გულახდილი საუბრები

შვილიანი ქალის სიყვარულმა დამღუპა

№51

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.12, 2021 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

მამის გარეშე გავიზარდე. დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ უმამობა არ მეგრძნო. მორალური ტრავმა რომ არ მიმეღო, არც გათხოვდა და არც საყვარელი გაუჩენია. 

მთელი დღე მუშაობდა, საღამოს კი ცდილობდა, დრო ჩემთან გაეტარებინა. სულ ვამბობდი: ნეტავ, იმდენი შევძლო, დედას ეს ამაგი დავუფასო და სიბერეში ბედნიერი იყოს-მეთქი. კი ვამბობდი, მაგრამ ვერ ავუსრულე. განათხოვარი გოგო რომ შემიყვარდა, ამაზე ხმა არ ამოუღია, თუმცა, რომ გაიგო, შვილი ჰყავდა, გააპროტესტა. მთხოვდა: შვილო, კარგად დაფიქრდი, მე კი არ გიშლი, მაგრამ პრობლემები გარდაუვალია, იმ ბავშვს მამა ჰყავს, მთელი ცხოვრება მისი ატანა მოგიწევსო. არ დავუგდე ყური. ვიფიქრე, დედაა და ეგოისტურად იქცევა-მეთქი. თუმცა, მოვტყუვდი. დედამ ჩემი ცოლი და მისი შვილიც არაჩვეულებრივად მიიღო, მაგრამ სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ბავშვის მამამ ჩვენს სახლში ვიზიტები დაიწყო. ეს არც მე მსიამოვნებდა და არც დედაჩემს. ჩემს ცოლს რომ ვუსაყვედურე და ვთხოვე, იქნებ სხვაგან შეხვდეს თავის შვილს, არ მსიამოვნებს აქ რომ მოდის-მეთქი. ეწყინა. მითხრა: ცივილური ურთიერთობა გვაქვს, არ მინდა, ბავშვი ქუჩა-ქუჩა ხვდებოდეს მამამისს, რა მოხდა, შვილთან მოდისო. მოკლედ, ამაზე ჩხუბიც მოგვივიდა და ისევ დედა ჩაერია: შვილო, არ ინერვიულო, მიხვდება, რომ მისი აქ მოსვლა ზედმეტია, შენი ცოლიც გაიაზრებს სიტუაციას და ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდებაო. პირიქით მოხდა – არც სიტუაცია დალადგა, არც მოსვლას შეეშვა და ჩემი ცოლიც ისე განაგლდა, მის ყოფილ ქმარს, სუფრებს უშლიდა ჩემს სახლში. შენიშვნა რომ მივეცი, მითხრა: ბავშვს სასეირნოდ უჭმელს ხომ არ გავუშვებ და მამამისსაც სუფრასთან ვთხოვ დაჯდომას, რა მოხდა, რა აჟიოტაჟი გამართეთ დედა-შვილმაო. აქ ამომასხა და მაგრად მივალანძღე ჩემი ცოლიც და ის ვაჟბატონიც. მოკლედ, კარგა ხანი ცოლთნ გაბუტული ვიყავი, მაგრამ თავადვე მომიბოდიშა: მივხვდი, ზედმეტი მომივიდა და მაპატიეო. შევრიგდით და იმ ვაჟბატონმაც მოუკლო სახლში მოსვლას. რაღაც პერიოდი, სადარბაზოსთან მოდიოდა და იქიდან მიჰყავდა სასეირნოდ. რომ მეგონა, სიტუაცია დალაგდა-მეთქი, იქ დაიწყო ჩემი მთავარი ტრაგედია. დედა ავად გახდა და სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. როგორც ექიმები ვარაუდობდნენ, ისე არ წავიდა საქმე და საგრძნობლად ცუდი შედეგი დაიდო. საავადმყოფოში მარტოს ვერ ვტოვებდი და სულ იქ ვიყავი. ერთ დღესაც, ჩემს ცოლს ვთხოვე: იქნებ, ამ ღამით შენ დარჩე დედასთან, სახლში წავალ, ცოტას მოვწესრიგდები, ვიბანავებ, გამოვიძინებ, სამსახურშიც შევივლი, გავარკვევ სიტუაციას უფროსთან-მეთქი. იცით რა პასუხი მივიღე? აუ, საავადმყოფოში ვერ დავრჩები, ვერ ვიტან აქაურ სუნს და თან ბავშვსაც ვერ დავტოვებო. გავშეშდი. ნეტავ ვის უყვარს საავადმყოფოს სუნი და გარემო ან შვილს რა უჭირდა, მის გვერდით ვიქნებოდი. მოკლედ, როცა ცოლის გვერდში დგომა დამჭირდა, მაშინ მკრა ხელი. სამწუხაროდ, დედა მალევე გარდაიცვალა, ისე, რომ სახლში გამოწერა ვერ მოასწრეს. ვაკვირდებოდი ჩემს ცოლს და ვხედავდი, როგორი ბედნიერი იყო, სახლში რომ მარტო დარჩა, დედა რომ აღარ გაებლანდებოდა ფეხებში და არც შენიშვნებით შეაწუხებდა. მას შემდეგ, სამი წელი გავიდა და არც შვილი გამიჩინა და არც პატივს მცემს. ისევ მოდის მისი ყოფილი მეუღლე, ისევ უშლის სუფრებს და ისევ, როგორც თავად ამბობს, განაგრძობს ყოფილ ქმართან ცივილურ ურთიერთობას. უკვე ეჭვი მაქვს, მე რომ სამსახურში ვარ და ბავშვი – სკოლაში, ჩემს სახლში რა ხდება. ვინ იცის რქებსაც მადგამენ და მე საწყალი, ამასაც ვერ ვხვდები. დედა მართალი იყო, რომ მეუბნებოდა, შვილიანი ქალი დაგღუპავს, შვილოო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, სიყვარულით დაბრმავებული, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შევცდი. რასაკვირველია, ყველა შვილიანი და განათხოვარი ქალი ჩემი ცოლისნაირი არ არის, მაგრამ ფაქტია, ამას მის ყოფილ ქმართან ისევ აკავშირებს გრძნობები და არა მარტო შვილი. ღმერთს ვევედრები, რაიმე ცუდი არ შევნიშნო მათ ურთიერთობაში და სულ არ გავნადგურდე. ღალატს ნამდვილად ვერ ავიტან და საბოლოოდ ავიღებ თავზე ხელს.

დათო, 39 წლის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი