კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№1

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 16.01, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

  ტიტიკო ძამანაშვილი – ქურდობის გამო ციმბირში გადასახლება მიესაჯა და 1886 წელს ეტაპით იქნა გაგზავნილი თავიდან ხარკოვის ციხეებში. მასთან ერთად მეტეხის ციხიდან  ბორკილდადებული სხვა ტუსაღებიც მიჰყავდათ. ჰუსეინ ნაჯაფ-ოღლი, ძარცვისა და ჯაფარ-ბაბა-კიშის მკვლელობისთვის გაკატორღებული 15 წლით, ლუარსაბ კასრაძე, ძარცვისას რომ მოკლა აბრამ არუთინოვი და დააყაჩაღა ავეტის მარტიროსოვი, ვის გამოც უვადო კატორღა მიესაჯა; ალახვერდი-ალი-უსეინ-ოღლი, 1880 წელს დაჭერილი ვოლხანცევასა და სიმაკოვის გაძარცვის გამო; სულეიმან-მიკელ-ოღლი და ასად მაშადი გაჯი ალი ოღლი, ორივე რვა წლით კატორღა მისჯილი ძარცვის გამო; და კიდევ სამი თათარი, მკვლელობისა და ძარცვის გამო გაკატორღებული. ფასანაურის სატუსაღოში ღამის გათევის დროს ისინი ლუარსაბ კასრაძის მოთავეობით ბადრაგს თავს დაესხნენ, იარაღი აართვეს და გაიქცნენ, თუმცა ისინი მალევე შეიპყრეს. ყველას კატორღის წლები დაუმატეს, ძამანაშვილს რვა წელი მიუსაჯეს და ამას გარდა, ორმოცდაათი როზგი დაჰკრეს. სხვებსაც, ზოგს ორმოცი, ზოგს სამოცი მოხვდა. კასრაძეს კი, როგორც გაქცევის მოთავეს, ოთხმოცი როზგი და ამას გარდა თხუთმეტი წლით გამოსაცდელ განყოფილებაში ყოფნა და ერთი წლით ურიკასთან ბორკილით მიბმა მიუსაჯეს.

კნაბე შფოთავს
თეოდორ კნაბე უკვე ორი დღეა, აღარ გამოსულა ოთახიდან და ფიქრს მისცემოდა. მან შეიცვალა ადგილსამყოფი და „ევროპეისკიე ნომერაში“ აღარ იდგა. ბინა მას მერე გამოიცვალა, რაც საფულე დაკარგა. იქნებ ამოაცალეს და სად და როდის, ამას ვერ ხვდებოდა, შესაძლოა, ცხენის რკინის გზაზე, როცა კონდუქტორს შეცდომით თუ თაღლითობით მიყიდული ბილეთის გამო ედავებოდა, ან ქუჩაში, რომელიმე მაღაზიაში თუ ბაღში, ახლა რას გაიგებ. ის დარდობდა არა ფულის მოკლებას, არამედ იმ შედეგს, რისი მოტანაც ამას შეეძლო. დიდი ალბათობაა, რომ ეს ფული ორლესულ მახვილად იქცეოდა, ვის ხელშიც აღმოჩნდებოდა. თავსაც დაიჭრიდა და ალბათ, მასაც მოსწვდებოდა. მოსწვდებოდა ყველა შემთხვევაში, რაკი ასე დაურიდებლად დანარჩენ ფულს ვეღარ გამოაჩენდა.
ყველაფერი ასე ახდა.
თეოდორ კნაბემ რამდენიმე დღის მერე შეატყო, რომ მის უკან ვიღაც მოაბიჯებდა, ის ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა ამ ნაბიჯებს. აშკარა იყო, რომ ქალაქი გამოცვლილიყო. იმის რიტმში ახალი აკორდი გაჩენილიყო. მართლა ასე იყო თუ ეს მხოლოდ მის გონებაში იხატებოდა? იქნებ ეჩვენებოდა? გაღიზიანება მატულობდა. მან თავი ანება ბაღებში სიარულს, სახლიდან გასვლასაც ერიდებოდა. თუმცა მარტო ყოფნაც ძნელი აღმოჩნდა. ვერც გაზეთს დაუდო გული, ვერც ფიქრებთან გაჩერდა დიდხანს და ბოლოს ადგა, სერთუკი მოიცვა და გარეთ გასვლა დააპირა. მან კარი გამოიხურა და კიბეზე დაშვებას იწყებდა, რომ მას კიღამ დაეტაკა და ცხვირით შეასკდა ვიღაც ზევით ამომავალი.
დავით ძეგველოვი – ციხიდან გამოსვლის შემდეგ დუქანი გახსნა მეოთხე ნაწილში. საერთოდაც, ხშირად იყო, როცა დუქნებს ძველი ნაციხარი ხალხი ხსნიდა. იმათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს დუქნები ხშირად ავაზაკების ბუდეებად იქცეოდა. აქ მიდიოდა ნაქურდის შენახვა, იარაღის გადამალვა და ციხიდან თუ კატორღიდან გამოქცეულებიც ხშირად აქ პოულობდნენ თავშესაფარს. პოლიციაც პირველი ამ დუქნებს დაეცემოდა და ბლომად უპასპორტო და უსაქმურ ხალხს აკავებდა. აქ ხშირი იყო ხმაური და აყალმაყალი, ასე 1873 წელს ძეგველოვის დუქანში ქაღალდის თამაშის დაშლისას ჩხუბი ატყდა ღამის პატრულსა და იქ მყოფთ შორის. კანონს არ ემორჩილებოდნენ ტელეგრაფის სადგურის რევიზორი სააკოვი, გადამდგარი პოდპორუჩიკი შეინოვი და ოფიცრის შვილი სოლომონ ზარანოვი და ხელი გაარტყეს და იარაღები წაართვეს განინსა და დალიოკის, წიხლიც არ დაიშურეს. ძეგველოვს ეს დუქნის დაკეტვად და მეტეხის ციხის ჰაერის ყლაპვად დაუჯდა.
გიგო ძნელაძე – ქურდი. ყველაფერთან ერთად, ყეენობისას პამპულას სამოსს იცვამდა და საერთო ხმაურითა და ხალხმრავლობით სარგებლობდა, ღია დუქნებში შედიოდა და სხვადასხვას იპარავდა. ის მოესწრო ბოლო ყეენობასაც 90-იან წლებში. ყეენობა ტფილისში გავრცელებული იყო ძველი დროიდან და გამოხატავდა ქალაქელთა დაუმორჩილებლობას დამპყრობელ შაჰისა და ხანის მიმართ. დიდი მარხვის პირველ ორშაბათს იმართებოდა და ყეენის მტკვარში მოსროლით სრულდებოდა. იყო დრო, როცა ყეენს ბოტანიკურ ბაღში უდგამდნენ ტახტს და ამას კრივი მოსდევდა, როცა ორ ბანაკად გაყოფილი ქალაქი ერთიმეორეს ხის ხმლებით დაერეოდნენ. მერე ის თანდათან იცვლებოდა. კრივი მას ჩამოშორდა და ყეენის ოდენ ქუჩაში აქეთ-იქით ტარებით ჩაენაცვლა. რამდენიმე ყეენიც ჰყავდათ ხოლმე ტფილისში ერთდროულად და ყოველ უბანს თავისი გამოჰყავდა და ვირსა თუ აქლემზე შემომჯდარს დაატარებდნენ. ნელ-ნელა რუსებმა ესეც ამოკვეთეს, ჯერ გოლოვინსკზე და მთავარ ქუჩაზე გავლა არ დაანებეს და შემდეგ მთლიანად მოსპეს. საბაბად გაისმოდა, რომ ყეენს სპარსული ხალათის ნაცვლად რუსული მუნდირი ჩაეცვა. ძნელაძე კი 1892 წელს დაიჭირეს, როცა სიმონოვის ქუჩაზე პროვიზორ ჟილსკის ასულის ბინიდან 50 მანეთად ღირებული მელიის ქურქი მოიპარა. შემდეგ 1894 წელს დააკავეს, როცა მიხეილის ქუჩაზე მკერავი კუნიევის დუქნიდან მოიპარა სხვადასხვა ტანსაცმელი. 1897 წელსაც დაიჭირეს, როცა სალდათის ბაზარზე, სპარსელი ბაბა-ისმაილ-ოღლის საჩაიეში ცლიდა ნაქურდს.
გიგო შერმაზანოვი – ჯიბის ქურდი, ცალი ხელი ჰქონდა გაფუჭებული, ასე დაიბადა. როცა დედამისს მშობიარობა დაუგვიანდა, ბებიაქალმა კამეჩი მოაყვანია, როგორაც ასეთ დროს შვრებოდნენ და ის მის ფეხებს შუა გააძვრინა რამდენჯერმე. კამეჩმაც დაჰკრა ფეხი მუცელში და შერმაზანოვი კუნტი ხელით გაჩნდა. ის სალდათის ბაზარზე, ტალახსა და აყროლებულ სუნში დაყრილ საჭმელებს შორის დადიოდა საქურდად. რაც სულში ედო, იგივე ტრიალებდა მის გარშემოც. გაისმოდა მეფურნეების ხვრინვა, თავი გამომცხვარ პურზე რომ დაედოთ. ყასბები კი ჭუჭყიანი წინსაფრებითა და ახალუხებით იმ მაგიდაზე იწვნენ, ცოტა ხნის წინ დიდი დანებით ხორცს რომ ჭრიდნენ. ამათ შუა თუ ქალი გაივლიდა, არც იმას დააყრიდნენ კაი დღეს, ეარშიყებოდნენ და სხვადასხვას მიაძახებდნენ. აქ დადიოდა და ქურდავდა. ის დაიჭირეს 1880 წელს, როცა ალექსანდრეს ბაღში სპარსელ ებრაელს, იუსუბ-იაკუბ-ოღლის ჯიბე მოაჭრა.
სერგეი შიგროვი სურამელი და არჩილ ბლიაძე – დაიჭირეს ავლაბარში 1900 წელს ფაეტონში 11 მოპარული ხალიჩით. გარადავოი ზგონიკოვმა შენიშნა ფაეტონი ჩამქრალი ფარნებით და შიგ ნახა ეს ქურდები. ხალიჩების ქურდობა ცალკე ამბავი იყო, ამას იბარებდნენ არა მხოლოდ ხელის დამცლელები, პირველი და მეორე გილდიის ვაჭრებიც არ თაკილობდნენ. ბევრ ქარვასლაში მოინახებოდა მოპარული ხალიჩა. ეს სარფიანი საქმე იყო. ხალიჩები იმპერიის გარეთაც გადიოდა. ამის მთხოვნელი იყო შაჰის კარიც, ხონთქრის კარიც და ნაირგვარი სავაჭრო სახლები ბერლინსა და პარიზში. ასე 1899 წელს ტფილისში ჩამოვიდა ვენის სავაჭრო სახლის ბორგარდ და კ-ს წარმომადგენელი და 30 ათასის ხალიჩები იყიდა. ძველი ამათში 18 ხალიჩა ეპოვა. მათ შორის იშვიათი, ხორასნული ხალიჩა, სულ თეთრი, სულ სამი გირვანქის წონისა, რომელიც თავიდან თეირანში სპარსეთის შაჰისთვის გასაგზავნად იყო მოქსოვილი. ასე რომ, ხალიჩებით ვაჭრობა მეტად სარფიანი საქმე იყო და ქურდობაც ფართედ გაეჩაღებიათ.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი