იუმორი

ვაჟას მოქნეული მუშტი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.06

ვაჟა
დაკოპირებულია

ივანე ბუქურაული იგონებდა: ერთხელ, პეტერბურგში სწავლის დროს, ვაჟასა და მის ძმას, გიორგის ფული სულ გამოლეოდათ და მშივრები სეირნობდნენ. ამ დროს ერთი ნაცნობი გერმანელი სტუდენტი შეხვედრიათ, რომელსაც შეუთავაზებია, ბილიარდი ვითამაშოთ და წაგებულმა სადილის ფული გადაიხადოსო. ვაჟას ძალიან გახარებია, რადგან ბილიარდს კარგად თამაშობდა და მოგების იმედი ჰქონდა.

თამაში ვაჟასა და გიორგის სასარგებლოდ დამთავრდა, მაგრამ გერმანელმა რაღაც მოიმიზეზა, გავიდა გარეთ და გაიპარა. ბილიარდის პატრონმა ვაჟას და გიორგის ფული მოსთხოვა. ძმები ამაოდ ცდილობდნენ აეხსნათ მისთვის გერმანელ სტუდენტთან მოლაპარაკების პირობა. დაწესებულების მფლობელმა ხელქვეითები მოიხმო და ძალით სცადა გირაოში ქუდი წაერთმია გიორგისთვის. ვაჟასა და გიორგის, ცხადია, ამის უფლება არ მიუციათ. გამართულა ხელჩართული ჩხუბი, რომელშიც ქართველ ძმებს რვა კაცი უცემიათ.

რამდენიმე ხნის შემდეგ გიორგი ერთ ევროპულად ჩაცმულ ახალგაზრდას გაუჩერებია ნევის პროსპექტზე და უკითხავს, ამა და ამ დროს თქვენ იჩხუბეთ ლუდხანაშიო? გიორგისაგან დასტურის მიღების შემდეგ უცნობს უთქვამს:

– მე ბოქსიორი ვარ, მთელი ევროპა მაქვს შემოვლილი, ჩემს დარტყმას ძნელად თუ უძლებდა ვინმე, მაგრამ თქვენი მუშტი უფრო მწარე ყოფილა. ისეთი შემომკრა ფერდში თქვენმა ძმამ, რომ მოცელილი ბალახივით დავეცი იატაკზე. შინ რომ მივედი, ფერდი დალურჯებული მქონდა და სამი დღე და ღამე კომპრესი მედოო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი