ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ ვილტვით ტკბილეულისკენ სტრესის დროს და „გვატყუებს“ თუ არა ამ დროს შაქრის ენერგია

№46

ავტორი: ნანა წერეთელი 21 წუთის წინ

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იცით, რატომ ხდება ასე? - თუ სტრესული სამსახური გაქვთ - ხელი შოკოლადისკენ გაგირბით; ახლობელთან იჩხუბეთ - ნამცხვარი მოგინდათ; დაღლილი და გამოფიტული კი, უკვე ორცხობილას მეორე შეკვრას ხსნით. გეცნობათ სიტუაცია და იცით, რომ ტკბილეული „ამშვიდებს“, ენერგიას აღადგენს. მაგრამ, თუ ეს ილუზიაა და რეალურად, შაქარი ძალას გვაცლის, საკუთარი ენერგეტიკით კი მანკიერ წრეს ქმნის, რომელსაც თავს ვეღარ ვაღწევთ?! ეზოთერიკოსი, ბატონი ლადო შ. სწორედ იმაში გაგვარკვევს, თუ რატომ გვთხოვს ორგანიზმი ტკბილეულს სირთულეებისას და როგორ უნდა აღვადგინოთ მასში ნამდვილი ენერგეტიკული ბალანსი.

- ტკბილეული ტვინში დოფამინს - სიამოვნების ჰორმონს გამოიმუშავებს, ეს ის უძველესი მექანიზმია, რომელიც ბუნებაში ყოფნისას გადარჩენაში გვეხმარებოდა: ტკბილი კენკრა და ხილი ენერგიით გვავსებდა და უსაფრთხოც იყო. დღეს კი ტკბილეული ხელოვნური, კონცენტრირებული და ხელმისაწვდომია 24/7-ზე.

- რა ხდება ტკბილეულის ჭამისას?

- სისხლში შაქრის დონე მკვეთრად იმატებს და თქვენ გრძნობთ ენერგიისა და სიხარულის ხანმოკლე მოზღვავებას. პანკრეასი გამოყოფს ინსულინს ზედმეტი შაქრის მოსაშორებლად. სისხლში შაქრის დონე ნორმაზე დაბლა ეცემა და ისევ საკვების მოთხოვნილება გეუფლებათ. ეს კლასიკური „ატრაქციონია“. თუმცა, ფიზიოლოგიური ეფექტების გარდა, ენერგიის მომატებაც ხდება. ეზოთერული პერსპექტივიდან, ტკბილეული ძალიან დაბალი ვიბრაციის მქონე პროდუქტია და ადამიანს ცრუ კმაყოფილების განცდას ჰგვრის. სინამდვილეში, ის ენერგეტიკულ ველში „ხვრელს“ ქმნის და ამ „სიცარიელით“ გამოწვეული შფოთვისა და მარტოობის „შეჭმას“ თქვენ სწორედ მისი საშუალებით ცდილობთ. შაქარი ამ სიცარიელეს მომენტალურად ავსებს, თუმცა შემდეგში ის კიდევ უფრო დიდდება. თქვენ ხაფანგში ხართ: სტრესი - ტკბილეული - დროებითი შვება - რეცესია - კიდევ უფრო მეტი სტრესი. შაქარი პრობლემას არ წყვეტს. ის მას ნიღბავს. ხოლო ტკბილეულიდან მიღებული ენერგია არის „ჭუჭყიანი საწვავი“, რომელიც სწრაფად იწვის და ნარჩენებს ტოვებს.

- რატომ გვიზიდავს ტკბილეული სტრესის დროს?

- სტრესის დროს ჩვენი ენერგეტიკული ფარი დასუსტებულია. უფრო დაუცველნი ვხდებით. ამიტომ, ტვინი ეძებს დოფამინის მიღების უსწრაფეს და მარტივ გზას. ტკბილეული კი ყველაზე სწრაფი გზაა. ამას აქვს სამი ენერგეტიკული მიზეზი: 1. ცხოვრებაში სიხარულის ნაკლებობა - თუ ნამდვილი სიხარულის წყარო (ჰობი, კომუნიკაცია, კრეატიულობა, ბუნება) არ გაქვთ, სხეული ხელოვნურ შემცვლელს ეძებს და ეს შაქარია; 2. სიამოვნების აკრძალვა - თუ მუდმივად შეიზღუდავთ თავს, დასვენებას დანაშაულად მიიჩნევთ, საკუთარ თავს სიხარულის უფლებას წაართმევთ, სხეული იწყებს აჯანყებას და მოითხოვს რაღაცას. ტკბილეული კი ამის „ნებას“ აძლევს; 3. ენერგეტიკული ხვრელი - დაღლის, გამოფიტვის დროს ჩვენი აურა იცრიცება და ხვრელებით ივსება. შაქარი კი ქმნის დანაყრების ილუზიას - სინამდვილეში ის „ფარავს“ ხვრელებს და არა - ავსებს.

- როგორ განვასხვავოთ შიმშილი სტრესისგან?

- სანამ ორცხობილას მიირთმევთ, დაუსვით საკუთარ თავს სამი კითხვა: 1. ბოლოს როდის ვჭამე? - თუ ოთხ საათზე მეტი ხნის წინ, ესე იგი, გშიათ, თუ ერთი საათის წინ - სტრესში ხართ. 2. ზუსტად რა მჭირდება? - კონკრეტულად, ნამცხვარი, შოკოლადი, წვნიანი, ფაფა... ტკბილეულისადმი ლტოლვა თითქმის ყოველთვის ემოციურია. 3. რას ვგრძნობ ახლა? - მოწყენილობას, შფოთვას, ბრაზს, მარტოობას? - ეს სიგნალია, რომ გჭირდებათ სხვა ემოციური სტიმული და არა ტკბილეული. ამიტომ, თუ გსურთ, შაქრის ხაფანგიდან თავი დააღწიოთ, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტკბილეულზე თქვათ უარი, არამედ სიცარიელე რეალობით შეავსოთ. ჩაანაცვლოთ ის: 1 ნატურალური ტკბილეულით - ხილი, კენკრა, ჩირი, თაფლი, რაც ენერგიას აღადგენს შაქრის უეცარი მატების გარეშე, ვიბრაცია კი გაცილებით მაღალია; 2. წყალი - ჩვენ ხშირად ვურევთ წყურვილს შიმშილში - დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და დაელოდეთ 10 წუთი, ტკბილეულისადმი ლტოლვა შეიძლება გაგიქრეთ; 3. მოძრაობა - გადით გარეთ, გაისეირნეთ, გააკეთეთ რამდენიმე ბუქნი - მოძრაობა აღადგენს ენერგიას და ხსნის სტრესს შაქრის გარეშე; 4: სუნთქვა - ივარჯიშეთ „კვადრატულ სუნთქვაში“: ჩასუნთქვა-სუნთქვის შეკავება-ამოსუნთქვა 4-4-ჯერ, შემდეგ პაუზა და ისევ თავიდან, სულ 5 წუთის განმავლობაში. ეს ნერვულ სისტემას კექსზე უკეთ ამშვიდებს; 5. კომუნიკაცია - დაურეკეთ მეგობარს, მისწერეთ საყვარელ ადამიანს - ემოციური კონტაქტი უზრუნველყოფს რეალურსა და ხანგრძლივ დოფამინს.

- „ტკბილეულის ჩანაცვლების“ ენერგეტიკულ პრაქტიკაზე რას გვეტყვით?

- თუ ტკბილეულისადმი დაუძლეველ ლტოლვას გრძნობთ, სცადეთ ასეთი პრაქტიკა: 1. დახუჭეთ თვალები, დაიდეთ ხელი მზის წნულზე (ნეკნებს შორის არეში); 2. ჰკითხეთ თავს: „რა მინდა სინამდვილეში: სიხარული? მშვიდობა? სიყვარული?“ 3. წარმოიდგინეთ ოქროსფერი შუქი, რომელიც ანათებს თქვენს მზის წნულს; 4. გონებაში თქვით: „მე ვივსებ თავს სინათლით, სიხარულის განცდისთვის საკვები არ მჭირდება, თავად ვარ ამის წყარო“; 5. იჯექით ასე 2-3 წუთის განმავლობაში. ხშირად, ლტოლვა ქრება, რადგან საკუთარ თავს აჩუქეთ ის, რაც ნამდვილად გინდოდათ. საბოლოოდ, დასკვნა ასეთია: ტკბილეული სტრესს კი არ კურნავს, არამედ ნიღბავს; შაქარი დოფამინის სწრაფ, მაგრამ ცრუ მოზღვავებას იწვევს - ის პრობლემას კი არ წყვეტს, არამედ დამოკიდებულებას იწვევს; სტრესის დროს ტკბილეულისკენ სწრაფვა, სიხარულისა და ენერგიის წყაროს ძიებას ანაცვლებს; ნამდვილი ენერგია ბუნებიდან, მოძრაობიდან, კომუნიკაციიდან, წყლიდან და სინათლიდან მოდის; „კითხვებისა“ და სუნთქვის პრაქტიკა გვეხმარება, შიმშილი სტრესისგან გავარჩიოთ; ტკბილეული ბუნებრივი სიხარულით ჩაანაცვლეთ და თქვენი ენერგიის დონეც ნორმალიზდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი