გულახდილი საუბრები

როდის იტანჯება ქალი ოჯახში ქმართან ურთიერთობით და არის თუ არა გაშორება გამოსავალი

№35

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.09, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

„ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მკვლელობათა 17 პროცენტი და არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულთა 47 პროცენტი სწორედ ოჯახებში ხდება. ეს სერიოზული პრობლემაა.“ – აცხადებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ და მოითხოვენ, რომ ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რათა კანონის ენაზე შეძლონ იმ ქალების დახმარება, რომლებიც მათ მიმართავენ. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ამ ქალების უმრავლესობას არა აქვს მხარდაჭერა ოჯახისგან, ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან.

თეონა (34 წლის): ძალიან ვიტანჯები, რადგან საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ქმარს ვერასდროს შევიყვარებ. ის ვერ მაძლევს იმას, რაც მჭირდება – სიყვარული, სითბო და ბედნიერება მაკლია.

მომავალი ქმარი ჩვენმა საერთო ნაცნობმა გამაცნო. ერთი თვის შემდეგ დაქორწინება შემომთავაზა. მაშინ 32 წლის ვიყავი და ვიფიქრე, რომ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო. ამიტომ ბევრი არც მიფიქრია. ქორწილის შემდეგ თითქოს ჩემი თვითშეფასება ამაღლდა. თავი ქალად ვიგრძენი.

– რატომ არის ქალისთვის გათხოვება თვითშეფასების ამაღლების საშუალება, რეალურად ხომ ეს ასე არაა?

– ახლა გეთანხმებით, რომ ძალიან ვცდებოდი, მაგრამ მაშინ ცოტა სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა ოჯახზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ქორწინების პირველი რამდენიმე თვე ნამდვილი „თაფლობის თვეები“ იყო. მერე ჩემი ქმარი სამუშაოდ რუსეთში წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ მეც ქმართან გავემგზავრე. პირველმა კვირამ კარგად ჩაიარა, რადგან ერთმანეთი მონატრებული გვყავდა. მერე კი ნამდვილი კოშმარი დაიწყო. უკიდურესად ეჭვიანი აღმოჩნდა. სახლიდან გასვლა და ფანჯრიდან გახედვაც აკრძალული მქონდა. ერთხელ მის სატელეფონო ზარს სწრაფად ვერ ვუპასუხე. ხუთ წუთში სახლში გაჩნდა და სასტიკად მცემა იმის გამო, რომ ტელეფონზე სხვას ველაპარაკებოდი.

– მოძალადე რომ იყო, სანამ ფიზიკურად არ შეგეხოთ, ვერ მიხვდით?

– უნდა ვაღიარო, რომ ვგრძნობდი მის სასტიკ ბუნებას, მაგრამ იმედი მქონდა, როგორც კი ბავშვი დაიბადებოდა, ყველა პრობლემა გადაიჭრებოდა. შევცდი. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. იმაზეც კი მიფიქრია, ალბათ, ჩემმა ქმარმა პირობა დადო საკუთარ თავთან, რომ გამანადგუროს და ყოველდღე მცემოს-მეთქი. სახლში დამპალი ხილი მოჰქონდა და მაიძულებდა, მეჭამა. მთელი ორსულობის განმავლობაში მცემდა. ვერ დავთვლი, ჩემს ზურგზე რამდენი სკამი და ცოცხი გადაამტვრია. სად წავსულიყავი, უცხო ქვეყანაში ვის მივდგომოდი. ფულსაც კი არ მაძლევდა, არ გაიქცესო. მშობიარობის შემდეგ ჩემ მიმართ ძალადობა არ შეუწყვეტია, პირიქით, ქმარი უკვე ბავშვსაც სცემდა. როდესაც ქმარმა მორიგ ჯერზე საჭმელი ისევ გადამასხა თავზე და აბაზანაში გავიდა, პოლიციას მივმართე და ჩემთან მოახლოება აუკრძალეს. მერე ჩემი ქმრის ერთი მეგობრის ცოლს მოვუყევი ყველაფერი. ის ქალი ძალიან შეწუხდა. ყველაფერი გააკეთა, რომ მე და ბავშვი საქართველოში დავებრუნებინეთ. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა გამოსავალი. ყოფილი ქმრის თავიდან მოშორება ადვილი არ ყოფილა. ოჯახისგან საერთოდ არ მაქვს მხარდაჭერა. ფიქრობენ, რომ მე ქმრის საკუთრება ვარ და რაც მოესურვება, ყველაფერი შეუძლია, გამიკეთოს.

– არცერთ გონიერ ადამიანს არ სურს ძალადობა. თქვენ მშობლებს რატომ უჭირთ გაგიგონ?

– მათი ფილოსოფია ასეთია – დღეს კამათობთ, ხვალ შერიგდებით, არაა საჭირო სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა. მე მაინც ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, რომ უნდა გავშორდე ქმარს და მან პასუხი უნდა აგოს ჩემს წამებაზე, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე და არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო. იმისიც მეშინია, რომ ცხოვრებას დამოუკიდებლად ვერ შევეჭიდები. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, ისინი არასდროს მომცემენ ოჯახის „უსაფუძვლოდ“ დანგრევის უფლებას. როცა დედას გამოვუტყდი, არ მიყვარს და მისგან წასვლა მინდა-მეთქი, მიყვირა: ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, ცემაც კი უნდა მოითმინოს. შენ კი რა გაკლია? ქმარს უყვარხარ, სულ იმის ფიქრშია, რა გასიამოვნოს და კაცს ამას როგორ არ უფასებ? ღირსი ხარ, სახლიდან გამოგაგდოს! იცოდე, ჩემი იმედი ნურაფერში გექნება. მისგან თუ წამოხვალ, ჩათვალე, რომ დედაც აღარ გყავსო. აი, ამ ყველაფრის მერე რისი იმედი შეიძლება, მქონდეს. როგორმე უნდა შევძლო და ჩემი შვილიანად სადმე სხვა ქვეყანაში გადავიხვეწო, სადაც ვეღარავინ მომწვდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი