კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№9

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 13.03, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ბორის დოქტოროვიჩი – 90-იანი წლების ქურდი, ჯიბგირი, სტავროპოლის მკვიდრი. ტფილისისკენ მოიწევდნენ ბლომად და სხვადასხვა გუბერნიებიდან. ქალაქში შესვლა, გამოსვლა იყო ფართო და დაუთვლელი, აღრიცხვა გაჭირდებოდა. ყალბი პასპორტების ოდენობაც მეტად დიდი იყო. აქ იმალებოდნენ. აქ სხვადასხვა საქმეს მისდევდნენ. ტფილისზე გადიოდა სავაჭრო გზა თეირანსა და ოსმალეთზე და ასეთი მსუყე ლუკმის ჩაგდებას ბევრი ცდილობდა. სტუმრიანობაც ტფილისს არ აკლდა, სხვადასხვა მგზავრი სპარსეთში მიმავლები, აქ ჩერდებოდნენ. ეს, თავის მხრივ, ძარცვის ცდუნებას აჩენდა. სასტუმროებში შეძვრომა და იქიდან სხვადასხვას გამოტაცება ცალკე ხელობად იქცა. მეხუთე ნაწილის გოროდოვოი ბოსოვმა დააკავა დოქტოროვიჩი სალდათის ბაზარზე 1900 წელს, მოპარული ვერცხლის პორტსიგარით, რომლის გაყიდვას ის 3 მანეთად ცდილობდა.

სპარსელი კონდიტერი

არტემ გასპარიანცს სპარსეთის ქვეშევრდომის ქაღალდი ჰქონდა და სადარბაზო ბარათზე ფრანგულად ეწერა Confiseur, რაც კონდიტერად მოითარგმნება და მთელი დასტა ჰქონდა ჟილეტის ჯიბეში. სერთუკი ეცვა, შლაპა ეხურა და ხელის ჯოხიც დაეკავებია.

ის სპარსეთში ევროპული ტკბილეულობის შეტანას აპირებდა. ამ ტკბილეულობასთან ერთად კი – ევროპის ცივილიზაციისაც.

ეს იყო კრემ-ბრულე, კრაფტის შოკოლადი და მონპასე, აბრიკოსის კანფეტი, კონსერვის ატამი და ბლოკერისა და ჟორჟი ბორმალოს კაკაო. ამით აპირებდა ის სპარსეთის დაპყრობას.

ის სტუმრობდა ტფილისის სხვადასხვა საშაქარლამოსა და მაღაზიას, იარალოვის ტკბილეულობის ქარხანას კათოლიკეთა ქუჩაზე, დიუფურას საკანდიტეროს ველიამინოვზე და მურადოვის საკანდიტეროს ბულვარზე. ცოტ-ცოტას ყიდულობდა ყველაფერს, თითქოს სინჯად და საფიქრად.

– ეს შუა ბაზრის პიროჟნი არ გეგონოთ, – ამბობდა პრიალათმიანი მედახლე, როცა გასპარიანცმა ნამცხვარზე თითი დააჭირა და შემდეგ ზედ აყოლილი შაქრის პუდრა ცხვირსახოცით გაიწმინდა, – ეს არის ადესის ფქვილზე დამზადილი საუკეთესო ტკბილეული.

– ესეც მაჩვენეთ, – ბეჭდიანი თითი სულ სხვა მხარეს გაიშვირა შაჰის ქვეშევრდომმა.

– აი, ინებეთ, – აქეთაც გაჩნდა დახლიდარი, – ეს რომით არის, ნამდვილი ვესტ-ინდიური რომი გახლავთ. მარსელიდან ცეცხლის გემით ჩამოაქვთ. ამას ყავა უხდება – ისარგებლა პრიალათმიანმა და თუნუქის კოლოფიც გადმოიღო, – ეს „ეინენის“ ყავაა, აი, შეხედეთ ეტიკეტს. ასეთს ვერ დაბეჭდავს ყალბი ტიპოგრაფია.

– კაკაო მირჩევნია, – გაიკეთა კომერსანტმა მონოკლი და ერთ სხვა ყუთზე მიკრულ ქაღალდს დააცქერდა.

– კაი გემოვნება გქონიათ, ეს ვან გუტენის კაკაოა, ამის გარეშე მალე დილა აღარ იქნება ტფილისში, – თითქოს კოლოფზე დახატულ ნიკაპზე წამოზრდილწვერიანი კაცივით არიგებდა ნოქარი მეშაქარლამეს.

– იყოს ერთი გირვანქა, – თვალებით გააცილა გასპარიანცმა კოლოფიდან გადმოყრილი ყოველი უნცია.

– ამის მოსმა მხოლოდ აცტეკების იმპერატორს შეეძლო, ვიდრე ხრისტოფორე კოლუმბი თავს დაატყდებოდათ, – გამოაჩინა ცოდნა დახლიდარმა პროფესიულ ღიმილთან ერთად.

არომატი მართლაც გასაოცარი ჰქონდა. გასპარიანცი ენის წვერით სინჯავდა და ყურადღებით უსმენდა კონსისტენციისა და შიგ შემავალ ინგრედიენტების შესახებ.

ტარიელ დუგვაძეშვილი – ქურდი, 1903 წელს გაქურდა ვაჭარი შარაბაბჩევი და მოიპარა ზანდუკი შიგ ათასი მანეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთებით და ხუთი ათასის თამასუქებით. ეს ყველაფერი მან ალექსანდრეს ბაღში დაფლო, თითქოსდა გამოქვაბულში, თითქოსდა არსენა ყაჩაღი ყოფილიყო. ტფილისში მართლაც დაიარებოდა არსენა ოძელაშვილი, ჯიბის ქურდი. იმავე ხანებში ის ტრამვაიში ჯიბგირობდა. ზემელის აფთიაქთან, ტრამვაიში შემხტარმა, მან ქალბატონ ბეკს გაუხსნა რიდიკული და იქიდან პორტმონე მოჰპარა შიგ ოცდაათი მანეთით.

ერნესტ ეპელბაუმი – იყო მეათე ნაწილში გაჩენილი ბანდის წევრი, რომელიც სულ უფრო დათარეშობდა და შემდეგ წლებში იქაურობა აკლებული ჰყავდა. ის არ ერიდებოდა გარადავოების დაყაჩაღებასა და მკვლელობას. ეპელბაუმმა 1905 წლის არეულობის დროს დაიწყო თავის ბრბოსთან ერთად მედუქნეებისგან ფულის გამოძალვა. ამავე წელს ელისაბედისა და ფეიერვერკის ქუჩის კუთხეში, ის აგალო ავეტიკოვის დუქანში შევიდა სამ ნასვამ დამქაშთან ერთად, იქ მადერთან მომუშავე გიორგი მაისურაძე რევოლვერით მოკლა და ამაზე დაიჭირეს.

ებრაელი შაითან ბაზარში

აბრამ მოშიკაშვილი პატარა სირაჯხანის შესახვევში, ხეროდინოვის ქარვასლის წინ იდგა, საცა ებრაელები მანუფაქტურით ბითუმად ვაჭრობენ. თუმცა მას გილდის ნებართვა არ ჰქონდა და არც კომერციას მისდევდა. ის სპარსელი ურია იყო.

მისი ნაბიჯი იყო ფრთხილი, წონასწორი. მას ბინა გამოეცვალა და ქირით სხვა ალაგას გასულიყო. თოთხმეტი მანეთი უჯდებოდა ეს ახალი სადგომი, სამი მანეთით მეტი, ვიდრე წინა.

თვლა აბრამ მოშიკაშვილს ემარჯვებოდა და არა მარტო ამ იმპერიის ფულისა, სხვებისაც და მათი ერთმანეთთან მიმართებაც და ნიხრიც სცოდნოდა კარგად. ერთ თურქულ ლირაში ასი პიასტრია, ყოველი პიასტრი იყოფა ორმოც ფარად. სპარსული ოქროს თუმანი ათი ყრანია, თითო ყრანში ოცი შაჰია, ერთი ყრანი ერთი აბაზია, ერთი ტალერი – ოთხმოცდათორმეტი კაპიკი, ფრანგული ფრანკი – ოცდაჩვიდმეტი კაპიკი, ხოლო ეგვიპტური ლირა და ინგლისური გირვანქა, ორთავე – ცხრა მანეთი. ბაზარში სხვადასხვა ფულის ოდენობა აბრამ მოშიკაშვილის ანგარიშს არ ართულებდა, არც აუარება სხვადასხვა გამვლელი და მოარული. თუ ოსმალეთში ამ ბაზრის ხმაურს, მუშტარს, ყარიბსა და ხალიჩობას შეგიძლია, ყავახანიდან უცქირო, სპარსეთი ასეთ ყავახანებს არ ცნობს და იქ თაღებს ქვეშ დაიარები და სიარულში იცვლი არეს და გარემოს. ტფილისში კი, გარდა იმისა, რომ ევროპასა და აზიას მოენახა ერთმანეთი, ეს ორთავე აზიაც შეყრილიყო და მათი მეჩეთებიც ხელის გაწვდენაზე იყო ერთი მეორისაგან. თუ რაიმე დუქნის აყალმაყალი არ იყო, სუნიტი და შიიტი არას ერჩოდა ერთიმეორეს. ჩაისაც ერთი ვინ უსხავდა. მირზოევის აბანოს ჩაის დამტარებელნი გამვლელთ წყურვილს უკლავდნენ, მაჰმადიანებისათვის მათი რჯულის კაცი დადიოდა, ქრისტანებისათივს – ქრისტიანი. დახლებს შუა კი ბრმა აშუღების საზანდარი იდგა, დაირა, თარი, ჭიანური და დიპლიპიტო ეკავა და ქორ-ოღლიზე მღეროდა. ამათ რომ ჩაუარა, აბრამს ვიღაც დაეჯახა და გასცდა, მან კი უმალ უბეზე იკრა ხელი და რაკი იქ საფულე ვეღარ მონახა, მობრუნდა და ამ მხრის გამკვრელს გაედევნა, ყვირილიც დააპირა, თუმცა თვალი გარადავოის მოჰკრა და ერთიანად შეკრთა. ბაზარში პოლიცია დაიარებოდა. ჯავრი კი ჰკლავდა დაკარგული ფულის გამო, მაგრამ ხმაური არ აუტეხავს.

ალი ალახპერ მამედოვი – იაპარავდა ძვირიან ხალიჩებსა და ამას შემდეგ ჰყიდდა პირველი გილდის ვაჭარ სეროპ გიულბენკიანს, თავისი მაღაზია რომ გაეხსნა მანთაშევის რიგებში. მასთან აღმოაჩინეს მასკუბ რასულოვთან მოპარული ხალიჩები, თუმცა გიულბენკიანი დაუძვრა სასამართლოს. მამედოვი კი ჩასვეს ციხეში. მოკლეს 1905 წელს ენფიანჯიანცის თამბაქოს ფაბრიკასთან, ვაგზლის ქუჩაზე, ჯარისკაცებსა და გაფიცულთა შორის ატეხილი სროლისას. მას ამ არეულობაში მოეპარა ხალიჩა და თან მიჰქონდა. ბერდანის თოფიდან გამოვარდნილმა ტყვიამ კი ადგილზევე მოკლა. მისი გვარი წერია ამ შეტაკებისას მოკლულ 38 ადამიანს შორის.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი