ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ნიშნების მიხედვით ამოიცნობთ, რომ სახლი ენერგეტიკულად დაბინძურებულია და როგორ უნდა გაწმინდოთ ის დაგროვილი ენერგეტიკული ჭუჭყისგან

№17

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 06.05, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

არ მიყვარს იქ მისვლა, ძალიან ცუდი აურააო, - ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას და თავადაც ალბათ, არაერთხელ გითქვამთ რომელიმე ახლობლისა თუ ნაცნობის სახლზე. არადა, შეიძლება საკუთარ ბინაშიც იგრძნოთ თავი მოუსვენრად, თითქოს რაღაც გაწუხებთ, მაგრამ ვერ ხვდებით - რა... და ეს ყველაფერი მართლაც აურას უკავშირდება, ანუ ცუდი ენერგეტიკაა, რომელიც მოცემულ საცხოვრებელ ფართში დაგროვდა. როგორ უნდა გაიგოთ, რომ „ცუდ“ ბინაში ცხოვრობთ და რა უნდა მოუხერხოთ ამ „სიცუდეს“, განგვიმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი შიო ვ.

-ზოგჯერ ვინმესთან სტუმრად მიხვალ და საოცარ სიმსუბუქესა და კომფორტს გრძნობ, მაგრამ ხდება საპირისპიროც: შედგამ თუ არა ბინაში ფეხს, თითქოს ხელ-ფეხი შეგიბოჭეს - წრიალებ, შფოთავ, ადგილს ვერ პოულობ. რას უკავშირდება ეს ყველაფერი? - სწორედ იმ შენობის ენერგეტიკას, სადაც იმყოფებით.

- რა არის შენობაში ცუდი ენერგეტიკის „წყარო“?

- დღის განმავლობაში ადამიანს ბევრჯერ ეცვლება განწყობა, სხვადასხვა ემოციას განიცდის და მათგან ყველა როდია დადებითი. საკმაოდ გრძელია უარყოფითი გავლენის ჩამონათვალიც. თუნდაც, პრობლემები სამსახურში, რომელიც გამუდმებით თავში გიტრიალებთ და სახლშიც თან მიგაქვთ, რასაც მოჰყვება გაღიზიანება, ბანალური კამათი ახლობლებთან. ამას ემატება სტუმრები, პრობლემების მთელი „თაიგულით“, რასაც საჩუქრად მოგართმევენ სახლში. განსაკუთრებით „საშიში“ ის სტუმარია, გამუდმებით რომ წუწუნებს, ცხოვრების გაუტანლობაზე ჩივის და თან, ცოტა არ იყოს, თქვენიც შურს. ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ეს ენერგეტიკული ჭუჭყი ჰაერში ტივტივებს და მკვიდრად ჯდება ზედაპირებზე, შეიწოვება ავეჯისა და კედლების მიერ. შემდეგ კი, ეფინება რა ეს „ჭუჭყი“ ფენა-ფენა ერთმანეთს, იწყებს ნეგატიურ ზემოქმედებას თქვენზე და თქვენს ახლობლებზე. შეიძლება შეგექმნათ პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პირად ცხოვრებაში, ბანალურად აღარ გიმართლებდეთ ფინანსური შემოსავლების მხრივ და საბანკო ოპერაციებში.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბინა ენერგეტიკულად დაბინძურებულია?

- ოთახში რომ ენერგეტიკული „ჭუჭყია“ დაგროვილი, ამაზე ბევრი რამ მიუთითებს. შემიძლია, ჩამოგითვალოთ საკმაოდ ადვილად შესამჩნევი ნიშნები. ყნოსვას თუ არ უჩივით, რაც არცთუ იშვიათია კოვიდის შემდეგ, უსიამოვნო სუნს მაშინვე იგრძნობთ - არადა, თითქოს ყველაფერი გარეცხილ-გაკრიალებულია, სახლში კი მაინც სიძველის სუნი და დახუთული ჰაერია. ხშირად ზიანდება წყალგაყვანილობის სისტემა: მოშლილია და წვეთავს ონკანები, უნიტაზი. დაზიანებულს ახლით ცვლით, მაგრამ მალევე იგივე მეორდება, ფუჭდება ყველაფერი: ონკანიდან წყლის ჭავლი ხან ქვემოდან ასხამს, ხან ზემოთ, ჭერამდე აღწევს, ხანაც გვერდებიდან ჟონავს, იჭედება კანალიზაციის გაყვანილობა. ასევე, ხშირად იწვება ოთახებში ნათურები. განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, ფეთქდება კიდეც. გარეცხვის შემდეგ დიდხანს არ შრება იატაკი. საყურადღებოა მწერები სახლში - თუ სოფლად არ ცხოვრობთ, სახლში დიდი რაოდენობით მწერების არსებობამ უნდა შეგაშფოთოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ობობებსა და ქინქლებს. „ცუდის“ ნიშანია ასევე, როცა ნერვიულობენ ან ხშირად ავადმყოფობენ შინაური ცხოველები. ზოგჯერ კი, თქვენს გვერდითა მზერის არეალში გაურკვეველი „ლანდები“ ხვდება, რასაც რეალურად არ უნდა ხედავდეთ. ძილის დროს გესიზმრებათ კოშმარები. სწრაფად ფუჭდება საჭმელი და ობდება პური.

- თუ სახლში ეს ნიშნები შევამჩნიეთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ?

- აუცილებელია, თქვენი საცხოვრებლის ენერგეტიკა სასწრაფოდ გამოასწოროთ. თავდაპირველად, იქაურობა უნდა მოაწესრიგოთ ფიზიკურად. ასეთ შემთხვევაში იდეალური იქნება რემონტი, მით უმეტეს, თუ უკვე მოძველდა და მოიშალა ყველაფერი, მაგრამ ყველას როდი აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომ, დასაწყისისთვის გენერალური დალაგება და ოთახის განიავებაც საკმარისი იქნება. გაწმინდეთ არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურად მდებარე ზედაპირები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით ენერგეტიკულ წმენდას. აიღეთ სუფთა წყალი, უმჯობესია - ნაკურთხი და შემოსასვლელი კარიდან დაწყებული ყველა კედელს შეასხურეთ ისე, რომ კუთხე-კუნჭული არ გამოგრჩეთ. ამ პროცედურის დროს ყველა კარადის კარი ღია უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ოთახებისაც. როცა მითითებული წესით სახლის მთელ ფართობს შემოივლით, დაუბრუნდით ისევ შემოსასვლელ კარს. აანთეთ სანთელი და სანთლიანი ხელით ჰაერში ჯვარი შემოხაზეთ. ამგვარი ქმედებით ხელახლა უნდა გაიაროთ იგივე გზა, ანუ შემოიაროთ ყველა კუთხე-კუნჭული. თუ სანთელი ბოლავს, შიშინებს, ბჟუტავს - რიტუალის შესრულებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. გაოცდებით, როცა ნახავთ, ამ ყველაფრის მერე როგორ დაიგრიხება და გაშავდება თქვენი სანთელი. ნამწვი ჩარეცხეთ უნიტაზში ან მიწაში ჩაფალით. ხელები ჯერ მარილში ამოავლეთ და კარგად მოიფშვნიტეთ - „დაიბანეთ“, შემდეგ კი მისი კვალი წყლით ჩამოიბანეთ. აღნიშნული რიტუალის დროს შეგიძლიათ შელოცვის ტექსტით ან თქვენივე სიტყვებით მიმართოთ უმაღლეს ძალებს და შესთხოვოთ, რომ სახლის გაწმენდაში დაგეხმაროთ.

ამ წესით სახლის წმენდა უნდა ჩატარდეს პერიოდულად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირი სტუმრიანობა გქონდათ და საერთოდ, გიყვართ მათი მიღება, ხალხმრავლობა. ასე რომ, სცადეთ და თავადვე დარწმუნდებით, რა მალე დაიწყებს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი