გულახდილი საუბრები

როდის იწყებს ქალი დამნაშავის ძებნას და რატომ ვერ პოულობს ის გამოსავალს

№2

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 21.01, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

  მას შემდეგ, რაც შეცდომა უკვე დაშვებულია და გამოსავლის პოვნაც არ არის ადვილი, სიტუაციის მსხვერპლი დამნაშავის ძებნას იწყებს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი შეცდომები მას გადააბრალოს ან განტევების ვაცი იპოვოს, რამენაირად აირიდოს პასუხისმგებლობა. თუმცა ეს მცდარი ქმედება შექმნილი ვითარების გამოსწორებაში ვერავის ეხმარება.

ნუციკო (31 წლის): ვიცი, რომ ანონიმურობა დაცული იქნება და ამიტომ გავბედე. არავის გაუკვირდება ჩემი ამბავი, რადგან დღეს ყოველი მეათე ქალი ჩემს მდგომარეობაშია. ალბათ, იფიქრეთ, რომ ძალადობას ვგულისხმობ, მაგრამ არა.
– დიახ, ეს ვიფიქრე. აბა, რა მდგომარეობას გულისხმობთ?
– იმას, რომ ბევრი ქალი ქმრის ოჯახში იძულებით ცხოვრობს, მისი გული და სიყვარული კი სხვას ეკუთვნის. მე რაიონში დავიბადე. ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა, განსაკუთრებით მამა. მისთვის რომ გეკითხათ, ქალი სახლიდან არ უნდა გასულიყო, ბიჭთან შეხვედრაზე, ხომ, საერთოდ, ლაპარაკი ზედმეტია. მერე დედაჩემმა იაქტიურა და ოცდაოთხი წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი.
– ძალით ხომ არ გაგათხოვეს. მათმა არჩევანმა გაამართლა?
– გულახდილი ვიქნები. ჩემი მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მომეწონა. მაგრამ სიყვარულით არასოდეს მყვარებია. მაშინ კარგად ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა ახლა უკეთ ვიცი, რომ სიყვარული სულ სხვა რამაა. ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი შევქმენით. არ გამოდგა ცუდი ადამიანი. თითქმის ვუგებდით ერთმანეთს. მისი მშობლები თან მყვებოდნენ. ერთი ძმა ჰყავდა უკვე დაცოლშვილებული და ცალკე ცხოვრობდა. პირველი შვილი ორი წლის შემდეგ შეგვეძინა. ჩემს მეუღლეს ბიჭი უნდოდა, მაგრამ გოგოს დაბადებამ დედამთილი გაახარა, რადგან თვითონ ქალიშვილი არ ჰყავდა. სამი წლის შემდეგ მეორე ქალიშვილიც დაიბადა.
– ანუ, რომანტიკა გაკლდათ. ერთი შეხედვით, თქვენს თავს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
– სხვა ქალებივით გულის ფანცქალით არ ველოდებოდი ქმრის სამსახურიდან დაბრუნებას და თუ დააგვიანდებოდა, ამაზეც არ ვდარდობდი. შინ მოსულს დიდი სიხარულით არ ვხვდებოდი და ამაზე გული სწყდებოდა, მაგრამ თანდათან შეეჩვია. ერთადერთი ოცნება მქონდა, სამსახური მეშოვა და დიასახლისის ერთფეროვანი ცხოვრებისთვის თავი დამეღწია. ქმარი ამაშიც დამეხმარა და სავაჭრო ცენტრში მენეჯერის ადგილი მიშოვა. სწორედ, აქედან დაიწყო ყველაფერი.
– ქმარი ხომ მოგწონდათ და თუ კარგი ადამიანიც იყო, რას ერჩოდით?
– ანუ, რატომ არ შემიყვარდა? არ ვიცი. ასე მარტივად თქმა რთულია. სიყვარული შეკვეთით არ მოდის. ის არ იყო ჩემი ოცნების მამაკაცი.
– და, გამოჩნდა თქვენი ოცნების მამაკაცი...
– დიახ. დაქორწინებულიც იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. თავისი ბიზნესი ჰქონდა და ჩვენს უფროსთან მეგობრობდა. მის დანახვაზე პატარა გოგოსავით ვწითლდებოდი და გული გამალებით მიცემდა. საკუთარი თავი თვითონ გავეცი. მთელი არსებით მივილტვოდი მისკენ. როცა ვერ ვნახავდი, იმ დღეს ჩემზე უბედური არავინ მეგონა. ასეთი ლტოლვა და ამჩატება რა შედეგითაც მთავრდება, ყველასთვის ცნობილია. მისი საყვარელი გავხდი. ბინა დაიქირავა და ერთმანეთს იქ ვხვდებოდით. ერთად გატარებული ღამის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა და უკვე ორი წელია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება.
– თქვენი მეუღლე ვერაფერს ხვდება?
– ვერა და ეს უფრო მაღიზიანებს. რანაირად მენდობა ასე, საერთოდ არ ეჭვიანობს. თითქოს მე ქალი არ ვარ და ვერავის მოვეწონები.
– ცუდია, რომ გენდობათ?
– არა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა იგრძნოს, თუკი დედამთილმა შემამჩნია ცვლილება?
– ხომ იცით, ქალის თვალს არაფერი გამოეპარება.
– დიახ. მართალი ხართ. რაღაც სხვანაირად მიყურებს, მაგრამ არაფერს მეუბნება. საყვარელი მთხოვს, ქმარს ყველაფერი ვუთხრა, გავეყარო და მასთან სამუდამოდ დავრჩე. ვერ ვრისკავ. შინაგანი შიში ვერ დამიძლევია. ბუნებით მორჩილი და მშიშარა ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო, თავის დროზე მამაჩემის ნება-სურვილს არ დავყვებოდი და გარიგებით არ გავთხოვდებოდი. მაშინ რომ სწორი არჩევანი გამეკეთებინა, იქნებ ახლა ასეთი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩენილიყავი.
– იქნებ ჯობია, ოჯახზე იფიქროთ. ბავშვებს ხომ მამა სჭირდებათ, თანაც თქვენ საყვარელს მეუღლე ჰყავს.
– რა თქმა უნდა, ბავშვებზე ვფიქრობ – სიგიჟემდე უყვართ მამა. მაგრამ დიდ სიყვარულზე უარს ასე ადვილად ვერ ვიტყვი. სიყვარული ძალიან მჭირდება.
– იქნებ მის კანონიერ ცოლსაც უყვარს ქმარი.
– მგონი, მას ქმარი აღარ აინტერესებს. ჩემმა საყვარელმა მითხრა, რომ ცოლმა ყველაფერი იცის და გაყრაზეც თითქმის თანახმაა. დაღალა ჩემმა თავგადასავლებმაო. ეს სიტყვები ცოტა ცუდად ჩამრჩა გულში. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჩემი შეყვარებული ერთი ჩვეულებრივი მექალთანეა და მეტი არაფერი. მე კი თავს ვიტყუებ. ასე რომ ვფიქრობ, გული მეკუმშება, გაორებულ მდგომარეობაში ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, მე, ჩემი ქმარი, ჩემი საყვარელი თუ მამაჩემი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი