კრიმინალური ისტორიები

რატომ უთხრა უარი ისრაელმა საბჭოთა კავშირს გატაცებული კოლექციის დაბრუნებაზე

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 15.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

 

კოლექციონერი

38 წლის მოისეი ზენკევიჩი შთამომავლობით კოლექციონერი იყო და საბჭოთა კავშირში ძვირფასი სამკაულებისა და ძვირფასეულობის უნიკალურ კოლექციას ფლობდა. ამ ნივთების შეგროვება ჯერ კიდევ ბაბუამისმა დაიწყო მეცხრამეტე საუკუნეში. ის მთელ ევროპაში მოგზაურობდა და ძვირფას სამკაულებს ყიდულობდა. შემდეგ ეს საქმე მისმა შვილმა, მოისეის მამამ განაგრძო და კოლექცია კიდევ უფრო გაამდიდრა. ხოლო როდესაც „ცარიზმი“ დაემხო, ბოლშევიკებმა ამ კოლექციის ექსპროპრიაცია სცადეს, მაგრამ მოისეის მამა „ჩეკას“ უფროსის, ფელიქს ძერჟინსკის ბავშვობის მეგობარი იყო. ამიტომ კოლექცია ზენკევიჩებთან დარჩა. მეტიც, ძერჟინსკიმ თავის მეგობარს უზარმაზარი სეიფი აჩუქა კოლექციის შესანახად. თანაც, სპეციალური საბუთიც შეადგინა. ამ საბუთის მიხედვით, კოლექცია ხელოვნების ძვირფას ნიმუშებს წარმოადგენდა, კონფისკაციას არ ექვემდებარებოდა და საჭიროების შემთხვევაში, მის მფლობელს შეეძლო, გამოეფინა ის, თუმცა, შემდეგ კვლავ უკან უნდა დაჰბრუნებოდა მას. მომდევნო წლებში ამ საბუთს დაემატა ის, რომ ამ კოლექციის საზღვარგარეთ გატანა კეტეგორიულად იყო აკრძალული. იმავდროულად, ყოველკვირეულად ზენკევიჩის ბინაში მიდიოდა სახელმწიფო ჩინოვნიკი და კოლექციის აღწერას აწარმოებდა. სეიფის სპეციალურ ლუქს აღებდა. ერთი სიტყვით, ოფიციალურად ეს კოლექცია ზენკევიჩს ეკუთვნოდა და მის სახლში ინახებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, მასზე არანაირი უფლებები არ გააჩნდა და ერთი ძვირფასი თვალიც რომ დაკარგულიყო, კოლექციას ჩამოართმევდნენ, ზენკევიჩს კი ციხეში ამოაყოფინებდნენ თავს.

ძარცვა

ზენკევიჩი კუტუზოვის გაზმირზე, ოთხოთახიან, მდიდრულად მოწყობილ ბინაში ცხოვრობდა. ეს იყო ელიტური სახლი, სადაც პარტიული მაღალჩინოსნები და ცნობილი ადამიანები სახლობდნენ. სახლს დაცვა ჰყავდა და ყოველ მომსვლელს ამოწმებდნენ და ჟურნალში ატარებდნენ. 1969 წლის 4 აგვისტოს სახლის წინ ავეჯის გადამტანი ფურგონი გაჩერდა. მუშის უნიფორმაში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი დაცვის ჯიხურში მჯდომ მორიგესთან მივიდა, უშიშროების საბუთი წარუდგინა, რაც არაერთხელ მომხდარა და უთხრა, რომ ზენკევიჩის ბინაში ანტიკვარული კარადა უნდა მიეტანა და სთხოვა, რომ ბინაში აჰყოლოდა და კარი გაეღო, რადგან თავად კოლექციონერი დასასვენებლად იმყოფებოდა შავიზღვისპირეთში. მორიგემ მუშის მოთხოვნა შეასრულა, სიგნალიზაცია გათიშა და ოთხი მუშის თანხლებით ზენკევიჩის ბინაში შევიდა, რომლებმაც იქ უზარმაზარი კარადა შეიტანეს, დადგეს და უკან დაბრუნდნენ. მორიგემ სიგნალიზაცია ჩართო და თავის ადგილს დაუბრუნდა. 8 აგვისტოს ზენკევიჩი კურორტიდან დაბრუნდა. მორიგე გამოიძახა და ჰკითხა, საიდან გაჩნდა მის ბინაში ანტიკვარული კარადა, შემდეგ ძვირფასეულობის შესანახი სეიფი შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ კოლექცია გაძარცული იყო. სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვის უშიშროების სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ სეიფი კვალიფიციურად იყო გახსნილი, ხოლო სიგნალიზაცია – ბლოკირებული. აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ მუშაობდა უმაღლესი დონის „მედვეჟატნიკი“. ოპერმუშაკებმა უშიშროებაში მიიყვანეს მოსკოვში მყოფი ყველა „მედვეჟატნიკი“. თითოეული მათგანი სასტიკ პრესში გაატარეს, მაგრამ ყველას ალიბი აღმოაჩნდა და გაუშვეს. მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ კარადას ორმაგი ფსკერი ჰქონდა. ამ ფსკერის გამოკვლევით დადგინდა, რომ კარადაში მცირე ზომის ადამიანი იყო დამალული და სავარაუდოდ, ან ის იყო მძარცველი, ან ძარცვის ხელშემწყობი. ამ საქმეს პოდპოლკოვნიკი კრასნოვი იძიებდა. მან ბოროტმოქმედთა ძებნა ლილიპუტებში (მცირე ზომის ადამიანები) დაიწყო და კვალზეც გავიდა. დააკავეს მოსკოვის, ეგრეთ წოდებული, „ლილიპუტების ატრაქციონის“ მსახიობი ალექსეი რივკინი. დაკავების მიზეზი კი ის იყო, რომ ძარცვის დროს ლილიპუტებს წარმოდგენა ჰქონდათ, რივკინი კი წარმოდგენაზე არ იმყოფებოდა. თავიდან რივკინი ყველაფერს უარყოფდა. „მურში“ ის კაუჭზე ფეხებით დაჰკიდეს და მხოლოდ ამის მერე გამოტყდა და თქვა, რომ მას ათასი მანეთი გადაუხადეს იმაში, რომ კარადაში ჩამჯდარიყო და ვინმე ულვაშა კაცისთვის კარი გაეღო. რივკინისვე თქმით, ულვაშა მას ზენკევიჩის კართან ელოდებოდა ხოლო თავად კი სათადარიგო შესასვლელით („ჩორნი ხოდით“) ჩავიდა პირველ სართულზე, მცირე ზომის ფანჯარაში გაძვრა და ამგვარად დატოვა სახლი დაცვის გვერდის ავლით. ხოლო თუ როგორ შევიდა ულვაშა ელიტურ სახლში და როგორ გამოვიდა იქიდან ნაძარცვი ნივთებით, რივკინმა არ იცოდა. შემდგომ მორიგემ გაიხსენა, რომ სახლში იმ საღამოს სანტექნიკოსი შევიდა და 2 საათის შემდეგ გამოვიდა. სანტექნიკოსს მორიგისთვის უთქვამს, რომ წყალგაყვანილობას ამოწმებდა. დიდი ალბათობით, სწორედ სანტექნიკოსი იყო ის ულვაშა, იგივე „მედვეჟატნიკი“ და რომ მან პარიკი და გრიმი გამოიყენა. „კაგებემ“ ვერც ულვაშას მიაგნო და ნაძარცვი კოლექციის კვალიც გაქრა.

ორგანიზატორი

უძვირფასესი კოლექციის ძარცვის საქმეს ნათელი მოგვიანებით, 1973 წელს მოეფინა, ანუ მისი გაუჩინარებიდან 4 წლის შემდეგ. მას შემდეგ, როდესაც ეს კოლექცია თელ-ავივში გამოიფინა და მის მფლობელად მოისეი ზენკევიჩი დასახელდა, რომელიც უკვე ისრაელში ცხოვრობდა. ზენკევიჩი თავის ისტორიულ სამშობლოში 1972 წელს სრულიად ლეგალურად გაემგზავრა. იმ პერიოდში საბჭოთა მთავრობამ ებრაელებს უფლება მისცა, რომ „აღთქმულ მიწაზე“ დაბრუნებულიყვნენ. ზენკევიჩთან ერთად ისრაელში გაემგზავრა მისი მამიდაშვილი ოსიპ როტმანი. ის ებრაული თეატრის მსახიობი იყო. სწორედ როტმანი აღმოჩნდა „ულვაშა“, რომელმაც რივკინი დაიყოლია ზენკევიჩის ბინაში კარადით შესულიყო და კარი გაეღო მისთვის. როტმანივე იყო სანტექნიკოსიცა და „მედვეჟატნიკიც“. უბრალოდ, როტმანმა გრიმ-პარიკის მეშვეობითა და აქტიორული ტალანტის წყალობით მოახერხა რამდენიმე როლის შესრულება. ხოლო თავისი მამიდაშვილის ბინაში სიგნალიზაციის ბლოკირება და სეიფის გახსნა-ჩაკეტვა კი თავად ზენკევიჩმა ასწავლა. ძარცვის ინსცენირება კი იმისთვის დასჭირდათ, რომ ეჭვი თავად კოლექციის მფლობელზე არ მიეტანათ. ძვირფასი კოლექცია ისრაელში თავად როტმანმა ჩაიტანა ძარცვიდან ორი დღის მერე. მაშინ ებრაული თეატრი გასტროლებზე ისრაელში გაემგზავრა და როტმანმა ძვირფასი კოლექცია ოსტატურად შენიღბა თეატრის რეკვიზიტით და საზღვარზე მშვიდობიანად გადაიტანა. შემდგომ კი თელ-ავივის ბანკის სეიფში შეინახა და თეატრთან ერთად საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. ერთი წლის მერე კი უკვე სრულიად ლეგალურად გაემგზავრა ისტორიულ სამშობლოში ზენკევიჩთან ერთად.

როდესაც ამ საქმის დეტალები გაირკვა, საბჭოთა მთავრობამ ისრაელს ზენკევიჩისა და როტმანის გადმოცემა მოსთხოვა კოლექციესთან ერთად. თუმცა, უარი მიიღო. კოლექცია სრულიად კანონიერად ეკუთვნოდა მის მფლობელს და არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონდა ადგილი.

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ეს ცნობილი კოლექცია ცნობილ აუქციონზე ასტრონომიულ ფასად გაიყიდა, მაგრამ არც მისი ახალი მფლობელი დაასახელეს და არც თანხა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი