გულახდილი საუბრები

შვილის გამო იძულებული ვარ, ქმრისგან დამამცირებელი საქციელები ავიტანო

№35

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.09, 2022 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

არაჩვეულებრივი, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა. სტუდენტობის პერიოდიც არაჩვეულებრივ მოგონებად დამრჩა. თუმცა, რაც გავთხოვდი, იმ დღიდან უბედური ვარ. არცერთი წამი არ გამიხარია. 

დედამთილ-მამამთილს და მულს რა მოვთხოვო, როცა ჩემი ქმარი არ მცემს პატივს და ნივთივით მექცევა. არადა, ჩემები გადაყოლილები არიან ჩემზე, სახლი ავეჯით გამივსეს, ხან რას მჩუქნიან, ხან რას, მარტო მე არა, ჩემს ქმარსაც, მულსაც, დედამთილსაც, მამამთილსაც, ბავშვს კი, რა თქმა უნდა, ბავშვს არაფერს აკლებენ. თუმცა, ამათი გული ვერ მოიგეს. ვერ ვხვდები, რა დავაშავე, ასეთ შეუგნებელი ხალხის ოჯახში რომ მოვხვდი. თავიდანვე ამითვალწუნეს, ზედ არ მიყურებდნენ. ჩემი მული ნაირნაირებს ყიდულობდა, წელიწადში ორჯერ უცხოეთში დადიოდა და არასოდეს უფიქრია, იქნებ მეც მინდოდა რამე ახალი მცმოდა, უცხოეთში წასვლაზე საუბარიც ზედმეტია. ერთხელ დედამთილმა ჩაილაპარაკა: გასათხოვარი გოგოა, მეტი არ მინდა, ვინმემ რამე თქვას და თვალი სცეს, რომ გათხოვდება, მერეც ეყოფა სახლში ყოფნაო. თუმცა ის ისეთია, სახლში ნამდვილად არ დაჯდება და არც არავის დააჩაგვრინებს თავს. თუ რამე ასტკივდა, ეგრევე იწყებს წუწუნს და წყევლას: მშვენივრად ვიყავი, ჭირი ეცეს იმას, ვისაც ჩემი შეშურდა, გამთვალა, უკან დაუბრუნდეს და ჩემს დღეში ჩავარდესო. ზუსტად ვიცი, მე მგულისმობს. მოკლედ, ყველა ოჯახის წევრს ავიტან, თავისი უსაქციელობით, ჩემი ქმარი რომ მედგას გვერდში და მისგან ოდნავ მაინც ვგრძნობდე პატივისცემას. რაც ბავშვი გაჩნდა, იმის მერე, სულ გაცივდა. ცდილობს, თავი ამარიდოს და სანამ დასაძინებლად დავწვები, მას უკვე სძინავს. ვიცი, არ იკლებს გოგოებთან სიარულს და არც ჩემი თანდასწრებით მათთან ტელეფონზე საუბარს ერიდება. ამასწინათ აუზზე წაიყვანა ბავშვი. მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ უარი მითხრა: შენ სახლის საქმეები აკეთე, ამას გაგარიდებო. ისეთი მთვრალი მოვიდა, ფეხზე ძლივს იდგა. ბავშვი მომიყვა, ვიღაც გოგოები იყვნენ იქ, მამიკო ელაპარაკებოდა და კოქტეილებს სვამდნენ, მამა ყიდულობდაო. უცხო ადამიანებისთვის, ვინც ხვალ გამარჯობასაც არ ეტყვის და ალბათ, ქუჩაში ვერც იცნობს, არაფერი ენანება და მე რომ ვემსახურები, ვურეცხავ, ვულაგებ, ბავშვს ვუზრდი და მასზე ვზრუნავ, არაფრად მაგდებს. არ ვარ ბოროტი, მაგრამ მისი და რომ ასეთ ყოფაში ყოფილიყო, აიტანდა? ნამდვილად არ გავჩერდებოდი ამის გვერდით, მაგრამ ბავშვი უყვარს ძალიან და ბავშვსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მამისადმი. ერთხელ დავემუქრე, თუ ასე გააგრძელე, წავალ და შვილს თვალით ვერ ნახავ-მეთქი და მითხრა: ეს არ გააკეთო, თორემ თავს მოვიკლავ და ცოდვა დაგედება კისერზე, რით აუხსნი ბავშვს, რომ მამა მოუკალიო. შემეშინდა და მას მერე, არასოდეს მიხსენებია შვილთან დაშორება. რომც გავშორდე, დამოუკიდებლად არსებობა და შვილის გაზრდა გამიჭირდება. ჩემებს ისედაც ბევრი ჰყავთ შესანახი და არ მინდა, კისერზე მეც დავაწვე. არადა, უკვე ვეღარ ვუძლებ ჩემი ქმრისგან ასეთ ცივ დამოკიდებულებას. თავიდანცე არ ყოფილა რომანტიკული და თბილი, თუმცა, ჩემ მიმართ მზრუნველობას ნამდვილად გამოხატავდა და ესეც სად გაქრა, არ ვიცი. საერთოდ არ აინტერესებს, რა მინდა, სად მინდა წასვლა, რამეს ყიდვა მინდა თუ სამეგობრო-სადაქალოში გართობა. თავად არაფერს იკლებს, სხვათა შორის არც გოგონებთან გართობას, მე კი სახლში უნდა ვიჯდე და ბავშვს და ოჯახს მოვუარო. ამას წინათ, ნათესავმა მკითხა, მეორე შვილს როდის აპირებო და ენა გადამეყლაპა. ხომ არ ვეტყოდი, ჩემს ქმარს ჩემთან დაწოლა არ უნდა-მეთქი. ბიჭი მეზრდება და ღმერთმა დამიფაროს, მისი ცოლისთვის ისეთივე ქმარი იყოს, როგორიც მამამისია. პირველი მე ვიქნები ჩემი რძლის დამცველი. დღეს კი მეტი გზა არ მაქვს, შვილის გამო უნდა ავიტანო ქმრისგან უაზრო დამცირება და სიცივე, რომ მე თუ არა, ბავშვი მაინც იყოს ბედნიერი. არც ხვალინდელი დღის იმედი მაქვს. ამას აწი აღარაფერი გამოასწორებს.

ნინი, 35 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი