ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეიძლება თუ არა პიროვნული სამყაროს გახსნა და რას გვიყვება ადამიანის შესახებ ცერა თითის ხაზები და ნიშნები

№36

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 17.09, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დღემდე არაერთხელ გვქონია ინტერვიუ სპეციალისტებთან, ქირომანტიის იდუმალ სამყაროს რომ კარგად იცნობენ და მათი საშუალებით ჩვენი მკითხველიც ბევრ რამეში გაერკვა, ბევრიც საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღო. თუმცა თემა რომ ამოუწურავია, ალბათ, დიდი მტკიცება არ სჭირდება - ადამიანის ხელისგულის „რუკას“ ბოლომდე ვერავინ „წაიკითხავს“, მაგრამ უხსოვარი დროიდან ქირომანტიაში დაგროვილმა გამოცდილებამ შეიძლება ბევრი რამ გამცნოთ და საჭირო შემთხვევაში, დიდი დახმარებაც გაგიწიოთ. სწორედ ამიტომაც შევეხებით მას და ამჯერად, ცერა თითის უდიდეს მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ ეზოთერიკოს, ბატონ ემზარ ტ-სთან.

- ქირომანტიის საშუალებით ხელისგულის რუკაზე არსებულ ხაზებსა და ნიშნებს ადამიანის მთელი სამყაროს გახსნა შეუძლია: ყველაფერს მოგვიყვება მისი ხასიათის, ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ. თუმცა დღეს ამ რუკის მხოლოდ ერთ ნაწილზე, ცერა თითზე ვისაუბრებთ, რომლის დათვალიერებასაც შეუძლია, სრული წარმოდგენა შეგიქმნათ მის პატრონზე.

- გამიგია, რომ ცერა თითს განსაკუთრებულ როლს ქირომანტიის ინდური განშტოება ანიჭებს...

- საერთოდ, „ხელზე მკითხაობა“ რომ ბოშათა პრიორიტეტია ყველამ იცის. მათი ისტორიული ფესვები რომ ინდოეთს უკავშირდება, ესეც ცნობილია, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ეს მხარე ძლიერი იყოს ინდურ კულტურაში, რომელშიც მართლაც განსაკუთრებული როლი ცერა თითს ენიჭება. ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას, რომლითაც შეგიძლიათ, ყველაფერი შეიტყოთ იმ ადამიანის შესახებ, ვის ცერა თითსაც დააკვირდებით. ვიმედოვნებ, მოცემული ინფორმაცია არა მხოლოდ საინტერესო იქნება თქვენთვის, არამედ ცხოვრებაში გამოგადგებათ კიდეც. მაშ ასე, ცერა თითს აქვს ორი ფალანგა: ზედა და ქვედა. მათ სიგრძესაც კი ერთმანეთთან მიმართებაში უკვე შეუძლია, ბევრი რამ გიამბოთ თავად პიროვნებაზე. ზედა ფალანგა ადამიანის ნების სიძლიერის, ქვედა კი - ლოგიკის სიმბოლოა. თუ ზედა ფალანგა უფრო გრძელია, ვიდრე - ქვედა, თქვენ წინაშეა დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, რომელიც მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობა, შრომისმოყვარესა და ჯიუტს კარგი შემოსავალიც აქვს. მას შეუძლია ნებისმიერ იდეას შეასხას ხორცი, მაგრამ თავად იდეის ან დიადი მიზნის დასახვისთვის ლოგიკა არ ჰყოფნის.

- მაგრამ, თუ ქვედა ფალანგა უფრო გრძელია, ვიდრე ზედა?

– ასეთი ადამიანი ყოველ სიტყვასა და მოქმედებას ლოგიკურად იაზრებს, რის დამტკიცებას დამაჯერებელი არგუმენტებით ახერხებს კიდეც. მაშინაც კი, როცა იცის, მართალი არ არის, თავისი მოსაზრების მტკიცებას მაინც აგრძელებს. ასეთებს აურაცხელი რაოდენობის იდეა ებადებათ და მათ შორის, ყველაზე სარფიანსაც არჩევენ, მაგრამ მისი რეალიზებისთვის ნებისყოფა არ ყოფნით. აღსანიშნავია, რომ რაც მეტია განსხვავება ფალანგების სიგრძეთა შორის, მით უფრო ძლიერად ვლინდება ჩამოთვლილი მონაცემები. ხოლო, თუ ცერა თითის ორივე ფალანგა თანატოლია, მაშინ ეს ადამიანი ჰარმონიულად იყენებს ლოგიკასაც და ნებისყოფასაც და ებადება იდეა, რომლის დამტკიცებაც შეუძლია და რეალიზებაც.

- ფალანგებს შორის ადგილზე რას გვეტყვით?

- ორ ფალანგას შორის არის ნაკეცი, რომელსაც წაგრძელებული ოვალის ფორმა აქვს და რამდენიმე დასახელებითაა ცნობილი: განძის ტბა, ბრინჯის მარცვალი, ხორბლის მარცვალი... თავად სახელწოდება მიუთითებს, რომ ამ ადამიანს არასდროს მოშივდება და არც საჭმლის ფული გამოელევა. რაც უფრო ფართოა ოვალი, მით უფრო მდიდარია მისი მფლობელი. მაგრამ თუ ამ ნიშნის ორი ხაზი მხოლოდ ერთი მხრიდან ერთდება, ეს მიუთითებს, რომ ადამიანი განვითარებისა და მიღწევების პროცესშია, ორივე მხრიდან შეერთებული ხაზები კი, დახურული კუნძულის ფორმას იძენს - ესე იგი, მას მიაჩნია, რომ უკვე რეალიზებულია და აღარაფრისკენ აღარ ისწრაფვის: მხოლოდ სიცოცხლე სწყურია და უნდა, მისი სიამეებით დატკბეს. ინდურ ქირომანტიაში ქვედა ხაზი ახასიათებს თავად ამ თითის მფლობელს, ხოლო ზედა ხაზი - მის მეწყვილეს. თუ ამ ადამიანის ხორბლის მარცვალი შედგება ორი კუნძულისგან - ეს ორ ქორწინებას ნიშნავს. თუ ცერა თითის მოსახრელზე არც ერთი ხორბლის მარცვალი არ აღინიშნება, მისი პატრონისთვის არც ურთიერთობებია ღირებული და არც ოჯახს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.

- ცერის ქვედა ფალანგაზეც არის მსგავსი ნიშანი?

- საყურადღებოა ცერა თითის მოხრის წერტილი ქვედა ფალანგაზე - თუ ის შევიწროებულია, ანუ წელში გამოყვანილია, რის გამოც „წელს“ უწოდებენ, თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელსაც დაბადებიდანვე დაჰყვა ტაქტის გრძნობა. ის კეთილია, კომუნიკაბელური, შეუძლია თანაგრძნობა და სხვისი ჭირის გაზიარება. მაგრამ იმის გამო, რომ ფალანგაზე ლოგიკაა შევიწროებული - ხშირად საკუთარი თავის არ სჯერა. უჭირს ვინმეს ენდოს და გულს მხოლოდ ყველაზე ახლობელს თუ გადაუშლის და ისიც, მაშინვე არა. თუ ფალანგაზე წელი არ ფიქსირდება - ასეთ ადამიანს შეუძლია, ბოლომდე არც მიჰყვეს ლოგიკურ ჯაჭვს და შედეგი ისე დაინახოს, თან, ძალიან დამაჯერებლადაც. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ საქციელს ის მერე მაინც გაამართლებს და საკუთარ თავს ხომ - აუცილებლად. ასეთ ადამიანს სხვისი გრძნობები, სურვილები და მოთხოვნები ნაკლებად აინტერესებს - ხშირად ანგარიშს არც კი უწევს - სათვალავშიც არ აგდებს. ამიტომ, თუ მაგალითად, კომპანიონებმა გადაწყვიტეს საკუთარი საქმის გახსნა, მაშინ შესანიშნავი იქნება, თუ ერთს ლოგიკის ფალანგა ექნება უფრო გრძელი, ხოლო მეორეს - ნებისყოფის. ისინი ერთმანეთს შეავსებენ და შეუძლიათ დიდ შედეგს მიაღწიონ! თუ, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ძლიერ მხარეებს შეამჩნევენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი