გულახდილი საუბრები

რატომ დგება გაუცხოვება ცოლ-ქმარს შორის და არსებობს თუ არა გამოსავალი

№22

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 11.06, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ხშირია შემთხვევები, როდესაც რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში გაუცხოების პრობლემა დგება – მათ ერთმანეთის აღარ ესმით. მსგავსი პრობლემის წინაშე შეიძლება, ახალდაქორწინებულებიც აღმოჩნდნენ და რამდენიმე წლის ცოლ-ქმარიც. ძირითადად, რა არის ურთიერთობების ხელშემშლელი ფაქტორი? დისკომფორტის სერია იწყება, როდესაც წყვილი ვეღარ იღებს სიამოვნებას ურთიერთობისგან – აქ იგულისხმება თანაცხოვრების სიამოვნება და საერთო ინტერესი, თემები, რომლებიც შეიძლება, ცოლ-ქმარს აღარ გააჩნდეს. პრობლემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიგნალად უნდა ჩავთვალოთ თვითაღქმა – ანუ როგორ აღიქვამ საკუთარ თავს პარტნიორის გვერდით.

მარიკა (34 წლის): არასოდეს მსმენოდა ემოციურ შეუთავსებლობაზე, რომ წყვილები, სწორედ, ამ მიზეზით ვერ ახერხებენ სიამოვნების მიღებას ურთიერთობისგან. მაგრამ, როცა თავად შემექმნა პრობლემები ემოციური გაუცხოვების გამო, მივხვდი – სიყვარული ბევრს არაფერს ნიშნავს. სიყვარული როგორ არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არ არის გადამწყვეტი და ქორწინებაში ბევრს ვერაფერს აკეთებს. ვიცი, რომ არ გჯერათ რასაც ვამბობ, მაგრამ ნავს, რომელშიც ორი ადამიანი ჯდება, ნიჩბები სჭირდება, რომ არ ჩაიძიროს. გაუცხოვება, რომელიც ძირითადად, მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დგება, სერიოზული პრობლემაა. მას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია, მათ შორის ყველაზე მთავარი ფაქტორის, იმის, რაც ნორმალური თანაცხოვრებისთვის აუცილებელია.

– თქვენი გამოცდილებით, ყველაზე ხშირად რა უშლის ხელს წყვილის ჰარმონიულ ცხოვრებას?

– რვაწლიანი ქორწინება საკმარისი აღმოჩნდა, მივმხვდარიყავი, რომ ბედნიერი ქორწინების ხელის შემშლელი მრავალი ფაქტორი არსებობს. დამოკიდებულია იმაზე, რას ელოდებიან პარტნიორები ერთმანეთისგან. ქალი-ბავშვი მამაკაცისგან მოითხოვს „მამის“ როლს, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცი უნდა იყოს მზრუნველი, მფარველი და კიდევ ყველაფერი ის, რაც ქალისთვის მამის სახეში ერთიანდება. თუ ქალი-ბავშვის პარტნიორიც მისი მსგავსია, წყვილიდან ვერცერთი იღებს იმას, რაც სჭირდება, რასაც მოჰყვება გაუთავებელი შეუთანხმებლობა და დავა იმის შესახებ, თუ რომელია მათ შორის უფრო ეგოისტი. ჩემს ოჯახში, სწორედ, ეს ხდება. სინამდვილეში ორივე მართალი ვართ და ორივეს გვესაჭიროება განსხვავებული პარტნიორი, რომელიც დანაკლისს შეგვივსებს.

– ფიქრობთ, რომ ერთად აღარაფერი გამოგივათ?

– ფაქტია, რომ აღარ გამოგვდის. ნორმალურად დალაპარაკებასაც კი ვერ ვახერხებთ. ძალიან ავცდით ერთმანეთს. ბევრი კაცისთვის ცოლი ასოცირდება სახლის პრობლემებთან, გადასახადებთან, ჩხუბთან, იმედგაცრუებასთან, უკმაყოფილებასთან, ბავშვებთან... ეს ნამდვილად შეიძლება, ქალისთვისაც იყოს უსიამოვნო ასოციაციები, რომელიც ქმართან თანაცხოვრების დროს გროვდება.

– მშობლების ჩარევა და რჩევები რამდენად უშლის ხოლმე ხელს წყვილების ურთიერთობას?

– მშობლების თემა ჩვენს ურთიერთობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. ისინი ისე აქტიურად ერეოდნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ ბოლოს ყველა დაშვებული ზღვარი გადალახეს. პირადი სივრცის შეზღუდვაზე გადავიდნენ. თავიდან საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, „ვერ აეწყვნენ“ მომენტით დაიწყეს. მათი რჩევებიც ცუდი არ ყოფილა და ვითვალისწინებდი კიდეც, თუმცა მერე დაკარგეს ზღვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გავლებული რჩევასა და იძულებას შორის. ეს პრობლემად იქცევა ხოლმე და პირიქით, ხელს უწყობს ურთიერთობის რღვევას. მერე იცი რას აკეთებ? ბედნიერებას გადაავადებ. იცით, რას ნიშნავს ბედნიერების გადავადება ხვალისთვის, რომელიც არასდროს დგება? – თავის მოტყუებაა, თანაც ძალიან მწარედ. რადგან ეს დრო, სინამდვილეში, მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. მეორე დღეს, როგორც კი გათენდება, ყველაფერი თავიდან იწყება. გაუგებრობა, გაურკვევლობა, არანაირი მიზიდულობა... ერთად მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ხართ და ეს ნორმალური გგონიათ. იცით, რას მივხვდი? ცოლ-ქმარი იქამდე ვერ იქნება ბედნიერი, სანამ დიდი სამომავლო ბედნიერების მოლოდინისგან არ გათავისუფლდება.

– როგორ უნდა მოიქცეს ცოლ-ქმარი, თუ ატყობს, რომ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები განელდა?

– მე მხოლოდ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რატომ ხდება ეს. რატომ დაიწყო გაუცხოვება. მიზეზი ერთფეროვნება და საერთო ინტერესების არქონაა.

– თანაცხოვრების დროს ქალები და მამაკაცები დუნდებიან?

– ზუსტად ასეა, დროს აღარ უთმობენ საკუთარ თავს, ყურადღებას არ აქცევენ გარეგნობას, აღარ ეპრანჭებიან ერთმანეთს... ამან კი შეიძლება, დიდი გავლენა მოახდინოს მათ ურთიერთობაზე.

– რა როლს ასრულებს ამ დროს პირადი სივრცე?

– ჯერ უნდა იცოდე, რა არის ეს პირადი სივრცე. უმრავლესობას ხომ წარმოდგენაც არ გვაქვს ამაზე. რა არის, იცით, თითოეულს თავადაც უნდა შეეძლოს საკუთარი თავის გაბედნიერება. ორივე მხარეს მიზიდულობა ჩნდება მაშინ, თუ მეორე ადამიანი თვითკმარი და ბედნიერია. ხშირად საუბრობენ საკუთარი თავის შეყვარებასა და მიღებაზე და სწორედ, ეს არის ის, რაც მეორე ადამიანს ჩვენგან სჭირდება. ჩვენც რომ აუცილებლად გვჭირდება, ამაზე აღარ არის საუბარი. თავი შეიძლება, როკ-ვარსკვლავიც ეგონოს და უკანასკნელი „ლუზერიც“, მოკლედ, აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ არის თქვენი პარტნიორი თქვენ გვერდით და მოსწონს თუ არა მას საკუთარი ემოციები. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ინტერესები. უცვლელი არაფერია სამყაროში და მათ შორის არც ურთიერთობებია გამონაკლისი. ბევრი რაღაც უნდა ისწავლოს ცოლმაც და ქმარმაც. ადამიანი სულ უნდა იზრდებოდე და სწავლობდე. ჩვენ შემთხვევაში, მგონი, ცოტა დავაგვიანეთ. არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ალბათ, უნდა ვკითხო ჩემს ქმარს, უნდა თუ არა კიდევ, ჩემთან ერთად, თავიდან დაიწყოს ყველაფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი