. გაიმართა სასამართლო და ქალს 10 წლით ციხე მისცეს. შემდეგ კი რუსეთში გაუშვეს სასჯელის მოსახდელად. თუმცა, ქალმა მხოლოდ 4 წელი მოიხადა და გათავისუფლდა. საქართველოში აღარ დაბრუნებულა და მოსკოვში გაემგზავრა. ერთი წლის მერე კი ელეონორა ერთ-ერთი მსხვილი „ცეხავიკის“ ცოლი გახდა და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. ეს ფუფუნების მოყვარული ქალი საბჭოეთის დაშლის მერე ბიზნესმენი გახდა და საკმაოდ დიდ ფულსაც შოულობდა. ელეონორა 2001 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი