გულახდილი საუბრები

ქმრის მონობას საყვარლის ყოლა და უზრუნველად ცხოვრება ვარჩიე

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.04

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

ყოველთვის მქონდა მიზნები და ვიცოდი, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ცხოვრებაში უბედნიერესი ქალი ვყოფილიყავი.

არასოდეს მინდოდა გათხოვება და ქმრის მონობა. ზუსტად ვიცოდი, ოჯახის შექმნის გარეშეც შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი, ამასთან, უფრო სასურველი და მიმზიდველი ქალი. არც არასოდეს მაკლდა თაყვანისმცემლები. მოკლედ, მიზნად დავისახე უზრუნველი ცხოვრება და მივაღწიე კიდეც. თუმცა, სულ ვიცოდი, ამისთვის აუცილებლად კარგი განათლება უნდა მიმეღო და საკუთარ გარეგნობაზე მეზრუნა. ასეც მოვიქეცი - უმაღლესი დავამთავრე, სტაჟირება უცხოეთში გავიარე, პლასტიკური ოპერაციებიც ჩავიტარე და ზუსტად ისეთი გარეგნობის დავდექი, როგორიც მე მომწონდა და მინდოდა – სექსუალური და ცოტა ვულგარული. უცხოეთიდან დაბრუნებულმა, კარგი ანაზღაურებადი სამსახურიც ვიშოვე და ცოლიანი კაცის საყვარელიც გავხდი. არასოდეს მიცდია მისთვის ოჯახის დანგრევა. მისი ცოლი სულაც არ იყო ჩემთვის პრობლემა და ბარიერი. უბრალოდ, მიზნად დავისახე, შეძლებული ცოლიანი კაცისგან შვილის გაჩენა და ასეც მოვიქეცი. მან კი მე და ჩემს შვილს ბინაც გვიყიდა, ფინანსურადაც უზრუნველგვყოფს. თან, არც მისი წინდების რეცხვა მიწევს და არც მისი პერანგების უთოობა. უკვე წლებია, ერთად ვართ. რომ იტყვიან, ჩემი შვილის სახით დავიბანდე მისგან ფინანსური კეთილდღეობა. სხვათა შორის, არაერთხელ უთქვამს: ცოლს ავუხსნი ყველაფერს, გავშორდები, დავუტოვებ ბინას და ფინანსურადაც უზრუნველვყოფ, მთავარია, შენ იყო თანახმა და დამთანხმდე ცოლობაზეო. რასაკვირველია, ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. ისე შევეჩვიე თავისუფალ ცხოვრებას, ნამდვილად არ მინდა ქმრისთვის სადილების მომზადება და მისი კაპრიზების ატანა. საყვარელს კი ის უპირატესობა აქვს, რომ მოდის დატვირთული, არც არაფერს ითხოვს, თუ რამე მაქვს მომზადებული მიირთმევს, თუ არა და სადმე მივდივართ და ვვახშმობთ. სახლში დაბრუნებული კი ჩავრთავ მშვიდ მუსიკას, წამოვწვები და ჩემს გემოზე ვისვენებ. ბავშვს არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს, ხშირად მასთან ვტოვებ და ასე რომ, დიდად, არც მისი მოვლით ვარ დაკავებული. ვიცი, ბევრი გამკიცხავს: შენ რა ქალი ხარ, შვილს სხვა გიზრდის, ცოლიან კაცს ფულს „წველი“, სხვისი ქმრის საყვარელი ხარ და არ გრცხვენიაო. დიახ, არ მრცხვენია! ჩემ გარშემო უამრავი გათხოვილი ქალია უბედური, ქმრისგან დამონებულ-დაჩაჩანაკებული და ნამდვილად არ მინდა, მათ რიცხვში ვიყო. მე არავის ვძალავ ფულს, იმ ცოლიან კაცს კი, დიახ, ვუყვარვარ და პატივს მცემს, თავის შვილს თუ ფინანსურად უზრუნველყოფს, მგონი, არც ეს უნდა იყოს განკითხვის საგანი. ერთხელ მოვდივარ ამქვეყნად და არ მინდა, ის ცხოვრება მქონდეს, რაც უამრავ გათხოვილ ქალს აქვს. ისიც ვიცი, ჩემი ამბიციების გამო, ბევრი მამაკაცი ვერ ამიტანდა, ვერც ქმარი გამიძლებდა და მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნებოდა. ამიტომ, მშვიდად და უზრუნველად ცხოვრება ვარჩიე და ამიტომ, ჩემ მიმართ გამოთქმულ ვერავის ნეგატიურ აზრს ვერ მივიღებ. ვფიქრობ, არ ჩავდივარ ისეთ დანაშაულს, ჯვარზე გამაკრან, ცეცხლზე დამწვან ან ტალახი მესროლონ. არავის არაფერს ვუშავებ, ქმარსაც არავის ვართმევ, არც არავის ცხოვრებაში ვყოფ ცხვირს. უბრალოდ, ისე ვცხოვრობ, როგორც ჩემთვის მართებულად მიმაჩნია. სამსახურშიც პატივს მცემენ, საყვარელიც ხელის გულზე მატარებს და შვილსაც ვუყვარვარ. კარგი მანქანით გადავადგილდები და არც უცხოეთში დასვენება მაქვს ოცნებად ქცეული. ნეტავ, რომელი ქალი არ ოცნებობს ასეთ ცხოვრებაზე? უბრალოდ, მე გამიმართლა, რომ ეს ყველაფერი მაქვს და ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები ღმერთის.

ნუციკო, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი