როგორ ცდილობდა დავით აღმაშენებელი ტფილისის არაბთაგან გათავისუფლებას
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 19.12
მას შემდეგ, რაც მურვან ყრუმ თავისი უზარმაზარი ჯარით ააოხრა საქართველოს კუთხეები და დააარსა ტფილისის საამირო, ჩვენს ყოფილ დედაქალაქში და მის გარშემო ტერიტორიებზე ქართველების ცხოვრება გართულდა (აქვე გავიხენოთ – მურვან ყრუს უამრავი ჯარისკაცი მოუკლეს დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრებმა, ასევე, ქართლის ერისმთავარმა მირმა და მისმა ძმამ, არჩილმა). თავიდან ტფილისის საამირო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა – მთელ აღმოსავლეთ საქართველოს. არაბთა ხალიფატის მიერ დანიშნული ამირა ხარკს კრეფდა ჩვენთან და აგზავნიდა მაჰმადიანთა სულიერ და პოლიტიკურ ლიდერთან, ხალიფასთან. გარდა რელიგიური გადასახადისა, რომელსაც ჯიზია ეწოდებოდა და არამაჰმადიანები იხდიდნენ, ქართველებს სხვა არაერთი ვალდებულებაც ჰქონდათ, არაბთა ჯარის კვება, მათი სამსახური და სხვა. უფლებები კი ტფილისის არაბთა საამიროში მცხოვრებ ქართველებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ. ტფილისი ქართველთაგან დაცარიელდა, რადგან, ქართველის შეპყრობა და მონად გაყიდვა ადვილი საქმე გახდა ტფილისის საამიროში.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს აქვს ერთი საინტერესო ცნობა: „ქალაქი ტფილისი... სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა: რამეთუ ოდეს-მე ყვიან ღავღავი და თïნიერ მიზეზისა-ცა მოსრნიან რა-ოდენნი პოვნიან ქრისტიანენი, ხოლო ოდეს-მე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყუეობად და სიკუდილად მისცნიან, და ესრეთ ისრვოდა ქუეყანა მრავალ-ჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძïნებოდა სულსა დავითისსა“.
სიტყვა „ღავღავს“ აქვს რამდენიმე მნიშვნელობა. ერთი მნიშვნელობით ეს არის „შეთქმულობა უბრალოთა ზედა“. ანუ ქმედება მართალი ადამიანების წინააღმდეგ. ასევე ღავღავი ნიშნავს: „მითქმა-მოთქმა, ყაყანი, უკმაყოფილების ხმაური“.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები „რამეთუ ოდეს-მე ყვიან ღავღავი და თïნიერ მიზეზისა-ცა მოსრნიან რა-ოდენნი პოვნიან ქრისტიანენი, გულისხმობს, რომ ტფილისელი მაჰმადიანები გარკვეულ პერიოდებში, ატეხდნენ ხოლმე „ღავღავს“, რელიგიური რადიკალიზმის რაიმე რიტუალის მსგავს, სიძულვილით ივსებოდნენ და ხოცავდნენ ქრისტიანებს.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები – „ხოლო ოდეს-მე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყუეობად და სიკუდილად მისცნიან“, ნიშნავს, რომ ტფილელი მაჰმადიანები, მათი ზედაფენა ტფილისში შემოსულ ქარავნებს მიჰყიდდა ხოლმე მონებად ქრისტიანებს, რომლებიც მერე აღნიშნულ ქარავნებს მიჰყავდათ უცხოეთში და ყიდნენ, ანუ ისინი იკარგებოდნენ სახლეულისთვის, სამშობლოსთვის და უცხოეთში კვდებოდნენ.
ეს ძალიან აწუხებდა მეფე დავითსო, როგორც წერს ჩვენი ისტორიკოსი. ამიტომ, მისი უმთავრესი მიზანი იყო ტფილისის გათავისუფლება დამპყრობთაგან და ისევ ქვეყნის დედაქალაქად ქცევა.
ამიტომ, ავიწროებდა და ავიწროებდა ტფილისის საამიროს ჩვენი ხელმწიფე. უახლოვდებოდა და რადგან, ჯერ ქვემო ქართლს ვერ აკონტროლებდა, სადაც ვრცელდებოდა ტფილისის არაბული საამიროს გავლენა, არსებობდა ძლიერი ქალაქი დმანისი, რომელიც ასევე არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამიტომ, ჩვენი ხელმწიფე ტფილისს აწუხებდა ჩრდილოეთის მხრიდან, რომ რაც შეიძლება, დაესუსტებინა ტფილისის საამირო, რომ ეკონომიკურად მიმზიდველი აღარ ყოფილიყო და ტფილისის დამპყრობი არაბები ფსიქოლოგიურად გაემზადებინა გასაქცევად.
დავით აღმაშენებელი პატარ-პატარა რაზმებით თავს ესხმოდა ტფილისელი არაბებების სავაჭრო ქარავნებს და თავგასულ თურქ-სელჩუკებს, რომლებსაც უნდოდათ, აღმოსავლეთ საქართველო თავისი საქონლის საძოვრად ექციათ და მტერს ნელ-ნელა ანადგურებდა, დანარჩენებს კი აშინებდა. ასე ვთქვათ, სპეცოპერაციებს ატარებდა. ხელმწიფე დავითი კარგი სტრატეგი იყო და კარგად გეგმავდა ამგვარ ოპერაციებს თუ ბრძოლებს. თვითონ მხოლოდ ბრძანების გაცემას კი არ სჯერდებოდა ან შორიდან კი არ ხელმძღვანელობდა ოპერაციას თუ ბრძოლას, პირადად იღებდა მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, იყო მთავარსარდალიც და განსაკუთრებულად გაწვრთნილი, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურიც.
იმ დროს სავაჭრო ქარავნები შემოდიოდნენ დმანისში და განსაკუთრებით ტფილისში. ერთხელ დიდი ქარავანი თბილისში განძიდან შემოსულა. ქარავანს თან შემოჰყოლია ბევრი თურქი. ქარავნები, ხშირად, ძლიერი დაცვით დადიოდნენ. ამ ქარავნებს შემოჰქონდათ არა მხოლოდ სავაჭრო საქონელი, არამედ სწორედ მათგან ვრცელდებოდა ფინანსურ-ეკონომიკური და რაც მთავარია, პოლიტიკური ინტერესებიც.
დავით მეფემ, ქარავანთან ერთად, ტფილისში თურქთა შემოსვლა რომ შეიტყო, თხუთმეტი რჩეული კაცი გააგზავნა, რათა ლოჭინიდან საბალახოდ გასული ნახირი მოეტაცებინათ, რომლებიც ტფილისელ მაჰმადიანებს (ან ქარავნის პატრონებს) ეკუთვნოდა და თუ თურქები გამოეკიდებოდნენ მდევრად, მათ ამგვარი ხერხით, გამოტყუებით ამოწყვეტდა.
მეფე 300 მხედრით ავჭალის ღელესთან დაიმალა. არავის მიანდო ეს საქმე და თვითონ წავიდა ოპერაციის სახელმძღვანელოდ, უსაჭურვლოდ, მარტო ხმლის ამარა, ალბათ, სწრაფი გადაადგილებისთვის. როგორც ყოველთვის, თან წაიღო წიგნები ღვთისმეტყველების შესახებ. მეომრებს უბრძანა, სანამ არ მოვალ თქვენთან, არ დაიძრათო. თვითონ მეფე სამასკაციან რაზმს მოშორდა და ჩამოხდა ცხენიდან.
დავითის სპეც-დანიშნულების ნაწილმა შეასრულა ბრძანება და გამოიტაცა ნახირი. გამოეკიდა მათ ასი თურქი და წამოეწია. თურქებმა ცხენები დაუხოცეს ქართველ მეომრებს, დავითის ჯარისკაცები ქვეითად აგრძელებდნენ ბრძოლას.
ცხენიდან ჩამოსული მეფე იჯდა და წიგნს კითხულობდა გულდასმით. ისე გაიტაცა კითხვამ, სრულიად დაავიწყდა, რაც ხდებოდა, სანამ ყვირილის ხმა არ მოესმა. უმალ მიატოვა წიგნი, შეახტა ცხენს და გააჭენა იმ მხარეს, საიდანაც ხმაური მოესმა. დაინახა თავისი მსახურები, თხუთმეტი კაცი, გაცილებით მრავალრიცხოვანი თურქების წინააღმდეგ თავდადებით მებრძოლნი.
არჩევნის წინაშე დადგა ჩვენი ხელმწიფე, თუ ის დანარჩენი მებრძოლების დასაძახებლად წავიდოდა, სანამ დაბრუნდებოდნენ, თურქები მის მსახურებს დახოცავდნენ, არადა მათთან შერკინებაც თავის საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავდა, ძალიან ბევრნი იყვნენ მტრები. მისი საფრთხეში ჩავარდნა კი ქვეყნისთვის საშიში იყო.
სხვა გზა არ ჰქონდა ქართველთა მეფეს, ალბათ, ვაჟკაც მეფეს ვერც წარმოედგინა სხვა ვარიანტი – გაექანა თურქებისაკენ. თურქებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა გაშმაგებული მეომრის, დავით მეფის დანახვამ. ამან დააბნია თურქთა და არაბთა რაზმი და გაიქცნენ.
ტფილისის საამიროს იდეა მკვდარი გახდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





