გულახდილი საუბრები

როგორ უნდა გაიგო, რომ ის ერთადერთი ადამიანი უკვე იპოვე

№46

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.11, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ბედნიერებაა ისეთ ურთიერთობაში ყოფნა, რომელიც დროს უძლებს და დიდხანს გაგრძელდება. ყველა ქალი, ხომ, სწორედ ამაზე ოცნებობს, თუმცა, მარადიული არაფერია და დიდხანს ერთად და ბედნიერად ცხოვრება ხშირად შეუძლებელი ხდება. რატომ შორდებიან ერთმანეთს ერთ დროს თითქოს ბედნიერი ცოლ-ქმარი ძალიან მალე?! ხომ არიან ისეთები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ერთად ატარებენ. როგორ უნდა გაიგო, რომ ის ერთადერთი ადამიანი უკვე იპოვე.

ქეთი (35 წლის): გათხოვებამდე, როცა ვინმეს ვხვდებოდი, მეც ვეკითხებოდი ხოლმე საკუთარ თავს: როგორ უნდა მივხვდე, რომ ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრების ადამიანია-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს იყო მამაკაცი, რომელსაც სერიოზული ურთიერთობისთვის განვიხილავდი. ბუნებრივია, ყველას უნდა, დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს თავის მეორე ნახევართან. ამ კითხვაზე კი ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. როცა გავიდა დრო და რამდენჯერმე გულიც მეტკინა, მივხვდი – ჯერ უნდა იცოდე რას ნიშნავს ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთად იწყებენ ცხოვრებას.

– ანუ, ერთად ცხოვრებას გაუაზრებლად ვიწყებთ?

– შეიძლება, ასეც ითქვას. უნდა ვიცოდეთ, რა არის საერთოდ ურთიერთობა, სანამ ამ ურთიერთობაში შევალთ.

– კლასიკური ახსნით, ურთიერთობა თავის თავში გულისხმობს ორ ადამიანს, რომლებსაც ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ. როგორ უნდა მივხვდე, რომ ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრების ადამიანია.

– ეგ ძალიან ზოგადი განმარტებაა და სწორედ, ამიტომ შევდივართ ჩიხში. საქმე ისაა, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ საყვარელი ფილმებისა თუ წიგნების გარჩევა. საუბარი ნიშნავს მნიშვნელოვანი საკითხების, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების, კარგი და ცუდი ემოციების გაზიარებას. ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთმანეთს უსმენენ და უგებენ, რომელთაც შეუძლიათ, ერთმანეთთან საუბარი ყველაფერზე და არაფერზეც კი, უფრო მეტიც, ანალიზიც და იდეების გაზიარებაც, დიდხანს შეინარჩუნებენ მტკიცე ურთიერთობას, რადგან ისინი შეძლებენ პრობლემის განხილვას ჩხუბისა და სკანდალის გარეშე.

– ნდობაზე რას იტყვით, ნდობა ხომ ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია.

– დიახ. ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური ნდობა. თუმცა, სწორედ, ეს ნდობაა ყველაზე მყიფე. ერთი გადაცდომაც საკმარისია, რომ დაიმსხვრეს. მე ვფიქრობ, რომ ამისთვის გულწრფელობა საუკეთესო საშუალებაა. თუ სულ იმაზე ფიქრობთ, გატყუებთ თუ არა საყვარელი ადამიანი, ცხადია, რომ ურთიერთობაში პრობლემები გექნებათ. თუ პარტნიორი პატივს გცემთ, მაშინ თქვენ არაფერს დაგიმალავთ. ის არასოდეს მოგატყუებთ და უფრო მეტიც, ის არც კი იფიქრებს, რომ ოდესმე თქვენი მოტყუება დასჭირდება.

– ამბობენ, რომ მყარი ურთიერთობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, წყვილს ერთნაირი იუმორის გრძნობა ჰქონდეს.

– დიახ. თუ ერთად სიცილი არ შეგიძლიათ, თქვენს ურთიერთობას მომავალი უბრალოდ არ აქვს. ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც ვერ უარყოფ. იმიტომ, რომ ყოველდღიურობაში მას ვერ გაექცევით. საყვარელ ადამიანთან ერთად სიცილი ის პირობაა, რომელიც თქვენი ბედნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეგოიზმით თქვენი ოჯახური ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. არც ერთი ადამიანი არ არის ვალდებული, მხოლოდ თქვენს გეგმებს მოერგოს და მაინცდამაინც თქვენს არჩეულ გზას გაჰყვეს. აუცილებელია, დროდადრო განიხილოთ თქვენი სამომავლო გეგმები. რადგან ერთად ცხოვრება გადაწყვიტეთ, ეს ძალიან გამოგადგებათ.

აუცილებელია ურთიერთობის მუდმივი მოტივაცია. შესაძლოა, ახლა ერთად ძალიან ბედნიერები ხართ, მაგრამ ერთად უნდა სცადოთ, მომავალშიც ასეთი ბედნიერები იყოთ. რაც უფრო ხანგრძლივია ურთიერთობა, მით უკეთ უნდა იცნობდეთ თქვენი პარტნიორის რეალურ სახეს. იცით, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? პატივი უნდა სცეთ მის სურვილებს, მაგრამ აუცილებელია განაგრძოთ თქვენი ძველი ცხოვრებაც, მიჰყვეთ ძველ ინტერესებს, არ შეიცვალოთ აზრები ხელოვნურად და მოსაჩვენებლად.

– ურთიერთობა გულისხმობს ორ განსხვავებულ ინდივიდს, სხვადასხვა სურვილებით, ინტერესებითა და მეგობრობით.

– სწორედ ეს განსხვავებაა ის, რაც ადამიანებს ერთმანეთში იზიდავთ. არ უნდა დაკარგო საკუთარი თავი. ხშირად ხდება, რომ შეყვარებული ვართ ადამიანზე, რომელსაც არ სურს ჩვენთან ყოფნა, არ ვაინტერესებთ, არ ვუყვარვართ. ასეთ დროს თავს უბედურად ვგრძნობთ, ეცემა თვითშეფასების ხარისხი და ვხდებით დეპრესიულები. დეპრესიული ცოლი კი ვის სჭირდება. რა თქმა უნდა, არცერთი მამაკაცი არ აღფრთოვანდება.

– რა უნდა ქნა, უნდა გადაიყვარო?

– ზოგჯერ ეს ერთადერთი გამოსავალია. ძალით ხომ ვერ შეაყვარებთ თავს. თუ გამოგივათ, ეს ყველაფერი მაინც მოკლევადიანი იქნება. თუ ერთ დღეს ფიქრობთ რომ შეყვარებული ხართ ადამიანზე და მასაც უყვარხართ, მაგრამ მეორე დღეს ის იკარგება და კვირების განმავლობაში მის შესახებ ვერაფერს იგებთ, რატომ უნდა დაკარგოთ დრო ფიქრითა და დარდით?!

კიდევ არის ერთი ფაქტორი – როგორც წესი, გათხოვების შემდეგ ქალები გადაერთვებიან ხოლმე ოჯახზე, ქმარსა და შვილებზე და ივიწყებენ საკუთარ თავზე ზრუნვას, თუმცა ასეთი ქცევით ყველაზე დიდ შეცდომას უშვებენ. ნებისმიერ სიტუაციაში იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე. ეცადეთ, მიიღოთ სიამოვნება ცხოვრების ყველა წუთით. სხვათა შორის, ეს ოჯახის სიმტკიცესაც შეუწყობს ხელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი