გულახდილი საუბრები

რატომ არ არიან შვილები მყარი ქორწინების გარანტია

№3

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 27.01, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სიტუაცია, რომელშიც მრავალშვილიანი დედები აღმოჩნდებიან, ხოლმე საკმაოდ სავალალოა. არიან ქალები, რომლებიც ქმართან გართულებულ ურთიერთობას შვილების გაჩენით „აბალანსებენ“ და ჰგონიათ, რომ ეს მათ ქორწინებას გადაარჩენს. რეალურად, ეს ასე არ არის. თუ მამაკაცს ქალთან ცხოვრება აღარ უნდა, მას შვილები ვერ შეაკავებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ ადამიანთან მრავალი წლის განმავლობაში, გყავთ შვილები. შემდეგ კი ქმარი დაიღალა სამაგალითო ოჯახის კაცისა და მრავალშვილიანი მამის როლით… იქნებ იცით, როგორ მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში? კიდევ ერთი შვილის გაჩენა, ასეთ დროს გამოსავალი ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, ამან შესაძლოა, საბოლოო წერტილი დაუსვას ურთიერთობას.

მანანა 41 წლის: არასოდეს მიფიქრია, რომ კაცს შეეძლო დაეტოვებინა ოჯახი - ცოლი, შვილებთან ერთად. მაგრამ, ფაქტის წინაშე ვარ და საკუთარ თავს ვეკითხები: რატომ ვერ გადააფიქრებინა სამმა შვილმა ჩემს ქმარს განქორწინების გადაწყვეტილება. სრული შოკი მქონდა, როცა პირდაპირ ადგა და წავიდა.

- რატომ გეგონათ, რომ შვილები მას დააკავებდნენ, თუ თქვენს შორის ცუდი ურთიერთობა იყო?

- იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი - მაშინაც კი, როდესაც გრძნობები მამაკაცსა და ქალს შორის ქრება, ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ერთად რჩებიან იმისთვის, რომ ბავშვი სრულფასოვან ოჯახში გაიზარდოს. მე ასე მასწავლეს. ამ მორალით გამზარდეს. ქორწინების 9 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ. მან და მისმა მშობლებმა აგვიშენეს სახლი, მე კი სამი შვილი გავაჩინე. ვფიქრობდი, რომ ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის.

- ანუ, სამი შვილი ოჯახური ბედნიერების გარანტი გეგონათ?

- თუ იმის თქმა გინდათ, რომ სამი შვილი ამიტომ გავაჩინე, ასე არ არის. ყოველთვის დიდი ოჯახი მინდოდა და ქმარსაც ძალიან გაუხარდა, როცა შეიტყო, რომ მესამე შვილს ველოდი. საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი ქმარი საზღვარგარეთ მუშაობს. ის რამდენიმე თვეში ერთხელ ჩამოდის ოჯახში. მე მარტო ვარ პატარა ბავშვებთან ერთად და ეს ჩემთვის ძალიან რთულია. მესმის, რომ ჩემი მეუღლე ოჯახისთვის წავიდა სამუშაოდ, იმისთვის, რომ მეც და შვილებსაც არაფერი მოგვაკლდეს. შვიდი თვის წინ მესამე შვილი შეგვეძინა, ჩემი ქმარი მაშინვე ჩამოვიდა. ოჯახში იმდენი გადაუჭრელი საკითხი იყო, რომ დაბნეულობაში ვერც კი შევამჩნიე, რომ ჩემი ქმარი რატომღაც დისტანციას იჭერდა.

- „გაგეპარათ“ გაუცხოების მომენტი?

- ასე გამოდის. ჩამოსვლიდან პირველი რამდენიმე დღე, ყველაფერი კარგად იყო. ჩვენ შევეცადეთ, ზოგად თემებზე გვესაუბრა. მე არ მიკითხავს, თუ რატომ რეკავდა და გვწერდა უფრო იშვიათად. ერთი კვირის შემდეგ, წავიდა რაღაც ბიზნესშეხვედრაზე და იქიდან მომწერა შეტყობინება, რომ აღარ ვუყვარდი და განქორწინება უნდოდა. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. ლამის ენა ჩამივარდა. უბრალოდ, დავმუნჯდი ელდისგან. რა თქმა უნდა, მე არ დავეთანხმე და შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ უბრალოდ, დამტოვებდა, რადგან სხვა ქალი ჰყავდა საზღვარგარეთ. ჩემმა ქმარმა შეწყვიტა ჩემი სიყვარული და უკვე აღარ სურს ჩემთან ერთად ცხოვრება - აი, როგორი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი.

- სხვა მიყვარს და მივდივარ, გტოვებთო?

- დიახ, სწორედ ეს მითხრა. როგორი სასტიკები არიან კაცები, როცა მათ ცხოვრებაში სხვა ქალი ჩნდება. მან ბავშვებზე უარი არ თქვა, მაგრამ როგორ შეიძლება მე მარტო დავრჩე სამ შვილთან ერთად? სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება, განქორწინების ნებას არ მოგვცემენ და მანამდე, არ ვიცი, რაზე ვიფიქრო, ან რა გავაკეთო შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შევძლო მისი შენარჩუნება.

ვინმე მეტყვის, როგორ შეუძლიათ კაცებს, რომ ცოლი და სამი შვილი ასე ბედის იმედზე დატოვონ? სამყაროში არსებობენ კეთილი ადამიანები, მაგრამ მორალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ვხვდები, რომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ დავრჩე ცოცხალი და გავზარდო ჩემი შვილები. ჯერ ბევრი რამ არ გამომდის. ხშირად ვტირი. ვიცი, როცა ქმარი ტოვებს, ბევრი ქალი ვარდება დეპრესიაში, იწყებს თვითგვემას და ცუდი ჩვევები უვითარდება. მე ასე არ ვიქნები. ისევ ჩემი შვილები მომცემენ ძალას. გავუმკლავდები ბედის ასეთ მკვეთრ შემობრუნებას ცუდისკენ და ყველა დაბრკოლებას გადავლახავ ცხოვრებაში. ჩემი ქმარი, რომც დაბრუნდეს, უკან აღარ მივიღებ. შვილებზე იზრუნოს, ნახოს - არ დავუშლი. მაგრამ ჩემთვის, როგორც მამაკაცი აღარ არსებობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი