შვილს ცხოვრება დავუნგრიე და ამას ვერასდროს მოვინელებ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.10

ოჯახში ყოველთვის დაძაბული სიტუაცია მქონდა. მე და ჩემი მეუღლე ქორწინების დღიდან ვერ ვეგუებოდით ერთმანეთს. არადა, საკმაოდ გააზრებულ ასაკში, თან, თითქოს, სიყვარულით შევქმენით ოჯახი. აღმოჩნდა, თანაცხოვრება გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას მოიცავდა, ვიდრე ჩვენ მიგვაჩნდა და ვიცოდით. ქმართან ჩხუბსა და კამათს სერიოზულად და სიღრმისეულად არ აღვიქვამდი და ამ ყველაფერმა ჩემს შვილზე იქონია გავლენა.
მის პირად ცხოვრებაშიც უხეშად ჩავერიე და პრაქტიკულად დავღუპე. არადა, ერთადერთი ბიჭი მყავს, ყველაფერი მისთვის მინდოდა, ყველაფერს ვუკეთებდი, რომ წარმატებული და უზრუნველი ყოფილიყო და მიუხედავად ამისა, დღეს უბედური კაცია, სამსახურისა და პირადი ცხოვრების გარეშე. როცა მე და მამამისი ვჩხუბობდით, ატირებული შევარდებოდა ხოლმე ოთახში და საათობით იკეტებოდა. არადა, უმიზეზოდ არ ვეჩხუბებოდი ქმარს. ნერვები რომ მიმტყუნებდა, სამწუხაროდ, ნამდვილად არ ვფიქრობდი შვილზე. ბევრჯერ აღვნიშნავდი: არ ვიცი, ჩემი შვილი ვის ჰგავს ასეთი მშვიდი და ჭკვიანი-მეთქი. სკოლა ისე დაამთავრა და უმაღლესშიც ისე მოეწყო, მის სწავლა-განათლებაში არ ჩავრეულვარ. თუ რეპეტიტორებთან ფულის გადახდას არ ჩავთვლი. ბოლო კურსზე რომ იყო, გოგონა შეუყვარდა. საკმაოდ თანამედროვე გოგო იყო, თამამი და ეპატაჟური. რომ გავიგე მისი ვინაობა, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, ამ გოგოს რძლად არ მივიღებ-მეთქი. მიხსნიდა ჩემი შვილი: მიყვარს, მის გვერდით ყოფნა მინდა და ცოლად უნდა მოვიყვანო, ეს გადაწყვეტილიაო. ჩემი შვილისთვის ხმამაღალი ერთი სიტყვაც რომ არ მითქვამს, იმ დღეს, ისე დაგვეძაბა სიტუაცია, ხელი გავარტყი. ამხელა ბიჭმა შეურაცხყოფად მიიღო დედის სილა და სახლიდან წავიდა. ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. სახლიდან რომ წავიდა, იმ დღეს არ დავურეკე. ვიფიქრე, გადაუვლის და დაბრუნდება-მეთქი. მეორე დღეს მამამისმა დაურეკა. მას კი უპასუხა: ცოლი მოვიყვანე და თუ დედაჩემი მიგვიღებს, დავბრუნდები, თუ არა და მანდ ფეხის დამდგმელი არ ვარო. თავზარი დამეცა. ჩემს ქმარსაც ავუკრძალე შვილთან კონტაქტი, ვუთხარი: არ მისცე ფული, ვნახავთ, როდემდე შეძლებს თავის რჩენას და რომ მიხვდება, ჯერ ადრე იყო მისი ქორწინება და იმ გოგოსთან ინანებს ყოფნას, თვითონ დაბრუნდება, მანამდე აქ არ დავინახო-მეთქი. აი, აქ შევცდი. ერთი დღეც რომ ვერ ვძლებდი შვილის გარეშე, ექვსი თვე ისე გავიდა, შვილის ხმაც არ გამიგონია. ექვსი თვის თავზე მოვიდა სახლში. კარი რომ გავაღე ჩამეხუტა, მაგრამ ცივად მივიღე. დამიჯდა და მელაპარაკა: დედა, რა ვქნა, მიყვარს, არ მინდა, ასე მექცეოდე, შენც ხომ სიყვარულით გაჰყევი მამას და რა იქნება, მიგვიღე, ვეღარ ვიხდით ბინის ქირას, ფული არაფერში გვყოფნის... ნუ დამაშორებ გოგოს, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარსო. ამის გაგონება მინდოდა. იმდენი ვქენი, იმ გოგოს დავაშორე. აქ, მეორედ შევცდი. იმის მერე ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სახლში კი დაბრუნდა, მაგრამ ყველაფერზე ხელი აიღო, არც მუშაობა უნდა და არც ხალხთან კომუნიკაცია. სმა დაიწყო და ძირითადად, ოთახშია გამოკეტილი. უკვე სამი წელი გავიდა და ჭკუაზე ვერ მოვიყვანე. თან, გაიგო, ის გოგო უცხოეთში წავიდა და იქ გათხოვდა. ამან კი სულ ჩააქნევინა ხელი, ვხვდები, მე დავღუპე ჩემი შვილი.
ნელი, 62 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან