კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

ავტორი: „თბილისელები“ 15:30 17.11, 2020 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ვანო კამბაროვი – სახლების ქურდი. სახლებზე ადიოდა კედელში ლურსმნების დარჭობითა და ზედ ფეხის დადგმით. ეს მეტად გავრცელებული რამ გახლდათ ბინების ქურდობაში. ასე მეორე, მესამე სართულსაც კი სწვდებოდნენ და ფანჯრიდან ოთახში გადიოდნენ. ეს ის დროებაა, როცა მიხეილის ქუჩის ბაღებში ცალფეხა მოცეკვავე დონატო მართავს წარმოდგენებს. კამბაროვმა კი ორფეხა ცეკვის მასწავლებელი გოლდბერგის სახლი გაქურდა და იქიდან ორასი მანეთი წამოიღო. მანვე გაქურდა ებრაელი აბრამ ხანკუაშვილის ბინა. ის 1868 წელს დაიჭირეს, როცა რიყეზე ნაზაროვის ქარვასლა გაქურდა და მანამდე კიდევ ხოსროევის ქარვასლა და იქ მოზდოკელი ვაჭრების, აგაგულოვისა და გოზალოვის, დუქნები გატეხა და იქიდან სხვადასხვა წამოიღო.
ხაჯი კარაპეტოვი – ცხენის ქურდი. თავლები მაშინ შიდა ეზოებშივე ჰქონდათ. ის ელოდებოდა ხმაურს, მეხს, ბებუთოვის ქუჩის თავზე ქვის სამტეხლოებში აფეთქებებს და ამ ყოველივეს სათავისოდ იხმარდა. თუ სადმე ხანძარი იყო, ისიც იქ იყო, ისიც ცდილობდა, ამ ხმაურში დაემალა ქურდობა. ცხენს ხელს უნაგირში ჰკიდებდა და გაჰყავდა. ტფილისი არ იყო დიდი. ქუჩები მალე სრულდებოდა, ხევები მალე იწყებოდა. მან სცადა, თავადი ანდრონიკაშვილის დოღის ცხენის მოპარვა, მაგრამ ამაზე 1852 წელს დაიჭირეს. დოღი მაშინ გერმანელთა კოლონიის იქით, წრეზე ეწყობოდა და მატინოვს, ხარინს ნაირგვარი ყალმიკური, ყარაბახული თუ კურტინული ჯიშის ცხენი გამოჰყავდათ – „ტყვია“, „მარანი“, „ჯეირანი“. „ჯეირანის“ მოპარვაზე კი ჩავარდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ამ საქმეს არ შეეშვა, ისევ იმავეს მისდევდა და 1862 წელს ბერძნებს, ხარლამპი ევგენიევს და პანაიოტ მარფანოვს მოჰპარა ორი ცხენი და ისევ დაიჭირეს.
მარტიროს ვართანიანი – ყალბი ფულის მომჭრელთა ბანდის წევრი, ღვინის აღმართზე ეჭირა საკონდიტრო. ფულის მომჭრელები კი იყვნენ ასდურ კამლიანი, შეერთებული შტატების ქვეშევრდომი და აკოპ კეშიკ-კევორკ-ოღლი, ოსმალეთის ქვეშევრდომი. ისინი 1902 წელს ჩამოვიდნენ ტფილისში და აქ სხვადასხვა გვარით იმალებოდნენ და ფულის მოჭრა წამოიწყეს. თვალის ასახვევად კი აკოპი ნავთის გაყიდვით იყო დაკავებული. შემდეგ ის რევმატიზმის სამკურნალოდ პიატიგორსკში გაემართა, კამლიანმაც მიატოვა ტფილისი, თუმცა საქმეს არ ჩამოშორებიან. ისინი საიდუმლო მიმოწერას აწარმოებდნენ ყალბი ფულის მყიდველებთან, ეს ყველაფერი კი ვართანიანის მეშვეობით ხდებოდა.
პორტმანეს გახვრეტილი სარჩული
ოქროშიძე კონკაზე დაჯდა და ვერისკენ გასწია. ციხიდან ახალ გამოსულს ყველაფერი შეცვლილი ეჩვენებოდა. ის აგურის ქუჩასთან ჩამოვიდა და ფეხით ზევით აუყვა. შემდეგ გუნიბის ქუჩით იარა, უფრო ზევით ავიდა და არც მერე გაჩერებულა ვიდრე სასაფლაოს არ მიადგებოდა. იქ სამიკიტნო დუქნები სჩანდა. უსაქმურებიც – გარეთ გამოსულები.
ოქროშიძემ გაჰხედა იქაურობას და საფლავებს შუა გაიარა. იქაურობას ის დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, იქნებ საფლავის ქვაზე ბაღდადიანცი ამოეკითხა. მთელი დღე ასე იარა და ბოლოს, უკვე არაქათი რომ გამოეცალა, მიაგნო. საფლავზე კიდევაც დაეწერათ – არშაკ ბაღდადიანც. არაფერი დაენანებიათ სულ ახლახან მკვდარი გამოდიოდა.
სიხარულისგან ოქროშიძეს გულში ხოჭოებმა დაუარეს. საფლავს ის კარგად დააკვირდა, წრეც დაარტყა და ამ დროს იქვე კაი სქელ საფულეს ჰკრა თვალი.
– ეგ ბუმაჟნიკი აგე საიდან დავინახე, – გაიგონა ამასთან უეცრად და ხელთ ვიღაც მაღალი შერჩა.
– მერე მარტო შენ დაინახე? – აქეთ მეორე ვიღაც ამოსდგომოდა.
– ჰა, ქარი ნუ ააყენე, – პირველმა ფეხი წინ გადმოდგა.
– აპრუწუწუნ, ამანაც დაინახა, მარა განა შარზეა? სამად უნდა გავყოთ, წესია! – მიაგება სარქის აბოევმა, ვისაც მეორეს ამოეღო ხმა და გაჩენილიყო.
ოქროშიძეს კი საფულის დანახვისას თავიდან თუ გული აუჩქარდა, ახლა შეეკუმშა, ეს ორი მოკამათე მას თვალში არ მოუვიდა.
– ჯან და ბეზარ, გავიყოთ, ოღონდაც მოვეფაროთ, თვლას შუა გულზე ხომ არ დავიწყებთ, აგე, რა სქელია, სოვდაგარს თუ დაჰვარდნია, – გაჰხედა ოქროშიძეს ღიმილით პირველმა. ოღონდაც იმას არაფერი უთქვამს.
– წამო, წამო, იქით გავიდეთ, – ახლა სარქისა ეუბნებოდა.
ოქროშიძე ფეხს არ იცვლიდა.
– ნი ხოჩეშ?
– არა, – თქვა მან.
– ვა, ეგეთი გინახამს, მალაკანი ხარ? – თქვა პირველმა, გვარად ნონიკაშვილმა, და მერე აქეთ-იქით მიმოიხედა.
ოქროშიძემ კი გამობრუნება სცადა, თუმცა იმის დაბნეულობა ამ ორს უკვე ხელზე დაეხვია.
– რა იყო, რას ღელავ, ეგზამენზე ხო არა ხარ?
ალყა დაარტყეს და შემოეხვივნენ. ქურდებისა და ძაღლებისა ასეა, როცა სუნს იგრძნობენ, იმათი გაჩერება ძნელია.
– რას დაეძებ? – აგრძელებდა ნონიკაშვილი და ხელში საფულეს ატრიალებდა, რომელშიც, რასაკვირველია, არაფერიც არ იყო, – მთელი დღეა დადიხარ.
ოქროშიძემ კი ამათი ალყის გარღვევა სცადა და რაკი დაატყო, რომ არ ეშვებოდნენ, დაყვირება სცადა, მაგრამ პირზე ხელი მოუჭირეს, მან კი ისევ სცადა გასხლტომა და ნონიკაშვილს დაარტყა და იმან კი ბებუთი გამოაჩინა, დაჰკრა მას და ოქროშიძე მიწაზე დაეცა.
– მოკალი?
– არა, მოვნათლე!
– ამის მოკვლა რა იყო?
– წავიდეთ აქედან.
– ეს რა ჰქენი? – თქვა ისევ სარქისამ და აქეთ იქით მიმოიხედა.
– ჰა, დროზე!
აბოევი მოკლულის შარვალსა და სერთუკს დაწვდა და იქიდან ფული რაც ჰქონდა, ამოიღო.
– სანამ ვინმეს დავუნახივართ, – ისევ მიმოიხედა ნონიკაშვილმა.
მათ ვერ შენიშნეს სოლომონ უფლისოვი, ვინც ღობესთან იდგა და ყველაფერს ხედავდა, თან ოფლს ბაღდადით იწმენდდა.
ოჰანეზ ვართანოვი – მძარცველი, ავლაბრელი. იყო იმ ბანდის წევრი, 1871 წელს აგურის ქარხნების თავზე, ვერის სომხური სასაფლაოს სიახლოვეს მწყემს გაბრიელ ტეზნოძეს რომ შეუვარდნენ სახლში და მასთან ერთად მის ცოლსაც სცემდნენ და – „ქალი ცემე, ქალი, მან იცის, ფული სად აქვსო“, – ასე ყვიროდა ის ამ ძარცვის დროს და იქიდან, რაც ნახეს, ყველაფერი გამოიტაცეს. მერე მას მალევე მიაგნეს სასაფლაოსთანვე, დუქანში და დაიჭირეს. რამდენიმე დღეში არტილერიის ბალკაში კი დანარჩენებიც აღმოაჩინეს, სამიკიტნოში როცა სვამდნენ და ტეზნოძემ ამოიცნო ისინი და პოლიციამ მათი დაკავება სცადა, თუმცა მათ ოდენ ნაბადი შეატოვეს, თვითონ კი მტკვრისკენ გაიქცნენ და ნავით მეორე ნაპირზე გადაცურეს. მენავე მერე ამბობდა, პოლიციის შეძახილები არ მესმოდაო.
აბო იაშაღაშვილი
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი