გულახდილი საუბრები

როდის იწყებს ცოლი ქმრის ღალატის მეორე მხრიდან ყურებას

№23

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 18.06, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრ წყვილთან თამაშდება ჩვეულებრივი ოჯახური დრამა – წლების შემდეგ გაცივებული გრძნობა, ახალგაზრდა საყვარელი, ღალატი, დანგრეული ოჯახი და ახალი ურთიერთობის ძიება. ამაში არაფერია ორიგინალური. ნაცნობია და ათასჯერ გავლილი. საბოლოოდ ოჯახი ან ინგრევა, ან არა..

საინტერესო და განსხვავებულია შემთხვევა, როცა მიტოვებული ცოლი ქმრის ღალატს მეორე მხრიდან უყურებს. ის იწყებს ფიქრს, თუ რა ძნელი იყო ქმრისთვის საყვარელთან ყოფნის შემდეგ სახლში დაბრუნება, ცოლის წინ ჯდომა, მასთან ლაპარაკი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და თავის მართლება, რომ სამსახურში შეაგვიანდა. ალბათ, როგორ უჭირდა, როდესაც საყვარელთან გატარებული საათების შემდეგ ღამით ცოლთან მაინც უწევდა მოვალეობის შესრულება. რა რთული იქნებოდა მისთვის სექსი ერთ ქალთან, როდესაც მეორეზე ფიქრობდა და რამდენად მტკივნეული შვილების დედისთვის დამალვა, რომ აღარ უყვარს, აღარ უნდა მასთან ძილი და როგორი ბედნიერი იქნებოდა, რომ შეეძლოს ამ ორმაგი ცხოვრების დასრულება.

დიანა (36 წლის): ალბათ, წარმოდგენაც კი რთულია, რას გრძნობს ქალი, როდესაც იგებს, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს, რომ სხვა უყვარს, რომ მათი ურთიერთობა, უბრალოდ, მოვალეობის შესრულებაა და მეტი არაფერი. მე ყოველთვის ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. თითქოს ასეთი ამბები სხვა, ძალიან შორეულ სამყაროში ან წიგნებსა და ფილმებში ხდებოდა. ჩემ გარშემოც ცხოვრობდნენ მოღალატე კაცები. მე მინახავს ატირებული ჩემი მეგობრები, მომისმენია მათი ამბები, მაგრამ ასეთ პრობლემას ჩემამდე არ ვუშვებდი, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდი. მეც მიღალატა საყვარელმა მეუღლემ. მეც მაწყენინეს ძალიან მწარედ და ისე ცუდად ვიყავი, სხეულიც კი მტკიოდა. არ ვარ ისტერიული ადამიანი. ცოტა მაღალი თვითშეფასება მაქვს და კისერზე ვერ ჩამოვეკიდე ჩემს ქმარს, ვერ დავუწყე მუდარა, ჩემთან დარჩი-მეთქი. არჩევნის უფლება მივეცი, თუმცა ძალიან მიჭირდა.

– უთხარით, რომ შეეძლო, იმ ქალთან წასულიყო?

– დიახ. ვუთხარი, რომ არ მინდოდა ვინმესთან მისი გაყოფა. ვერ შევეგუებოდი, ხან ოჯახში ყოფილიყო, ხან მასთან ერბინა. ეს ორმაგი ცხოვრება უნდა დასრულებულიყო. შინაგანად მანგრევდა ეს სიტუაცია. თუმცა მეგონა, რომ ოჯახს აირჩევდა.

– ამიტომ აიძულეთ არჩევანი გაეკეთებინა?

– სხვა გამოსავალი მაინც აღარ მქონდა. ჩვენი ურთიერთობა სხვანაირად მაინც ვეღარ განვითარდებოდა. გულის სიღრმეში იმედს ვებღაუჭებოდი, რომ არ დამთმობდა. მასაც უჭირდა. ყოყმანობდა. არ იყო ჩამოყალიბებული. მე ამას ვხედავდი. რთულია, როდესაც კაცი ბოლოს მაინც იღებს გადაწყვეტილებას და მიდის. მაგრამ ტყუილში ცხოვრება უარესია. არ ვიცი, ვინმეს გამოსდის, აიტანოს ეს და იყოს მშვიდად? ჩემთვის ეს უფრო წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობდი ჩემი ქმრის განცდებზეც და მერე ვცდილობდი, სიტუაცია სხვა მხრიდან დამენახა. შიგნიდან ვაანალიზებდი ჩვენს სიტუაციას.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ეს? რეალურად გააზრება იმისა, რომ მოღალატეებიც არ გრძნობენ ხშირად თავს კარგად და განიცდიან.

– ასეა, დიახ. შესაბამისად, ეს მათ მდგომარეობაში შესვლა არ არის, უბრალოდ, თავის დაცვის მცდელობაა. რომ საკუთარი თავი არ შეიცოდო და უარეს დეპრესიაში არ ჩავარდე.

– ნუთუ, რეალურია, მიტოვებულმა ქალმა კაცის თვალით დაინახოს და მისი ლანძღვის მაგივრად, თანაგრძნობით აივსოს და იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება, ქმარი უფრო უბედურიც კი არის ახლა, ვიდრე თვითონ?

– დიახ, შეიძლება. ათწლიანი თანაცხოვრების, ერთად აღებული კრედიტების, ერთად ნაყიდი და მოწყობილი სახლის, ორი შვილის შემდეგ ადამიანი დგება და გეუბნება, რომ მიდის და ყველაფერი დასრულდა. ალბათ, ამის გადატანას საოცრად დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუმცა, როცა შენ თავს ხდება, ამას ვერ აცნობიერებ. არ დამიჯერებთ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მიუხედავად ღალატისა, ჩემს ქმარსაც უმძიმდა და არ უნდოდა ეწყენინებინა. მე მივხვდი იმას, რომ თვითონაც აღარ შეეძლო სიცრუეში ცხოვრება. მიუხედავად განცდილი ტკივილისა, გავუგე და მეცოდება კიდეც.

– ნორმალურია თუ არა ეს ყველაფერი?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, საერთოდ რა არის ნორმალური და – არანორმალური, ვინ საზღვრავს ამ ყველაფერს? ვინ დააწესა ნორმები? ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ თურმე, შესაძლებელია ნებისმიერი სიტუაცია სხვა მხრიდან დავინახოთ, რომ ტკივილის მიუხედავად, ღირს ცხოვრების გაგრძელება და რომ როცა ურთიერთობა ბედნიერებას ვერ გვანიჭებს, უნდა დამთავრდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ურთიერთობა ცოლს უკავშირდება, ქმარს, შეყვარებულს თუ საყვარელს. ერთხელაც თუ მივხვდებით, რომ ყოველდღე უფრო და უფრო გვტკივა, უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და გავუშვათ. ერთი ისაა, რომ ასეთი ძლიერები იშვიათად თუ ვართ ხოლმე. მაგრამ, კარგად უნდა დავფიქრდეთ – თუ ოდნავ მაინც გვაქვს შანსი სიყვარულის გადარჩენის, თავმოყვარეობა უნდა დავძლიოთ და უნდა ვიბრძოლოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი