კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№52

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 02.01, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ვირის ხიდი
– შენ არ გვიწყინო ასეთი მოპყრობა, – ჩასჩურჩულებდა ისააკა ტერ-ზაქაროვს, – აბა ეხლანდელ დროში ფარსაგ კაცს ნახავ?

ისააკას კარტუზი ეხურა, ხელკავი გამოედო ოჰანეზასთვის და საღამოს დაღმართებში მოდიოდნენ. ოთხი სხვა ქურდი მოჰყვებოდა მათ უკან.

– ეხლაა საჭირო დიოგენის ფარანი, რომ სადმე ბნელაში მიკუნჭული ნამდვილი ადამიანი ნახო, – აგრძელებდა ის ტკბილად.

ოჰანეზას ეფიქრა და ვერაფერი ეპოვა იმაზე უკეთესი, რომ დაჰყოლოდა ამათ ნებას და ამ ახალი ჯანიბეკოვის ჩვენების ყაბული ეთქვა. ეს ჯანიბეკოვი სად ცხოვრობდა, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, ერთი დათქმული ადგილი ჰქონდათ, იქ ხვდებოდნენ ერთიმეორეს და იქ გადმოსცემდნენ მას ამ ფულს. ასე ეთქვა ამათთვის. ახლა იმ დათქმული ადგილისაკენ მიდიოდნენ. ასე ერთად მიაბიჯებდნენ და არ იცოდა, რა ექნა. გასხლტომა რთული წარმოსადგენი იყო ხუთი ამისთანა ავაზაკისაგან.

ავლაბრის ხიდზე როცა გადმოდიოდნენ, უკვე შებინდებული იყო და ამათ მიახლოვებისას ხიდზე ბლომად სხვა გზით მომავალი ხალხი გამოჩნდა, ღვინითა და საზანდრით შემთვრალი და ღონემოსული.
აბა, რა იცოდა ოჰანეზამ და იმისმა ამალამ, რომ ესენი იყვნენ თამამშევის ბაღიდან მომავალი მოქეიფენი, რომელნიც მთელ ქვეყანაზე განთქმულ შექსპირის დრამათა არტისტ ერნესტოროსის მოაცილებდნენ, ვისაც ხონთქარმა ოდესაში შეუთვალა, დიდ თანხას გადაგიხდი და სტამბოლში ჩამოდიო, ოღონდაც ამას სიტყვა არ გაეტეხა და ტფილისში ჩამოსულიყო, საცა ყოველ საღამოს არწრუნისეულ ქარვასლებში შექსპირის მთელი ომი და მშვიდობა გაემართა. ხან მეფე ლირს და ხან რიჩარდ მესამეს, ხან კორიოლანოსსა და ხან ზანგ ოტელოს თამაშობდა და ხან მაკბეტად წარმოსდგებოდა, ხან დანიის პრინცად.

როცა ხიდზე ლეკური და თამაში გაიმართა, ამაში რამდენიმე კინტოც გაერია იქ გამავალი და მყოფი და დიდი ხმაურობა შეიქნა. და ამას რევოლვერის სროლაც მოჰყვა და ამ ხმაურსა და ერთ ამბავში ერთმა თუ გასამხნევებლად, თუ ღვინო თავში ავარდნილმა, ხელი ღონივრად დაჰკრა ისააკას და იმას ხელი გაეშვა.
ოჰანეზას წამის ერთი მისხალი დასჭირდა, რომ ფეხი დაეკრა და გაქცეულიყო. ის გარბოდა და უკან არ იხედებოდა. გარბოდა და უკან ნაბიჯის ხმა ესმოდა, გაისმა სროლაც, დაუნანებლად, რაც ამ ხმაურსა და დღეობაში დაიმალებოდა იოლად და ოჰანეზა კი გარბოდა და შესახვევებს არ ითვლიდა. და როცა თითქოს აი, ახლა უნდა გასკდომოდა გული იმის წინ გადმოხურული ეტლი გაჩნდა ქუჩაზე მიმავალი და ოჰანეზა შიგ დაუკითხავად შევარდა. შეშინებულ ოჰანეზას იქ ლივერპულიდან ახლად ჩამოსული გიორგი ერისთავი დაუხვდა გაპიწკინებული ულვაშითა და მდიდრული ევროპული სამოსით.

ნიკო ტოპრელაშვილი – ქურდი, 1903 წელს ბაყალხანის ქუჩაზე, შადინოვის ქარვასლა გაქურდა. შემდეგ ნაქურდის ნავში ჩატანას აპირებდა. ქარვასლა მან ახალ წელს გატეხა და ვერ გათვალა, რომ ხიდის ქვეშ ხალხი იყო მოგროვილი, რომლებიც იმის მოლოდინში იყვნენ, წყლიდან გველი როდის ამოყვინთავდა, იაგუნდებსა და ზურმუხტებს ამოყრიდა და ისინიც სტაცებდნენ ხელს და ბედნიერებას წამოიღებდნენ. ამის ნაცვლად ქარვასლიდან გადმომძვრალი ტოპრელაშვილი დაინახეს და რაკი ამ ბედის მაძიებლებში ასასიც ერია, იაგუნდებს არა, მაგრამ ტოპრელაშვილს სტაცა ხელი და დაიჭირა.

ესტატე ტურაბელიძე – 1900-იანი წლების ლოტოს შულერი. „რუსულ კლუბში“. ლოტოს ქაღალდებს ზედ სხვადასხვა ციფრებს აწეპებდა და ამით ხშირად იგებდა. დაკვებისას ხელში ეკავა ლოტოს ქაღალდი, რომელზედაც დაეწეპებია 17-ის ნაცვლად 18 და 90-ზე 81 გადაუწეპებია. ამას გარდა, ჯიბეში უპოვეს გაყალბებული ლოტოს დასტები „ავლაბრის საზოგადოებრივი კლუბიდან“ და მეორე ჯიბეში – მაკრატელი. ლოტო ტფილისში გავრცელებული თამაშია და არა მხოლოდ ოჯახებში. შემორჩენილია ამ კოჭების ზედმეტი სახელებიც, „ტუდი სუდი“, „დესიატნიკ ბერუა“, „ბალაბანი პალკა“, „სტარიკ“ და მისთანები. „რუსულ კლუბში“ შულერობდა იმავ დროებაში კოლდარ იუსუფოვიც, ის „ბაკარას“ თამაშისას ჩავარდა, როცა ლაზარიო სიმილიდისსა და პრაპორშჩიკ ლორთქიფანიძეს ეთამაშებოდა. ის ალფრედ სკარჟინსკიმ გამოიჭირა, ავიატორმა, მასთან 500 მანეთი რომ წააგო და დაინახა, როგორ შეცვალა იუსუფოვმა კლუბის ბანქოს დასტა თავისი ჯიბიდან ამოღებულით და უმალ „ბრაუნინგი“ მოუღერა და მის წინ მაგიდაზე მოლაგებული 785 მანეთიც წაართვა. ამასთან შეცვლილი დასტაც ამოუღო ჯიბიდან და დააჭერია.

იოსებ ტურიაშვილი – 90-იანი წლების ქურდი. ერთი ხანობა დამქაშობდა შუქურ ბეკ კასუმ ბეკ ოღლისთან, ვისთან ერთადაც გიური მამედ კოზის საროსკიპოში შევიდა, მე-6 ნაწილში და იქიდან ზარდახშა გამოიტაცეს. შემდეგ მარტოც ქურდობდა. ფანჯრებში ძვრებოდა, ჯერ ფრთხილად იღებდა იქიდან მინის სამაგრ თიხას და მიწასაც უხმაუროდ და შიგ ძვრებოდა. ნიკოლოზის ქუჩაზე, საგინოვის სახლში მცხოვრებ თავად ილია ჭავჭავაძეს მოპარა 1893 წელს ვერცხლის ჭიქის ჩასადები და ვერცხლისავე კოვზი. ბრმების სკოლა გაქურდა, ალექსანდრეს ქუჩაზე, ებრაელ ვოლფზონ მენზონს ამოაცალა ჯიბიდან ორასი მანეთის თამასუქები და თხუთმეტ მანეთად ღირებული ვერცხლის საათი. მერე ავჭალის ქუჩაზე პრიდონოვისა და დიკენსონის ღვინის მაღაზია გაქურდა. ჩავარდა 1896 წელს, როცა სარეცხი მოიპარა და სულეიმან სალის ოღლის მიჰყიდა, ვინაც დაასმინა პოლიციას.

სადინ ურუსოვი – ყაზანელი თათარი, 90-იანი წლების მიწურულის მძარცველი. ტფილისში მალაკნელი ვასილისა ვორონინას მკვლელობაზე იძებნებოდა. მალაკნების ქუჩა ორი იყო – პირველი და მეორე. მეორეზე იყო ბლომად სამიკიტნო, ლუდხანები, სასმელი ადგილები, ქაღალდიც ითამაშებოდა, ფულის აგდებაც. ხმაური იყო იქ ბლომად და ხშირად. იქ გამომთვრალები არცთუ იშვიათად გაივლიდნენ პირველ ქუჩაზე და თავიანთი სატრფოებისა და მიჯნურების სახელებს დასძახებდნენ და ახლა იმათი პატრონები გამოუვარდებოდნენ და დავიდარაბაც ტყდებოდა. ასე მეორე მალაკნების ქუჩაზე გამომთვრალი სადინ ურუსოვი და მისი დამქაშები, დიმიტრი ამოდუროვი და ივან ბერესლავცევი სახლში შეუვარდნენ ვასილისა ვორონინას, თუმცა აქ სამიჯნურო არაფერი ყოფილა, ცარიელი ავაზაკობა და ძარცვისას ის მოკლეს, ისინი ერთი ხანობა იმალებოდნენ და შემდეგ რიგრიგობით სამივე დაიჭირეს.
სოლომონ უფლისოვი – ოთხჯერ იჯდა ციხეში. ყველანაირ ქურდობაში გაერია. ის საფრდებოდა კრასნაია გორკაზე აღდგომას და როცა გასაჯიბრებლად წითელ კვერცხებს აგორებდნენ, თუ ვისი უფრო შორს ჩაგორდებოდა და არ გატყდებოდა, ხელს სტაცებდა და გარბოდა. 1886 წელს ამაღლების ეკლესიაში შესაწირის ყუთი მოიპარა და ამაზეც დაიჭირეს. ის მოკლული ნახეს ვერაზე, ჯვართან.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი