კრიმინალური ისტორიები

როგორ აიყვანეს ევროპის 4 სახელმწიფოში ქართულ-უკრაინული მაფიის 21 წევრი

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 15.04, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციის ყველა მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

შეთავაზება

სილოვან ქანთარია 19 წლის გახდა თუ არა, ბედის საძიებლად ევროპაში გაემგზავრა. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდი იყო და თბილისის სამხატვრო აკადემიის მეორე კურსიდან თანხის გადაუხდელობის გამო გამორიცხული ობოლი ჭაბუკი ნასესხები 600 დოლარით ჩავიდა ჩეხეთში. სულ რაღაც 3 წელიწადში კი უნიჭიერესი ქართველი ყმაწვილი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მხატვარ-დეკორატორი გახდა. 26 წლის ასაკში კი სილოვანის საბანკო ანგარიშზე უკვე თითქმის მილიონი ევრო იდო. 2009 წელს ევროპაში 26 წლის სახელგანთქმული მხატვარ-დეკორატორი თბილისში ჩამოვიდა და პირველ რიგში, 6 ათასი დოლარი აჩუქა თავის მეზობელს, მერაბ წერეთელს, იმ კაცს, ვინც სილოვანს ევროპაში წასასვლელად 600 დოლარი ასესხა. ანუ, ქანთარიამ ათმაგად გადაუხადა სიკეთე თავის მეზობელს. არც ნაცნობ-მეგობრები დავიწყებია და ყველას ხელი გაუმართა. მაშინ გაიცნო სილოვან ქანთარიამ 20 წლის ნატა ქობალია და ჯერ იქორწინა მასზე, შემდგომ კი პრაღაში წაიყვანა, სადაც მას ფეშენებელური ვილა ჰქონდა. 2010 წელს ნატამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ნოდარი დაარქვეს. ოჯახი, ძირითადად, ჩეხეთში ცხოვრობდა და საქართველოში ყოველწლიურად ერთი ან ორი თვით ჩამოდიოდა. ბედნიერი ოჯახის რიტმი 2016 წელს დაირღვა. 23 აპრილს თავის პრაღის ოფისში მყოფ სილოვანს ვინმე ჯონი აფხაიძე ესტუმრა და უთხრა:

– მე თქვენთან მურთაზ კობერიძის დავალებით მოვედი. მურთაზი თავის მფარველობას გთავაზობთ, თან გთხოვთ, რომ მეგობრობის ნიშნად, სულ რაღაც, 500 ათასი ევრო გაუგზავნოთ.

სილოვანმა კატეგორიული უარით გაისტუმრა ჯონი აფხაიძე და თან დააბარა:

– ბატონ მურთაზს გადაეცით, რომ არც მისი მფარველობა მინდა და არც მეგობრობა, ჩემგან ვერც ერთ ცენტს ვერ მიიღებსო.

მურთაზ კობერიძე ევროპაში მოქმედი ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური იყო, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწე ფულიან ქართველებს წილებს აწერდა. მას ორასამდე ხელქვეითი ჰყავდა და ჯონი აფხაიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. 2016 წლის 25 ივლისს, საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ ნატა ქობალიას 6 წლის შვილი, ნოდარ ქანთარია მოსტაცეს. ნატა „მერსედესის“ „ჯიპით“ გამოვიდა მდიდრული ვილიდან. ის ქობულეთში თავის ბავშვობის მეგობართან მიემგზავრებოდა. მანქანაში კი ნოდარი ეჯდა. ორასიოდე მეტრი რომ გაიარა, უცებ შეამჩნია, რომ მანქანის წინა საბურავი დაშვებული იყო. გოგონამ მანქანა გააჩერა და სალონიდან გადავიდა. ამ დროს „მერსედესის“ „ჯიპთან“ „ოპელი“ გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა ორმა ნიღბიანმა ნოდარი გაიტაცა.

„მებადურის ქსელი“

აღელვებულმა ნატა ქობალიამ მეუღლეს პრაღაში დაურეკა და შვილის გატაცების ამბავი მოუყვა. სილოვანმა კი მეუღლეს უთხრა:

– ნატა, საყვარელო, პოლიცია გამოიძახე და ეს ამბავი დეტალურად მოუყეევი. მე კი აქ ვიმოქმედებ და რაც საჭიროა, იმას გავაკეთებ. სავარაუდოდ, ახლა ვერ გამოვფრინდები, საქმისთვის ასე იქნება საჭირო. მოკლედ, არ დაიბნე და რაც გითხარი, გააკეთე.

ნატამ პოლიცია გამოიძახა. ბათუმში იმ დღესვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ბავშვის ძებნა. სილოვან ქანთარია კი „ინტერპოლის“ პრაღის ოფისში მივიდა და მათ ყველაფერი თანმიმდევრულად, დაწვრილებით მოუყვა.

– გამტაცებლები, ალბათ, დაგიკავშირდებიან. ჩვენ თქვენს ტელეფონში ჩავერთვებით და მოქმედების გეგმას აქედან გამომდინარე შევიმუშავებთ, – უთხრა სილოვანს ჩეხეთის „ინტერპოლის“ შეფმა.

იმავე საღამოს სილოვან ქანთარიას უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და ქართულ ენაზე უთხრა – თუ გინდა, შენი ნაბიჭვარი საღსალამათი მიიღო, ფული გადაიხადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცი, რაც მოხდება.

– თანახმა ვარ. ფული სად გადმოგირიცხოთ? – წინასწარ მომზადებული პასუხი გასცა სილოვანმა უცნობს.

– შენ სულელები გგონივართ? – ირონიით იკითხა უცნობმა და დაამატა, – ფულს ქეშად მოიტან და იქ და იმ დროს, სადაც მიგითითებენ. შენ ქეში დაითრიე და მალე დაგირეკავთ.

ამ საუბრიდან 8 საათის შემდეგ სილოვანს დაურეკეს და ფულის მიტანა უბრძანეს. ის ქალაქის სასაფლაოზე. ერთ-ერთ საფლავთან, შუაღამეს უნდა მისულიყო. უთხრეს, რომ მის ვაჟს ფულის მიღებიდან 4 საათში გაუშვებდნენ. სილოვანმა პრაღის სასაფლაოზე ტყავის ჩანთით ათი 500-ევროიანი დასტა მიიტანა, რომლებშიც ოსტატურად იყო შენიღბული კოორდინატების მაჩვენებელი ჩიპები. ამგვარად, „ინტერპოლი“ არა მარტო ფულის ადგილმდებარეობას აკონტროლებდა, არამედ საუბარსაც ისმენდა. მათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ ბოროტმოქმედების ალყაში აყვანა და დაპატიმრება, მაგრამ, სანამ ნოდარს არ გაუშვებდნენ, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამიტომ „ინტერპოლს“ პრაღაში მხოლოდ ალყაში ჰყავდათ მოქცეული ბოროტმოქმედები. 5 საათის შემდეგ ნატამ ბათუმიდან დაურეკა სილოვანს და უთხრა, რომ ნოდარი მას უკვე მიუყვანეს. ეს სიტყვები იყო ოპერაცია „მებადურის ქსელის“ დაწყების სიგნალი. მას ერთობლივად ატარებდა „ინტერპოლი“ ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად. სულ რაღაც 3 საათის განმავლობაში 21 ბოროტმოქმედი დააპატიმრეს, მათ შორის 9 ქალი, რომლებიც არაერთ მძიმე დანაშაულში იყვნენ მხილებულნი. „მებადურის ქსელს“ ორგანიზებული ქართულ-უკრაინული დაჯგუფების თითქმის ყველა წევრი მოჰყვა, მათ შორის მურთაზ კობერიძეც, რომელიც პრაღაში აიყვანეს. სასამართლომ ყველა დამნაშავედ სცნო და ისინი ევროპის ამ ოთხი სახელმწიფოს ციხეებში გაანაწილეს. კობერიძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ჩეხეთის ციხეში იხდის სასჯელს, სადაც კიდევ 11 წელი უნდა გაატაროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი