ბუნების რა კანონზომიერებათა მიხედვით შექმნა ხალხმა მინიშნებები დიდი ხნის წინ და რატომ არ კარგავს ეს საუკუნოვანი სიბრძნე აქტუალობას დღესაც
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

დღეს გავეცნობით, უფრო კი გავიხსენებთ, ადამიანის ყოფით პობლემებსა თუ მოვლენებზე დაფუძნებულ იმ ხალხურ მინიშნებებს, უძველესი დროიდან დღემდე - ამ მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაშიც კი, აქტუალობა რომ არ დაუკარგავს. მათგან ყველაზე პოპულარულ და ხშირად გამართლებულ მინიშნებებს განიხილავს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარი ქ. და ახსნის, რა დადებით და უარყოფით პროგნოზებს უნდა ველოდეთ თითოეულისგან.
- დიდი ხნის წინ, როცა ხალხში ეს მინიშნებები იქმნებოდა, ადამიანი მას ბუნებასა და საკუთარ ცხოვრებას შორის რაიმე კანონზომიერების „აღმოჩენას“ უკავშირდება. მათგან ყველაზე ადრეული და ჭეშმარიტი მინიშნებები, რა თქმა უნდა, ამინდსა და მოსავალს ეხებოდა. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდნენ ბუნების ცვლილებებს და მიზეზებს შედეგებთან აკავშირებდნენ. შესაბამისად, არსებობს მინიშნებები - იღბალს რომ წინასწარმეტყველებს და ისეთებიც, მწუხარებას რომ გვამცნობს… და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მინიშნებები ფიქციაა. მათ დღესაც წარმატებით იყენებენ - მაგალითად, მოაგარაკეები, მებაღეები, ტურისტები, მეთევზეები, მონადირეები. თუმცა, მხოლოდ ასეთი მინიშნებები როდია სანდო. რაც უფრო ძველია რწმენა და მეტი თაობა გამოიარა, მით მეტია შანსი, ნამდვილად ამართლებდეს. სწორედ ამიტომაც ღირს, დაუჯეროთ და განსაკუთრებით უძველეს მინიშნებებს, რადგან ყველაზე ხშირად მათი წინასწარმეტყველება მართლდება: დროულად გვაფრთხილებს და გვაუწყებს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. მინიშნებები შეიძლება დაიყოს ორ დიდ ჯგუფად - ზოგი იღბალს, ბედნიერ მოვლენას წინასწარმეტყველებს, ზოგიც კი, უბედურებასა და მწუხარებას მოასწავებს.
- დავიწყოთ ცუდი მინიშნებებით...
- ასეთი ინფორმაციის მიღება უფრო გავრცელებული და საჭიროა, რათა დროულად შეძლოთ, არახელსაყრელი მოვლენების, წარუმატებლობისა და დანაკარგისგან თავის დაცვა. მაშ ასე, საუკუნეებგამოვლილი უარყოფითი მინიშნებები, რომელთა თანამედროვე ახსნაც არსებობს: 1. დაბანის შემდეგ ხელები უნდა გაიმშრალოთ - არ შეიძლება სველი ხელების დაბერტყვა, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ იატაკზე დაცემული ყოველი წვეთი დემონს აღვიძებს. თუმცა, ამას ისტორიული ახსნაც აქვს - წყალი სახლებში ხის იატაკს აფუჭებდა და ამას კი ნამდვილად უბედურება მოჰქონდა მცხოვრებლებისთვის; 2. თუ უახლოეს ხანში რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას ელით, ზედმეტ სიცილ-ხარხარსა და გართობა-მხიარულებას უნდა ერიდოთ, რადგან მიიჩნევა, რომ ასეთ სიცილს აუცილებლად ცხარე ცრემლები მოსდევს. ეს შეიძლება ცხოვრებაში აიხსნას ბალანსის კანონით: ყველაფერი ცუდი საბოლოოდ კარგად მთავრდება, კარგ ამბებს კი ხშირად - ცუდი მოსდევს; 3. გრძელ გზაზე მოგზაურობის წინ თმის დაბანა არ შეიძლება - ძველად ამას იმით ხსნიდნენ, რომ დაბანისას თქვენი სასიცოცხლო ენერგიაც ირეცხება და გზაში მისმა ნაკლებობამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. თუმცა, არსებობს უფრო პრაქტიკული ახსნაც - თუ თმის გაშრობის დრო არ გაქვთ, ცივი ქარი გარეთ თქვენს იმუნიტეტს შეასუსტებს და შეიძლება ადვილად დაავადდეთ, რაც გზაში ძალიან არასასიამოვნოა; 4. ხანდაზმულმა ადამიანმა ახალი სახლი არ უნდა ააშენოს და არც ფანჯრები შეცვალოს, რადგან ამან შეიძლება, მისი სიკვდილი დააჩქაროს. სავარაუდოდ, ეს მინიშნება იმას უკავშირდება, რომ სახლის აშენება ან მისი შეკეთება დიდ სტრესთან, დაძაბულობასთან ასოცირდება, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს ასაკოვან ადამიანზე. ფანჯრების შეცვლისას კი ოთახი გრილდება, ნიავდება, რამაც შეიძლება, ასევე ზიანი მიაყენოს მოხუცის მყიფე ჯანმრთელობას. ამ მინიშნებათა მაგალითებზე ნათლად ჩანს, რომ ყველა მათგანს რეალური, ლოგიკური ახსნა აქვს. მართალია, ყველა მინიშნების ამოხსნა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლო შედეგები აშკარაა, ამიტომაც ღირს, ვენდოთ და ყური დავუგდოთ.
- კარგ მინიშნებებზე რას გვეტყვით?
- არ არის საჭირო მხოლოდ ნეგატიურზე ფოკუსირება. ხალხში ბევრია მინიშნება, ბედნიერებას, იღბალს, ფულს რომ წინასწარმეტყველებს. დავიწყოთ, თუნდაც ისეთით, ფულს რომ გვპირდება. მართალია, ფაქტი არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ შედეგი ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ: ფრინველის ექსკრემენტს შეუძლია, გაგამდიდროთ. ძველად ფრინველები ცასა და დედამიწას შორის შუამავლებად მიაჩნდათ, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ადამიანს აძლევენ, კარგის ნიშანია. გარდა ამისა, ეს მინიშნება ტანსაცმლის ან თმის დასვრისგან გამოწვეული გაღიზიანებისგანაც გიხსნით.
- რა მინიშებებია ამინდის, მგზავრობის, ყოფით მოვლენებთან დაკავშირებით?
- თუ საღამოს კალიების ხმამ შეგაწუხათ, ნუ გაბრაზდებით, სამაგიეროდ, ხვალ ამინდი იქნება მზიანი... და ეს ფიზიკის კანონითაც ასეა: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო ხმამაღალია მათი ხმა. მინიშნება ბუნებრისგან ყოველთვის ყველაზე ზუსტია, რადგან ბუნებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. დღემდეა შემორჩენილი და თითქმის ყველამ იცის, რომ, სანამ სადმე გაემგზავრებოდეთ, სახლიდან გასვლისას ცოტა ხნით უნდა ჩამოჯდეთ. ჩვენი შორეული წინაპრები ამ რიტუალს „სახლის სულს“ უკავშირებდნენ, რომელსაც, თურმე არ მოსწონს, ადამიანები სახლიდან რომ გადიან და იწყებს მათი ნივთების არევას, გადამალვას. ამიტომ, თუ გასვლამდე დასხდებით, ის მოტყუვდება. ეს მინიშნება დღესაც აქტუალურია, რადგან დაჯდომისას საშუალება გექნებათ, დაფიქრდეთ და გაიხსენოთ, ხომ არაფერი გრჩებათ ან გამორთეთ თუ არა ყველა ტექნიკა. რაც შეეხება ყოველდღიურ ყოფას, მაგალითად, ყველამ იცის, რომ ჭურჭლის გატეხვას იღბალი მოაქვს. ამ შემთხვევაშიც, ფრინველის ექსკრემენტების მინიშნების მსგავსად, ნივთის დაზიანებამ რომ გული არ დაგწყვიტოთ, გაიხსენეთ, რომ ამას წარმატება მოაქვს. თუმცა, არსებობს სხვა ვერსიაც - ახალი ჭურჭლის ყიდვით სახლში ახალი ენერგია შემოგაქვთ, რაც განახლებას იწვევს. არც ფრინველები და ცხოველები უნდა დაგვავიწყდეს: თუ მერცხლებმა ბუდე სახურავის ქვეშ გაიკეთეს - ოჯახში სისუფთავე და კომფორტი გექნებათ. პრაქტიკული მხრიდან - ისინი გაანადგურებენ მწერებს და ხმაურს ატეხენ, თუ ვინმე სახლში შესვლას შეეცდება. როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, მინიშნება ნამდვილად არ არის ფუჭი სიტყვები - ეს წინასწარმეტყველებაა იმის შესახებ, თუ რა მოხდება და რა შეიცვლება. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებაა, მიჰყვება მას თუ არა, მაგრამ გახსოვდეთ, ხალხური სიბრძნე არაერთ თაობას დახმარებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან