გულახდილი საუბრები

რატომ ურჩევნია ზოგიერთ ქალს ტყუილში ცხოვრება და როგორ „ამართლებს“ თავის ღალატს

№14

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.04

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სიყვარული ვალდებულება არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს და ვერც იმას ხვდება, როგორ უნდა უყვარდეს. დიახ, სიყვარულს ნამდვილად სჭირდება ცოდნა. მისი სწავლაც შესაძლებელია. მთავარია, ვიცოდეთ, რომ ურთიერთობა, უპირველესად, პასუხისმგებლობაა.

არის შემთხვევები, როცა ღალატს მხოლოდ ერთგულება და ქმარ-შვილის წინაშე პასუხისმგებლობა აგვარიდებს, თუ არა და, ოჯახს ან დანგრევის საფრთხე დაემუქრება, ან მთელი ცხოვრება სიცრუესა და სიყალბეში მოგვიწევს ყოფნა.

ლალიკო (37 წლის): როგორც წესი, ოჯახის დანგრევის მიზეზად ხშირად მამაკაცისგან ღალატს ასახელებენ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალებს უფრო კარგად შეუძლიათ დამალონ ფარული სასიყვარულო ამბები. მე კი გეტყვით, კაცის მოტყუება მართლა უფრო ადვილია, ვიდრე ქალის.

– ეს, ალბათ, იმიტომაც, რომ მანდილოსნები ღიად ჰყვებიან მოღალატე ქმრებზე, ქმრები კი, ხშირ შემთხვევაში, ამის აღიარებას დუმილს ამჯობინებენ.

– გეთანხმებით. თუმცა, ბოლომდე – არა. მთავარი ის არის, რომ არავინ აღიარებს, რომ მოღალატეა, მათ შორის, არც მე. სხვათა შორის, ყველა საქციელს აქვს გამართლება.

– მოღალატე ქალბატონების უმეტესობა საკუთარ საქციელს ასე „ამართლებს“: „შემიყვარდა და რა ჩემი ბრალია“.

– როგორც ამბობენ, ღალატი მაშინ ხდება, როცა წყვილებს შორის ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. ამაში არის სიმართლე. ბევრი ანგარებით თხოვდება და დაოჯახების შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა, მეუღლის შეყვარება ვერ შეძლო, ოჯახს კი იმიტომ არ ანგრევს, რომ შეიძლება, ერთ დღეს მშიერი დარჩეს. ჩემს ოჯახს ისე უჭირდა, რომ ხშირად სახლში პურის ნატეხიც არ იყო და მშიერს მიწევდა დაძინება. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალიან ლამაზი ვიყავი. ლამის მთელი სკოლის ბიჭები ჩემზე იყვნენ შეყვარებული. ვოცნებობდი, რომ ოჯახი ფეხზე დამეყენებინა, მშობლებს დავხმარებოდი. სკოლა წარმატებით დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩავაბარე. მშობლები ახლა ორმაგად წვალობდნენ, რომ ქალაქში მყოფი სტუდენტი შვილისთვის „კაპიკები“ გამოეგზავნათ. მერე კი ისე მოხდა, რომ ერთმა ნათესავმა ჩემთვის „კარგი“ მოინდომა და მდიდარი სასიძო მოძებნა. მშობლებთან ჩასულმა გავიგე, რომ ეს ბიჭი საღამოს ჩემს მოსანახულებლად მოდიოდა და თუ მოვეწონებოდი, დამინიშნავდა კიდეც. გავბრაზდი მშობლებზე – ეს როგორ გამიბედეს-მეთქი, მაგრამ ბოლოს დედამ მაინც თავისი გაიტანა. იმდენი ილაპარაკეს, იმ ბიჭით მეც დავინტერესდი.

– რადგან არ გიყვარდათ და მაინც გაჰყევით, ეს ამართლებს თქვენ საქციელს?

– მე ამას არ ვამბობ. გიყვებით, რაც იყო რეალურად. დავინიშნე მდიდარ სასიძოზე, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა და ბევრი ფული ჰქონდა. 20 წლის გოგოს შეყვარებული არასდროს მყოლია და მეგონა, თუკი ვინმე შემიყვარდებოდა, მთელი ცხოვრება მისი ერთგული ვიქნებოდი... მეუღლე ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ვუყვარდი, პატივს მცემდა და ზედმეტადაც კი მანებივრებდა, არაფერს მაკლებდა, ჩემს მშობლებსაც ეხმარებოდა, მაგრამ მისი შეყვარება ვერაფრით შევძელი. სწავლას თავი დამანებებინა და შინ დამსვა. ეჭვიანობდა, მაგრამ ამას არ აღიარებდა..

– არ უნდოდა, გესწავლათ ან გემუშავათ?

– არაფრით... და ბოლოს გადავწყვიტე, რადგან ამ ადამიანის იქით გზა არ მაქვს, შვილს მაინც გავაჩენ-მეთქი. ვერც კი ვიფიქრებდი, ოდესმე მეუღლის ღალატს თუ შევძლებდი. მოღალატე ქალებს ყოველთვის ვკიცხავდი. მაგრამ, ბედის ირონიით, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. ისიც გაცნობიერებული მქონდა, მეუღლეს თუ დავშორდებოდი, ჩემს ოჯახს ისევ შიმშილობა მოუწევდა.

– ამიტომ გადაწყვიტეთ, იმ ადამიანთან ფარული რომანი გაგებათ...

– თვეში ერთხელ ვახერხებ მასთან შეხვედრას, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. არ ვამბობ, რომ კარგს ვაკეთებ, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მივხვდი, თუ ადამიანი არ გიყვარს, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის გამო გათხოვება სისულელეა. ჰოდა, ასე თუ ისე, მეც მოღალატე ცოლი გავხდი.

მეუღლეს ერთხელაც არ გასჩენია ეჭვი. მისთვის მთავარია, რომ ბიზნესში ვეხმარები, შვილს ვუზრდი და სახლში იდეალური დიასახლისი ვარ. მე ჩემს ცხოვრებას უკვე ვეღარ შევცვლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი