ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რისი ჩუქება გეკრძალებათ ადამიანისთვის და როგორ უნდა გაწმინდოთ სახლი მცენარეებით ცუდი აურისგან

№42

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 24.10, 2022 წელი

ანზორ ოდიშარია
დაკოპირებულია

საჩუქარი ყოველთვის სიხარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. თუმცა, როგორც ეზოტერიკოსი, ანზორ ოდიშარია ამბობს, ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს ნივთები, რომელთა საყვარელი და ახლობელი ადამიანისთვის ჩუქება კატეგორიულად იკრძალება. ძველი გამოცდილი წინაპრების რიტუალით კი სახლში ფინანსური, ბედნიერებისა და წარმატების კოდის გაძლიერება შეგიძლიათ და ამაში, ის მცენარეები დაგეხმარებათ, რომელიც აფთიაქში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში იყიდება.

ანზორ ოდიშარია: აუცილებელია ნებისმიერმა ჩვენგანმა დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და იცოდეს, რა გააკეთოს, რომ ნეგატიურ მოვლენებს მაქსიმალურად ასცდეს. ჩვენზე ზემოქმედებას მავნე ენერგეტიკა და ცუდი თვალიც ახდენს და ხანდახან ადამიანები თავად ვაზიანებთ საკუთარ თავს გარკვეული ემოციური ნალექით. სახლში დავის, ჩხუბის, ნეგატიური ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ბინაში იბუდებს ნეგატიური ენერგეტიკა და როგორც კი იქ შედიხართ, დაღლის შეგრძნება, მოუსვენრობა, აგრესიულობა გეუფლებათ. სხვათა შორის, მსგავსი შეგრძნებები ბევრ ადამიანს აწუხებს და ვერ ხვდება რა არის ამის მიზეზი.

– როგორ გავწმინდოთ სახლი მსგავსი დაგროვილი ნეგატიური „ჭუჭყისგან“ და შემოვიტანოთ დადებითი ენერგია?

– ამისთვის ძალიან კარგია კონკრეტული მცენარეები, რომლებიც ავ ძალებსაც ანეიტრალებენ და მას ჩვენი წინაპრები ხშირად იყენებდნენ. ადრე ამ მცენარეების ნაკრებით წმენდნენ ეკლესიებს, სახლებს, საავადმყოფოებს. ავიცენა კი ამით ებრძოდა შავ ჭირს. მოკლედ, ძალიან კარგი საშუალებაა ავი ძალების გასადევნად.

– სად უნდა მოვიპოვოთ ეს მცენარეები?

– ეს მცენარეები საქართველოში მოიპოვება და აფთიაქებში იყიდება. ასე რომ, თუ სურვილი გაქვთ და თავს ცუდად გრძნობთ, შეგიძლიათ, თავად გააკეთოთ ეს რიტუალი და დარწმუნდებით, რომ სულ მალე უკეთ გახდებით, თქვენი ენერგეტიკა განახლდება და მეტად წარმატებული იქნებით. ეს მცენარეებია: აბზინდა, რომელსაც გამწმენდი უნარი აქვს; ლავანდა – გამწმენდი, დამამშვიდებელი ეფექტის მქონე, ჰარმონიისა და დადებითი ენერგიის მომტანი მცენარე; გვირილა, დაფნა და კრაზანა – რომლებიც სახლის ენერგეტიკას წმენდენ. ეს რიტუალი დაგეხმარებათ, სახლში დაისადგუროს ჰარმონიამ, ბედნიერების ტალღები შემოიჭრას და მეტი წარმატება მოიზიდოთ. რაც შეეხება აურის გაწმენდას, ის ასე ხდება: დადეთ ლანგარზე ნახშირი, წაუკიდეთ ცეცხლი და ზემოდან დაალაგეთ ჩამოთვლილი მცენარეები და, ასევე, უნდა დაამატოთ მცენარე ლენცოფა ანუ ლემა, რომლის ენერგეტიკაც საკმაოდ ძლიერია. ლანგარი უნდა ჩამოატაროთ ოთახის ყველა კუთხეში და თუ გაგიჩნდებათ ცუდი შეგრძნება, უსიამოვნო სურნელის გამო დაგეწყებათ ხრჩობითი მოვლენა, ესე იგი, სახლში ნეგატიური ენერგია იყო და ის აუცილებლად გავა.

– მცენარეების კვამლი რამდენ ხანს უნდა იდგეს სახლში?

– რიტუალის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, გამოაღოთ კარ-ფანჯარა და სახლი გაანიავოთ. სხვათა შორის, ამ რიტუალის შემდეგ ადამიანი ზედმეტად ემოციური ხდება და აუცილებლად უნდა მოერიდოთ კონფლიქტებს. გარდა აურის გაწმენდისა, ეს რიტუალი კარგია სასუნთქი ორგანოებისა და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. ასევე, ანადგურებს მწერებსაც და კარგია სახლის სადენზიფექციოდაც.

– და, რამდენ ხანში უნდა ჩავატაროთ ეს რიტუალი სახლში?

– თქვენ თუ თვეში ერთხელ ჩაატარებთ მცენარეების რიტუალს, დარწმუნებული იყავით, დადებითი ენერგეტიკა თქვენს განწყობაზეც იმოქმედებს, ფინანსურ ენერგიასაც მოიზიდავთ, წარმატებაც არ მოგაკლდებათ და სტუმარზეც დადებითად აისახება.

– ამბობენ, ადამიანზე ნაჩუქარი ნივთებიც ზემოქმედებსო, ეს სიმართლეა?

– ზოგადად, საჩუქარი ყოველთვის კარგთან ასოცირდება, მაგრამ არსებობს ისეთი ნივთებიც, რომელმაც შესაძლოა, ორ ადამიანს შორის ურთიერთობის ნგრევა და დაშორება გამოიწვიოს არა მარტო სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობაში, არამედ სამსახურში კოლეგებთან. ასე რომ, კოლეგას და თანამშრომელს არ უნდა აჩუქოთ შუშისგან დამზადებული ნივთები. ბასრი ნივთების, კალმის, ყვითელი ყვავილების თაიგულის ჩუქება ცუდად მოქმედებს ადამიანების მომავალ ურთიერთობაზე. გეტყვით, რომ ყველაზე კარგია ცოცხალი მცენარეების ჩუქება.

– ქალისთვის, ასე თუ ისე, ადვილია საჩუქრის შერჩევა. მამაკაცებისთვის კი მანდილოსნები, ძირითადად, საფულეს არჩევენ.. ეს რამდენად მისაღები საჩუქარია ენერგეტიკული თვალსაზრისით?

– აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ ვარგა ცარიელი საფულის ჩუქება, შიგნით უნდა ჩადოთ რომელიმე ფულის კუპიურა. საფულეს აქვს ენერგია და ის „ოდნავ სავსე“ მაინც უნდა იყოს (იცინის). ასევე, თუ გადაწყვეტთ თასის ჩუქებას, ისიც არ უნდა იყოს ცარიელი და მასში უნდა მოათავსოთ მონეტა. ერთი სიტყვით, „სიცარიელე“ და ცარიელი ნივთები არ უნდა აჩუქოთ ადამიანს, ვისთვისაც კარგი გინდათ. ასევე, მამაკაცებისთვის საჩუქრად ხშირად არჩევენ დანებსა და ხანჯლებს. სასურველია, ის იყოს შეფუთულ მდგომარეობაში ან ყუთში და აუცილებლად მან, ვისაც აჩუქეთ, უნდა მოგცეთ, თუნდაც ხუთთეთრიანი, ანუ „გამოისყიდოს“ ნივთი, რომ მომავალში ამ ორ ადამიანს შორის არ მოხდეს დაძაბულობა და კონფლიქტი. სასტიკად იკრძალება მაკრატლის ჩუქება, რადგან ხელს ეს უწყობს ორ ადამიანს შორის ურთიერთობის „ჩაჭრას“. მაგრამ თუ ადამიანთან დაშორება და ურთიერთობის „ჩაჭრა“ გსურთ, შეგიძლიათ, მაკრატელი თამამად აჩუქოთ და დაელოდოთ მოვლენებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გახსნილ მდგომარეობაში არ დატოვოთ მაკრატელი და არც კედელზე დაკიდოთ. აგრეთვე, არ შეიძლება მარგალიტის სამკაულის ჩუქება, რადგან ის წყლის ენერგიასთან და ცრემლთან ასოცირდება. და არ შეიძლება მისი ახალგაზრდა ასაკში ტარება. სხვათა შორის, ბევრი მინერალია, რომლის ჩუქებაც არ შეიძლება, მაგალითად, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მთის ბროლი. ეს ქვები ინფორმაციას ადვილად იღებენ.

– ხშირად გარდაცვლილი ადამიანის ქვების სამკაულებს ახლობელი ადამიანები მათ პატივსაცემად ატარებენ. ეს რამდენად არის მისაღები?

– თუ გარდაცვლილმა სიცოცხლეშივე გადმოგცათ ქვებისგან დამზადებული სამკაული, მაშინ შეგიძლიათ ატაროთ, მას ერთგვარი დამცავი ძალა აქვს. ხოლო, თუ გარდაცვლილი ადამიანის პატივსაცემად მისი სამკაულის ტარება გინდათ, მაშინ, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში, ის უნდა შეინახოთ ყუთში და შემდეგ ატაროთ.

– გამიგია, რომ სარკე ყველაზე საკრალური ნივთია და მისი ჩუქება ერთგვარი მაგიური რიტუალის ტოლფასია. ასეა?

– არ შეიძლება სარკის ჩუქება, რადგან შესაძლოა, ამ ნივთის ჩუქებით, თქვენი ბედი გადააბაროთ იმას, ვისაც მას ჩუქნით. არ არის გამორიცხული, სარკემ თქვენი სილამაზე და ბარაქაც თან წააყოლოს და ამიტომ, სარკე რომელშიც თქვენ ჩაიხედეთ, სხვას არ უნდა აჩუქოთ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი დაკიდება არ არის კარგი საძინებელსა და შემოსასვლელში, რადგან სასიცოცხლო ენერგიაზე ცუდად აისახება. დღეს, მოდაშია ლამაზი ნაჭრისგან დამზადებული ხელსახოცების და ცხვირსახოცების ჩუქება, რაც ასევე არ არის სასურველი, რადგან ხელსახოცი ასოცირდება ცრემლთან, განშორებასთან, ტკივილთან და სევდასთან. კარგია ქამრის ჩუქება. თუ გინდათ, ქმარი დაცული იყოს სხვა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების გავლენებისგან, მას ქამარი აჩუქეთ, ატაროს და დაცული იქნება. საათის ჩუქება კი საყვარელი, ახლობელი და მეგობარი ადამიანისთვის ნამდვილად არ შეიძლება. საათის ჩუქება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი თავად ირჩევს და ფულს თქვენ უხდით.

– თუ მეგობარს მოეწონა ჩვენი საფულე ან საათი და გვთხოვა მისი ჩუქება?

– არავითარ შემთხვევაში არ აჩუქოთ ადამიანს თქვენი ნაქონი საფულე და საათი. ის უნდა შეინახოთ თქვენს კარადაში, რომ ბარაქა და თქვენი დრო არავის გაატანოთ. ხოლო, თუ საათი თქვენს მაჯაზე ხშირად ჩერდება, ესე იგი, ვიღაც გთვალავთ და თქვენზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. ხოლო, თუ გინდათ, ახალი სამსახური ან ახალი საქმე დაიწყოთ, უნდა შეიძინოთ საათი იმ განწყობით, რომ ახალმა საათმა და მასზე აღნიშნულმა დრომ გამოიმუშაოს ფინანსური რესურსი, როდესაც იკეთებთ და ატარებთ, ის თილისმასავით მოქმედებს. თუ წარმატებულ ადამიანს უყვარს საათი და სულ ატარებს, ამ ნივთს მისთვის მეტი და მეტი შემოსავალი მოაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა