გულახდილი საუბრები

რა იწვევს ოჯახში აზრთა სხვადასხვაობას და რატომ არის უკეთესი ცოლ-ქმარი ცალკე ცხოვრობდეს

№27

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.07, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ოჯახში სხვადასხვა თაობის ერთად ცხოვრების პლუსები და მინუსები სადავო თემაა. ბევრს მიაჩნია და ეს დიდწილად მართალია, რომ გოგო მიჰყვება ცოლად ბიჭს და არა მთელ მის ოჯახობას და რომ მარაზმია ეს კოლექტიური ცხოვრება დედამთილ-მამამთილებთან.

რძალ-დედამთილის, სიძე-სიდედრისა თუ რძალ-მულების ურთიერთობა ქართული ოჯახების ყველაზე ემოციური და კონფლიქტური თემაა. როდესაც სახლში რამდენიმე თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობს, ინტერესებისა და ღირებულებების განსხვავებულობის გამო ხშირია კონფლიქტები და უთანხმოება.

თიკო (34 წლის): უნდა ცხოვრობდნენ თუ არა ერთად რამდენიმე თაობის წარმომადგენელი? ამას არანაირად არ მივესალმები. ერთადერთი დადებითი მხარეა ის, რომ გეხმარებიან ბავშვის მოვლასა თუ სახლის საქმეებში, მაგრამ ამ პროცესშიც და სხვა დანარჩენშიც იმდენი აზრთა სხვადასხვაობაა, რომ ბოლოს მათი დახმარებაც აღარ გინდა. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ძალიან ცუდად მაქვს ნერვები. მაგრამ, რაც უნდა კარგები იყვნენ, უკეთესია, ცოლ-ქმარმა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცალკე იცხოვროს. ასე ყველა უფრო მეტად აფასებს ერთმანეთს. ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი.

– ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრება ასეთი პრობლემაა?

– სულერთია, შენ მშობლებთან ერთად იცხოვრებ, თუ ქმრის. ჩვენ უკვე ორი წელია, ცალკე ვცხოვრობთ. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ვიქნებოდი ისეთი დედა, როგორიც დღეს ვარ. მე და ჩემს მეუღლეს კი არ გვექნებოდა ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა, არც ჩვენი ოჯახი იქნებოდა ისეთი მყარი, როგორიც დღეს არის. ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ რეალურად ყველამ იცის „შიდა სამზარეულო“. როცა ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობთ, მეტი დაფასებაც არის და ნერვებიც ნაკლებად გაუფუჭდება დიდსაც და პატარასაც. დროზე გამოვასწარი.

– თუ ოჯახში სიყვარული და პატივისცემაა, ძალიან კარგია ერთად ცხოვრება.

– ეგ ვინ თქვა? სისულელეა! ყველა წყვილი დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდეს. თავად როგორც სურს, ისე. თუმცა, თუ გამოუვალი მდგომარეობაა და სხვადასხვა თაობას ერთად უწევს ცხოვრება, ალბათ, ოჯახსაც გააჩნია. გეთანხმებით, ამას დადებითი მხარეც აქვს – საოჯახო საქმეების განაწილება ხდება და მარტოს არ გიწევს ყველაფრის კეთება, მით უმეტეს, როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, დამხმარე ნამდვილად გჭირდება. მაგრამ ცალკე ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტულია. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად იღლები. მე უკვე სამი შვილი მყავს, თან ვმუშაობ და ძალიან რთულია, საოჯახო საქმეებს, ბავშვებს, ყველაფერს ერთად თავი გაართვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ რომ ქანცი გამძვრეს, ისევ ერთად ცხოვრებას მაინც არ ვისურვებ. არ იფიქროთ, რომ არ მიყვარს ჩემი ქმრის ოჯახი, მადლიერი ვარ ჩემი დედამთილის, რომელიც რაღაც საკითხებში გვერდით მედგა, მაგრამ ცალკე ყოფნა გაცილებით უკეთესია.

– ასეთი რა ხდება ერთად ცხოვრების დროს?

– ჯერ ერთი, ხვდები სრულიად უცხო გარემოში, ათასი დაკვირვებული თვალის ქვეშ და გათხოვების სტრესს ესეც ემატება. მეორე – ასეთ სიტუაციაში სრულიად შეუძლებელია ცოლისა და ქმრის ჯანსაღი ურთიერთობები. მე, მაგალითად, ხან ოთახში მივარდებოდნენ, ხან კიდევ მთელი ღამე დაბოდიალობდნენ სხვა ოთახებში და ფაქტობრივად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მოგუდულად, უხმოდ გვქონდა ინტიმური ურთიერთობა, ისე, რომ არც საწოლის ხმა გასულიყო და არც ჩვენი. დღისით თუ მოგვინდებოდა ერთმანეთის მოფერება, კოცნა, გვერიდებოდა და გრძნობებს საერთოდ ვერ გამოვხატავდით. ჩხუბითაც ხმადაბლა ვჩხუბობდით, რომ მთელი ოჯახობა არ ჩარეულიყო. მივხვდი, რაც მოხდებოდა – მობეზრდებოდა ჩემს ქმარს ასეთი დაძაბულობა, მოუნდებოდა თავისუფალი ურთიერთობა და დაიწყებდა ფლირტების გაბმას და სხვის ძებნას... შვილების აღზრდის კუთხითაც დავიტანჯე – დედამთილს ყოველთვის თავისი აზრი ჰქონდა ყველაფერზე, აღზრდაზე, სამზარეულოში ნებისმიერი რამის გადაადგილებაზე. მითითებები, შენიშვნები... შედეგად მივიღე მხოლოდ ნერვიულობა, სტრესები და ასეთი არც დახმარება მინდოდა და არც არაფერი. გავედით ცალკე და მშვიდად ვართ. მარაზმია ეს კოლექტიური ცხოვრება და არ არის საჭირო.

– შეიძლება სახლში სამი თაობის წარმომადგენელი იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, ინდივიდუალურად ვინ როგორია.

– მართალია, თუმცა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ყოველთვის განსხვავებული ინტერესები და შეხედულებები აქვთ ხოლმე და როდესაც ერთ სივრცეში დიდხანს ყოფნა უწევთ, რთულია შეთანხმება. მაგალითად, ვიღაცას ტელევიზორის ყურება უნდა, ვიღაცას – უბრალოდ, სიწყნარე და სიჩუმე. ჩვენს ოჯახშიც ხშირად იყო ინტერესთა კონფლიქტები. როცა ადამიანებს დიდხანს უწევთ ასე ცხოვრება, სადღაც ამოხეთქავს ხოლმე ბრაზი და სერიოზული პრობლემა იქმნება. საბოლოოდ, ყველაზე ცუდი შედეგი დგება – ოჯახის წევრებს საერთოდ აღარ აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ყველა თავისთვისაა. მშობლებს ძალიან უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ შვილები იზრდებიან და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას იწყებენ, რომ ბავშვები აღარ არიან. გასაგებია, რომ ზრუნვის მომენტია, მაგრამ, ჩემი აზრით, უმჯობესია ახალდაქორწინებულები ცალკე იყვნენ, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. დედამთილ-მამამთილისა და სიდედრ-სიმამრის ჩარევის მომენტი არ უნდა ჰქონდეთ, მაშინაც კი, თუ კონფლიქტი აქვთ. წყვილი პრობლემის გარეშე არ არსებობს, მით უმეტეს, ახალდაქორწინებულები. ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს სხვადასხვა აზრი ერთსა და იმავე საკითხზე. ადამიანებისგან ხომ გსმენიათ, რომ ვიღაცამ მსხვერპლად შესწირა ცხოვრება ოჯახის რომელიმე წევრს. ეს არ მიმაჩნია მართებულად, ეს არც ერთი თაობის წარმომადგენელს არ სჭირდება. ადამიანმა პატივი უნდა სცეს საკუთარ თავს, რადგან თუ შენ არ დააფასე საკუთარი თავი, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ სხვა დაფასებითა და პატივისცემით მოგექცევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი