რა ნივთები არ უნდა გადაყაროთ, რომ სახლში უსიამოვნებებმა არ იჩინოს თავი
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.05, 2023 წელი
ჩვენს რუბრიკაში არაერთხელ განხილულა თემა ნივთების შესახებ, რომლებიც სახლს იღბლის წყალობას უზღუდავს და ოჯახისთვის უბედურება მოაქვს. მათზე ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებში მრავლადაა საუბარი და გვირჩევენ, რომ ეს მავნე საგნები სახლს მოვაშოროთ. მაგრამ, ახლა განვიხილავთ საპირისპირო თემას: რა არ უნდა გადავაგდოთ, რომ ზემონახსენებ უსიამოვნებას არ გადავეყაროთ. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ღირს, დღეს გავარკვიოთ, თუ რომელი ნივთები უნდა დავტოვოთ სახლში ხელუხლებლად, რათა ამის გამო მარცხი არ ვიწვნიოთ და საკუთარი საქციელი მერე სანანებლად არ გაგვიხდეს. სწორედ ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერ ლ.
- გაზაფხული ძალაში შევიდა, დათბა და დიასახლისებიც ნაზამთრალი სახლის საფუძვლიან დალაგებას შეუდგენენ. ხეხავენ, წმენდენ, ძველსა და ახალ ნივთებს ახარისხებენ და მათგან ბევრ რამეს ყრიან კიდეც. თანაც, ბევრს კარგად მოეხსენება, რომ ხალხური მინიშნებების მიხედვით, ძველი, დაზიანებული და უსარგებლო ნივთები სახლში ცუდ აურას ქმნის და მრავალი უსიამოვნების სათავეა, რასაც გაჭირვება და უბედურება მოსდევს. თუმცა არის საპირისპირო მინიშნებებიც, რომელთა მიხედვითაც, ზოგი ნივთი, რაც არ უნდა ძველი და უსარგებლო ჩანდეს, არ უნდა გადააგდოთ, რადგან ამას შეიძლება სერიოზული უსიამოვნებები მოჰყვეს. მაგალითად, დავიწყებ კერამიკული ნაწარმით...
- ვიცი, რომ გაბზარული თეფში უნდა გადავაგდოთ, რადგან უბედურებას მოიტანს?
- ცოტა სხვანაირად ავხსნი. მართალია, კერამიკული ნაწარმი ძირითადად, ჭურჭელია, როგორიცაა: ვაზები, თეფშები, ჭიქები, ქოთნები... მაგრამ ეს ყველაფერი უმრავლესი ხალხის კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ნივთებია, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ყოველდღიური ყოფა ოჯახში, მით უმეტეს, ჩვენს თანამედროვეობაში. კერამიკულ ნაწარმს ოჯახში ფართო გამოყენება აქვს: როგორც ინტერიერის დეკორაციისთვის, ასევე ფუნქციური დანიშნულებით - სამზარეულოში, წყლის შესანახად... აღსანიშნავია, რომ კერამიკული ჭურჭელი განსაკუთრებული ენერგიით არის დაჯილდოებული. ამიტომ, თუ გადააგდებთ, შეიძლება იღბლის წყალობა დაკარგოთ და შესაბამისად, კეთილდღეობასაც გამოემშვიდობოთ. ამიტომ უმჯობესია, რაც არ უნდა ძველმოდურად მიგაჩნდეთ თიხის ქოთანი თუ ძვირფასი ფაიფურის ჭურჭელი 24-პერსონიანი ნაკრებიდანაც კი, ან უბრალოდ, აღარ გინდათ, ყოველდღიურად ერთი და იმავე თეფშიდან მიირთვათ, ანდა ძალიან მოგბეზრდათ რომელიმე ანტიკვარული დეკორაცია, არც ერთი მათგანი არ გადააგდოთ. მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გატყდა, რაც შეიძლება მალე უნდა შეცვალოთ.
- ალბათ, საკვების ნარჩენების გადაყრაზე მაინც არ იქნება შეზღუდვა?!.
- თუ ჭამის შემდეგ თეფშზე საკვების ნარჩენები დაგრჩათ, მის ურნაში გადაყრას ნუ იჩქარებთ. ზოგიერთი ხალხური გადმოცემის თანახმად, ნარჩენი საკვების ნაგავში მოხვედრა, სიღარიბესა და საკვების ნაკლებობას იწვევს. ამიტომ უმჯობესია, საკვები ნარჩენებით უსახლკარო ცხოველებს გაუმასპინძლდეთ ან მისი გამოყენების ნებისმიერი სხვა საშუალება გამონახოთ. ასევე, შემედავებით, ალბათ, თუ გეტყვით, რომ არც ცარიელი ყუთები არ უნდა გადაყაროთ, რომლებიც უხვად რჩება სახლში ელექტროხელსაწყოების, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა-მოწყობილობის შეფუთვებისგან და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, მაინც ნუ იჩქარებთ მათ გადაგდებას. გავრცელებული მინიშნების თანახმად, ცარიელი ყუთების გადაყრამ შეიძლება სერიოზულად დაგაზარალოთ და ქონება ან ფული დაკარგოთ. გარდა ამისა, ასეთ საქციელს რაციონალური ახსნაც აქვს: თუ ისე მოხდა, რომ მოწყობილობა მაღაზიაში დასაბრუნებელია ან საგარანტიო შეკეთებას საჭიროებს, მაშინ მისი შეფუთვის ყუთი აუცილებელია.
- რა ვუყოთ ძველ წიგნებსა და ფოტოებს, რომლებიც, ალბათ, ყველას ბევრი უგროვდება გადასაყრელთა სიაში?
- წიგნი არა მხოლოდ ცოდნის წყაროა, არამედ - მარაგი უდიდესი ენერგიისა და სიბრძნისა. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ სწორედ წიგნი გახდა ხალხური მინიშნებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, რომლის გადაგდებაც არ არის რეკომენდებული, რადგან კარგს არაფერს მოგიტანთ. მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტთ ძველი და თქვენი შეფასებით, უინტერესო წიგნების თავიდან მოშორებას, მაშინ სწორად მაინც მოიქეცით. არ გადაყაროთ წიგნები სანაგვეში, გადაეცით ბიბლიოთეკას ან სხვა ისეთ ადამიანს აჩუქეთ, ვინც წიგნს აფასებს. რაც შეეხება ძველ ფოტოებს, ის მხოლოდ უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი კი არ არის, რომელიც ადამიანებისა თუ ადგილის, პეიზაჟის გამოსახულებას აღბეჭდავს, ის ერთგვარი დროის კაფსულაა, რომელიც მოგონებებსა და ემოციებს ინახავს. ხალხური მინიშნებებით, ძველი ფოტოები არ უნდა გადააგდოთ, რადგან ამან შეიძლება ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი დაგავიწყოთ და იმ ადამიანებთანაც მოგიწიოთ კავშირის გაწყვეტა, ვინც ამ ფოტოებზე იყო გამოსახული. ამიტომ უმჯობესია, ფოტოები ალბომში მოათავსოთ ან ელექტრონულ ფაილებში შეინახოთ. დაბოლოს, შევეხები ფულსაც. არასდროს გადაყაროთ ფული, თუნდაც ეს წვრილი მონეტები იყოს. გავრცელებული მინიშნების მიხედვით, ფულის გადაყრასა და მისდამი უპატივცემულო, დაუდევარ დამოკიდებულებას შეიძლება ფინანსური სირთულეები, სიღარიბე მოჰყვეს. ამიტომ, წვრილი ხურდა ფული შეინახეთ ყულაბაში ან სხვა საჭიროების მიხედვით გამოიყენეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან