ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომაა საბედისწერო ბოშა ქალის ნაწინასწარმეტყველები სიკვდილი და რა გავლენას ახდენს „ქუჩაში გამოჭერილ კლიენტზე“ ბოშების სიტყვა და მზერა

№11

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 22.03

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ყველას გინახავთ, ალბათ, მკითხავი ბოშა ქალი ქუჩაში, თავს რომ არ განებებს, მოგდევს და გეძახის: „მოდი, ლამაზო, გითხრა შენი ბედი!“ ზოგი გაურბის, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს, ზოგიც შეფიქრიანებული და შეშინებული უსმენს... მაინც რა ძალა აქვს ბოშათა წინასწარმეტყველებას, მათ სიტყვასა და მზერას? რატომაა მათი პროგნოზი ასეთი ძლიერი? - ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია ფ.

- „მიმკითხავე, ბოშა და მითხარი, რომ ბედნიერება მელის, უბედურება არ მინდა”, - მხოლოდ ასე თუ მიმართავ მათ, რადგან საოცარი ძალა აქვს ბოშათა წინასწარმეტყველებას, სიტყვასა და მზერას. ამას კი იმით ხსნიან, რომ უძველესი დროიდან ბოშები ყველასგან განცალკევებით, ბანაკებად ცხოვრობდნენ, მხოლოდ თვისტომს ენდობოდნენ და შერეული ქორწინებაც იშვიათობა გახლდათ მათთვის. ცნობისმოყვარე თვალისგან იცავდნენ ყოველდღიურ ცხოვრებასაც და აურაცხელ საიდუმლო ცოდნასა და უნარს. უცნობი და გაუგებარი კი ადამიანს ყოველთვის აშინებს. ამიტომაც აღიქვამენ ბოშა მკითხავს იდუმალებით მოცულ გრძნეულად - გვერდს უვლიან, მათთან დიალოგი აბნევთ, მორცხვობენ და ქუჩის მათხოვრების მსხვერპლი ხდებიან. შეშინებულის მოტყუებას კი რა უნდა?!

- თითქმის ყველა ბოშა ქალი მკითხავია...

- როგორც ამბობენ, მათი ძალა ბუნების სულებშია. ბოშა ქალის წყევლის, ჯადოსა თუ გათვალვის მოხსნა მხოლოდ ისევ ბოშას შეუძლიაო. ნამდვილ ჯადოქარსაც მხოლოდ მათ შორის შეხვდებით, რომელმაც სხვათაგან დაფარული უამრავი საიდუმლო იცის და მრავალი წლით ადრე განჭვრეტს მომავალს. ასეთ გრძნეულთა უმეტესობაც ქალია, რადგან ეს უნარი ძირითადად ქალის ხაზით გადაეცემა. ლეგენდის თანახმად, ძლიერი ჯადოქარი ბოშისა და წყლის ან ჰაერის სულთა ნაყოფია, რაც ახალშობილის სხეულზე სპეციფიკური ნიშნით აისახება. ასეთი ნიშნით დაბადებულს კი, სპეციალური პრაქტიკოსი მაგი წვრთნის და გოგონაც ადრეული ასაკიდანვე შთანთქავს „მასწავლებლის“ ყოველ ცოდნასა და საიდუმლოს. სკოლაში არ დადიან, მაგრამ პატარაობიდანვე იციან: ჯადოს გაკეთება თუ მოხსნა, კონტაქტი ბუნების სულებთან, ადამიანის აურის მიხედვით, მისი მდგომარეობის დადგენა, ფლობენ ჰიპნოზის ტექნიკას, ესმით ბალახების და მათგან სხვადასხვა ნაყენსა და წამალს ამზადებენ, მათი საშუალებით კი კურნავენ ნებისმიერ დაავადებას და, რა თქმა უნდა, მკითხაობენ, როგორც ბანქოს გაშლით, ასევე ხელის გულზე. რადგან ბოშა მამაკაცებს მუშაობა ეკრძალებათ, ბანაკში მთავარი მარჩენალი ქალები არიან და ისინიც ფულს იმით შოულობენ, რაც იციან, ანუ მკითხაობითა და მაგიური რიტუალებით - საუბრობენ წარსულზე, სიყვარულზე, ქორწინებასა და ჯანმრთელობაზე, წინასწარმეტყველებენ მომავალს, მოიზიდავენ ფინანსებს, ხსნიან ჯადოს...

- რა მაგიური ცოდნა დევს ამ ხალხში, რომ მათი შემთხვევითი პროგნოზებიც კი, შეიძლება ახდეს?

- ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს თვითშესრულების წინასწარმეტყველება ჰქვია: თუ ბოშა ქალის ნამკითხავებს დაიჯერებ, ეს ქვეცნობიერს აშინებს, რის ფონზეც, სავსებით შესაძლებელია, წინასწარმეტყველება ახდეს. ამის მაგალითი უამრავია მხოლოდ ჩემს ახლობლებს შორისაც კი. გაგაცნობთ რამდენიმე ეპიზოდს: ბოშა ქალმა ბავშვობაში ჩემი ბიძაშვილის ბებიას უთხრა, 72 წლის ასაკში მოკვდებიო და მართლაც, 72-ე დაბადების დღეს გარდაიცვალა; ჩემს მეზობელს ახალგაზრდობაში ბოშამ წყალში დახრჩობა უწინასწარმეტყველა. მას ცურვის ეშინოდა და საერთოდ არ ცურავდა, მაგრამ 75 წლის ასაკში აბაზანაში (გულმა ცხელ წყალს ვერ გაუძლო) დაიხრჩო; დედაჩემს უთხრეს, მალე დაქვრივდებიო და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 25 წელი გავიდა, დედაჩემს ახლაც ძალიან ეშინია ბოშების; ერთ ჩემს მეგობარ გოგონას რვა წლის ასაკში სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, რაზეც ბავშვებმა ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ის მართლაც რვა წლისა დაიღუპა; ბიძაჩემს ბოშა ქალმა მეტროს ბაქანზე უთხრა: ახალგაზრდა და სიმპათიური ხარ, მაგრამ ოცდაათ წლამდეც ვერ იცოცხლებო - კაცს გაეცინა და ფული შესთავაზა: წაიღე და სიცოცხლე გამიხანგრძლივეო, მაგრამ პასუხად მიიღო: ფული ვერ დაგეხმარებაო - ოცდამეათე დაბადების დღემდე, სამი თვით ადრე გარდაიცვალა; ჩემს დას სამსახურთან დაკავშირებით უნდოდა რაღაცის გარკვევა, მკითხავმა კი უთხრა, ექვს თვეში მამაშენი მოკვდებაო. მამა ჯანმრთელობას არ უჩიოდა, თუმცა რამდენიმე კვირაში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.

- მხოლოდ სიკვდილის პროგნოზი მართლდება?

- რა თქმა უნდა, არა. მაგალითად, ჩემი თანამშრომელი ჩიყვის ოპერაციისთვის ემზადებოდა. სავაჭრო ცენტრში კი ბოშა ქალმა უთხრა, ყელის ოპერაციას ელოდები, მაგრამ არ შედგებაო. მართლაც, სამედიცინო მაჩვენებლების გამო ოპერაციაზე უარი უთხრეს; დეიდაჩემს მეორედ გათხოვების წინ ბოშა ქალმა უთხრა: ვიცი, ქორწილისთვის ემზადები, მაგრამ არ გირჩევო. დეიდამ, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა და გათხოვდა. თუმცა წელიწადიც არ გასულა, რომ გაიყარნენ. ახალი ქმარი არც თუ კარგი ადამიანი აღმოჩნდა; რაც შემეხება მე, არასდროს მჯეროდა ბოშა ქალების მკითხაობის, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა მეტროსთან ქმრის მოლოდინში, სულ ძალის ძალით არ დამიწყო რაღაც სისულელეების მოყოლა, ეს და ეს გელოდება ცხოვრებაშიო... ამასობაში ჩემი ქმარიც გამოჩნდა. იქაურობას მაშინვე გავშორდით, ის ამბავი კი საერთოდ დამავიწყდა. თუმცა ორი წლის შემდეგ თავი ისევ შემახსენა, რადგან ყველაფერი სიტყვასიტყვით ამიხდა. შემდეგ კი იმავე ადგილას ამ ბოშას კვლავ შევხვდი - აბორტის გასაკეთებლად კლინიკაში ვაპირებდი წასვლას. მითხრა: ბიჭი გეყოლებაო და წავიდა. ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიდექი, შემდეგ შევბრუნდი და სახლში წავედი. ასე დაიბადა ჩემი ბიჭი, ის ბოშა კი აღარ მინახავს. ასე რომ, დაუჯერებთ თუ არა ბოშათა მკითხაობას, თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი პროგნოზი თვითპროგრამირებაა გარკვეული შედეგისთვის. გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი