ნამდვილი რაინდი
ავტორი: „თბილისელები“ 13:38 12.09
სანდრო რაზიკაშვილის (ვაჟას ძმის) მოგონებებიდან: „ერთხელ შემისვა ვაჟამ ცხენის გავაზე და მოვუსვით არაგვის ხეობისაკენ. ბულაჩაურს რომ გავცდით, ვნახეთ, ერთის ვენახის პატარა კარებიდან რაღაცამ გამოყო თავი. ამის დანახვაზე ვაჟას ცხენი დაფრთხა და კინაღამ არ გადმოგვყარა. ცხენს რაღაც ეგონა და კაცი კი აღმოჩნდა. გაჯავრებულმა ვაჟამ დეზი ჰკრა ცხენს და ზედ იმ ვენახის კარზე მიაგდო, საიდანაც გლეხი გამომძვრალიყო.
– ჰაი, შე ბრიყვო, შენაო! დასჭყივლა ვაჟამ, როგორ თუ შენ ცხენი დამიფრთხეო და მათრახი დაუტუნტურა.
– ე მანდ მისდიხართ, გაიარეთ მამის ჩემის ცხონებამ, უთხრა გაჯავრებულმა არაგველმა, თორემ ხო ჰხედავ ამ ჭიგოსაო და მოუღირა ერთი ვეებერთელა ჭიგო.
ამ სიტყვების გამგონე ვაჟამ ერთი კი გადაიხარხა რა და იმისთვის დამიზნებული მათრახი შემოჰკრა თავის ცხენს და გავსწიეთ შინისაკენ.
– ვერ უყურებ, როგორ მაგრად დამიხვდა ეს ჩვენი არაგველიო, სიცილით მეუბნება ვაჟა. ვინც კი შემოგვხვდა ნაცნობი, ყველას უამბო ვაჟამ ეს ამბავი.
ვაჟა ნამდვილი რაინდი იყო. იმას ის არაგველი შესაჭმელად არ ეყოფოდა, მაგრამ რაკი ისიც მაგრად დაუხვდა, ვაჟამაც იმის ვაჟკაცობას პატივი სცა და ხელი აღარ ახლო”.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




