გულახდილი საუბრები

რატომ უნგრევენ ქალები კაცებს ოჯახებს

№32

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.08, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

როდესაც კაცი მეუღლეს შორდება და ამის მიზეზი სხვა ქალია, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ქალი განხეთქილების მონაწილეა. ბევრი საყვარელი ამას უარყოფს და იმით იმართლებს თავს, რომ ოჯახს მესამე არ ანგრევს. თუმცა რეალობა სხვაა. ბევრი საყვარელი არაერთ ხრიკს მიმართავს, რომ კაცმა ოჯახი დაანგრიოს და მასთან წავიდეს. ძალიან ხშირად კი სწორედ ისინი გვევლინებიან მამაკაცის საბოლოო გადაწყვეტილების მაპროვოცირებლად. ცოლებს აწვდიან ინფორმაციას ქმრის ღალატის შესახებ, რასაც ქმრების უმრავლესობა საგულდაგულოდ მალავს. საინტერესოა, არის თუ არა ბედნიერი ქალი, რომელიც ამ ბედნიერებას სხვისი უბედურების ხარჯზე აშენებს.

მარიამი (35 წლის): ვიცი, ჩემი მონაყოლი ბევრს გააღიზიანებს. დიახ, ცოლიანი კაცის საყვარელი ვიყავი, მაგრამ თავიდან აზრადაც არ მომსვლია, ოჯახიდან წამომეყვენა. პირიქით, როცა ცოლის შესახებ საშინელებებს მიყვებოდა, მე ვანუგეშებდი, ვურჩევდი, ნერვებს არ აჰყოლოდა, მშვიდად გაერკვია ყველაფერი იმ ქალთან და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დაესვა წერტილი ოჯახური თანაცხოვრებისთვის.

– თქვენ ხომ იცოდით, როცა მამაკაცის ცხოვრებაში სხვა ქალი ჩნდება, ოჯახში კონფლიქტი და განხეთქილება გარდაუვალია?

– ჩემი ნაამბობი, თუ გნებავთ, აღსარებად ჩათვალეთ. ნამდვილად არ ვარ ის ქალი, რომელმაც ყველაფერი იღონა, კაცისთვის ოჯახი დაენგრია, რომ მის გვერდით ეცხოვრა. მიზანმიმართულად ეს არ გამიკეთებია. მიყვარდა, მიყვარს და ვცდილობდი, შემენარჩუნებინა, თუმცა, საყვარელი კაცი მაინც დავკარგე.

– ანუ, იმ კატეგორიას არ ეკუთვნით, ვინც საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებს?

–ზოგ ოჯახს პირობითად ჰქვია ოჯახი, თორემ ცოლი თავისთვის ცხოვრობს და ქმარი – თავისთვის. მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ათევენ ღამეს და, შვილების გარდა, არაფერი აკავშირებთ. ინტიმის კი არა, ერთმანეთთან დალაპარაკების სურვილიც არ აქვთ. ასეთი ქალის ქმარი რომ შეგიყვარდეს და იმან ერთ დღეს თვითონ თქვას უარი ამ ოჯახზე, რომელიც ფარსია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის უბედურებაზე ააგე საკუთარი ბედნიერება, მაგრამ ჩემთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. თავიდან ჩემი საყვარელი მეუბნებოდა, რომ უყვარდა თავისი ცოლი. თუმცა ის ვერ უგებდა და არ აფასებდა. მე არაფერი გამიკეთებია, რომ მათთვის ცხოვრება ამერია. მართლა გულახდილად გიყვებით, როგორ განვითარდა ჩვენი ერთობლივი ცხოვრება. მის ცოლთან დასაშორებლად არანაირი ხრიკი არ გამომიყენებია. უბრალოდ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ საჭირო დროს ვყოფილიყავი მასთან. ყოველთვის მზად ვიყავი, რომ მენუგეშებინა, რამე მერჩია. სულ ვთხოვდი, ნერვებს არ აჰყოლოდა, მშვიდად გაერკვია ცოლთან ყველაფერი და თუ საჭირო გახდებოდა, წერტილი დაესვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მე საბედისწერო ქალი ვარ? იმდენად ჰქონდა ცოლის მიმართ გრძნობა, რომ დიდი ხანი დასჭირდა ამ კავშირის დასანგრევად. ამ ყველაფრის პიკი და კულმინაცია გახდა ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებდი.

– იმისათვის, რომ გვერდით საყვარელი კაცი გყოლოდათ, თქვენს შვილს კი – მამა, სრულიად უდანაშაულო ქალი და მისი შვილები მარტოობისთვის გაწირეთ?

– ეგოიზმისგან ყველა ვბრმავდებით. ასეთ დროს სინდისი არ გაწუხებს. ამ კაცის გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებდა.

- და ის, მაინც წავიდა თქვენგან. როგორ?

– როდესაც ერთად ვცხოვრობდით, პირველი ცოლი ბავშვებთან ურთიერთობას არ უშლიდა. გულშიაც არ გამივლია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ დაახლოვდებოდა. როგორც ჩანს, გული ისევ ყოფილი ცოლისკენ მიუწევდა, ისევ ის უყვარდა და არა მე. თურმე, აკვირდებოდა, ყოფილ ცოლს რა ღირსეულად ეჭირა თავი. ის ყველაფერი კი, რაც მათი ოჯახის დანგრევამდე ხდებოდა, უცებ გაქრა. დღეს ისინი ერთად არიან. მე კი ჩემს შვილთან და სინდისთან მარტო დავრჩი. გულახდილი ვიქნები – ძალიან მაწუხებს ჩემი ცხოვრების ის ექვსი წელი. არ მინდა, ვინმემ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მართლა ძლიერი გრძნობაა სიყვარული, მაგრამ ეგოიზმად არ უნდა იქცეს, მაშინ თავს ვეღარ გააკონტროლებ. ისეთ საქციელს ჩაგადენინებს, ფიქრადაც რომ ვერასოდეს გაივლებდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი