გულახდილი საუბრები

როგორ ხდებიან ქალის მეგობრები მისი ოჯახური ბედნიერების მთავარი მტრები

№17

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 05.05, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ზედმეტი სიახლოვე ადამიანთან, რომელიც ოჯახის წევრი არ არის, შესაძლოა, პრობლემების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს. მით უფრო, როცა საქმე ცოლ-ქმრის ურთიერთობას ეხება. სასურველი არ არის, მამაკაცს მუდმივად თვალწინ ჰყავდეს უცხო ქალი, თუნდაც ცოლის საუკეთესო მეგობარი, რადგან არსებობენ ქალებიც და მამაკაცებიც, რომელთათვისაც ეს სტატუსი არაფერს ნიშნავს.

მაკო (41 წლის): დავიწყებ იმით, რომ დღემდე ძალიან განვიცდი. ალბათ, ქმრის ღალატს როგორმე გადავიტანდი, ამ საშინელებაში ჩემი მეგობარი რომ არ ერიოს. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. მაგრამ მაინც თქმა სჯობს. იქნებ სხვამ მაინც გაიაზროს და გაითვალისწინოს. ერთი პერიოდი საშინელი დეპრესიაც მქონდა. თავის მოკვლაც კი მინდოდა. როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე, მივხვდი, ორი უღირსი ადამიანის გამო არ ღირდა სიცოცხლესთან გამოთხოვება, მით უფრო, რომ ორი შვილი მყავს გასაზრდელი. წამოვფორთხდი და ნელ-ნელა დავდექი ფეხზე.

– ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის ღალატი ნამდვილად უმძიმესი ფაქტია.

– წარმოუდგენლად ახლოს ვიყავით მე და ეს გოგო. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ის მალევე გათხოვდა. გაიპარნენ. მე ვიყავი მისი მეჯვარე. ორი წლის შემდეგ, ჩემს ქორწილამდე სამი თვით ადრე კი ერთმანეთს დაშორდნენ. ძალიან განვიცადე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქმართან ბედნიერი იყო. მერე გულდამდუღრული მიამბობდა, როგორ უჭირდა უსაქმურ ქმართან ცხოვრება, თანაც შვილი არ ჰყავდათ. როგორც შემეძლო, თანავუგრძნობდი. გულთანაც და ფიზიკურადაც ახლოს მყავდა. როცა ბავშვები შემეძინა, ლამის საერთოდ ჩვენთან გადმოსახლდა. დღე არ გავიდოდა, ჩემთან არ მოსულიყო. ზაფხულობით დასასვენებლად ისიც თან მიგვყავდა.

– ამას რატომ აკეთებდით? გეხმარებოდათ და იმიტომ?

– მარტო დახმარების ამბავი არ ყოფილა. თუმცა ჩემი შვილების გაზრდაში დიდი წვლილი აქვს. უფრო გვეცოდებოდა. ჩემს ქმარსაც ეცოდებოდა – ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. წარმოუდგენელი ამბავი დამემართა. ზოგჯერ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ამბავი ჩემს თავს მოხდა. არადა, ყველაფერი სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ჩემმა ქმარმა თავისი თანამშრომელი გააცნო. იმ კაცს ძალიან მოეწონა. თითქოს ესეც გაბედნიერდა. ხვდებოდნენ ერთმანეთს და მალე დაქორწინდნენ კიდეც. გოგონა შეეძინათ. ორი ოჯახის მეგობრობა გრძელდებოდა. ისეთი ბედნიერები ვიყავით... ან, მე მეგონა ასე..

გავიდა დრო და ჩემმა დაქალმა თანდათან უმატა ქმარზე საყვედურებს. ერთხელ ძალიან აღელვებული მოვიდა და მითხრა, მაგ არაკაცმა მიღალატაო. ყურებს არ ვუჯერებდი, რადგან მექალთანე აშკარად არ იყო. ეს კი მიმტკიცებდა: ვიცი, რომ ძველ შეყვარებულს ხვდება. ქალი არ ვიყო, თუ სამაგიერო არ გადავუხადოო. როცა წავიდა, ვერ მოვითმინე და ჩემი ქმრის მეგობარს დავურეკე, ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო ცოლზე – შენს დაქალს რაღაცები ეჩვენება. ის ქალი მართლა ვნახე, მაგრამ ჩვენ შორის არაფერიაო.

– არ სცადეთ, მეგობარი დაგემშვიდებინათ?

– დამშვიდება ვცადე, როგორ არა? მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა. ძალიან რომ გამწვავდა ურთიერთობა, მე და ჩემი ქმარიც ჩავერიეთ. როგორც იქნა, შევარიგეთ. მეგონა, მოგვარდა პრობლემა. მაგრამ... შარშან ზაფხულს ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ზღვაზე წავედი. როგორც ყოველთვის, ჩემი დაქალიც დავპატიჟე. მაგრამ საქმეები მოიმიზეზა და უარი მითხრა. როცა დავბრუნდი, მეზობლებმა მითხრეს, შენი ქმარი და შენი დაქალი საეჭვოდ დადიოდნენ ერთადო. ჯერ სიცილად არ მეყო, მაგრამ როცა ცოტა დავაკვირდი, ქმარს აშკარად შევატყვე გაუცხოება. ჩემი დაქალიც უცნაურად იქცეოდა, თითქოს გამირბოდა. გულმა ძალიან ცუდად მანიშნა რაღაც. მაგრამ ბოლომდე კიდევ ვერ ვიჯერებდი.

– არ დაელაპარაკეთ ქმარს?

– არა. ვარჩიე, მის ქმედებებს დავკვირვებოდი. ერთ შაბათს ქმარმა მითხრა, კახეთში მშობლებთან ვაპირებ წასვლასო. ბავშვებიც წაიყვანე-მეთქი. ვერ მოვიცლი, ქვეყნის საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო. ჩემს დეიდაშვილს ვთხოვე, ყურადღება მიექცია ჩემი შვილებისათვის და როგორც კი ქმარმა კარი გაიხურა, უკან გავყევი.

– უკან დაედევნეთ? .

– სხვა რა გზა მქონდა? სიმართლე ხომ უნდა გამეგო. ჩემმა ქმარმა თავისი მეგობრის სახლის შორიახლოს დააყენა მანქანა, ცოტა ხანში ჩემი სანაქებო დაქალი ჩაუჯდა და წავიდნენ. კახეთამდე არც ჩასულან. ქალაქგარეთ ერთ კერძო სასტუმროსთან გაჩერდნენ. გავმწარდი, მაგრამ ბოლომდე გავუძელი. დაველოდე. მერე გავიგე, რომელ ნომერში იყვნენ და კარზე დავუკაკუნე. ოთახში რომ შევედი. ორივე გაშეშდა. ფერი დაკარგეს. ეგონათ, სკანდალს ავტეხდი, მაგრამ კარი გამოვიხურე და წამოვედი. სიტყვითაც ვერ გამოვხატავ, რა დამიჯდა ეს სიმშვიდე და თავშეკავება. მანქანაში დაბრუნებული ისე ცუდად გავხდი, კარგა ხანს ვერც დავძარი ადგილიდან. იმავე საღამოს ქმრის ნივთები ჩემს დაქალს სახლში გავუგზავნე. მერე მის ქმარს სამსახურში მივაკითხე და ყველაფერი ვუამბე. კაცი ლამის გაგიჟდა. ლამის დამუნჯდა, ხმა ვერ ამოიღო..

ხუთი თვე გავიდა. ამ ამბის მერე, ჩემი ქმრის არც დანახვა, არც ხმის გაგონება არ მინდა. ერთოთახიანი ბინა უყიდიათ და ახლა ჩემი ყოფილი ქმარი და დაქალი ერთად ცხოვრობენ. ვის დავაბრალო, როცა მთავარი დამნაშავე თავად ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი