გულახდილი საუბრები

რა ავიწყდება ქალს გათხოვების შემდეგ და რაზე გამოთქვამენ ქმრები საყვედურს

№13

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.04, 2021 წელი

ნიღაბი
დაკოპირებულია

ქალების უმრავლესობა საყვედურს გამოთქვამს: კაცები სულ უფრო და უფრო ნაკლებად არიან კაცურები, არაფერი აინტერესებთ, კომპიუტერისა და ფეხბურთის ყურების გარდა. ქალები მუშაობენ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, კაცები კი ერთობიან. მოკლედ, ეს საკითხი მუდმივად აქტუალურია. რეალურად კი, ქალს ავიწყდება, რომ მამაკაცი, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამს, მისი რჩეულია. ხომ გააკეთა თავის დროზე მასზე არჩევანი, რაღაცის გამო ხომ შეუყვარდა? სად დაიკარგა ეს „რაღაც“? თუმცა, შეიძლება, არც კი დაკარგულა და უბრალოდ, დავიწყებულია.

ლალიკო (34 წლის): როდესაც ჩემი ურთიერთობა მომავალ ქმართან საწყის ფაზაში იყო, მისი მამაკაცური ძალა და ენერგია, ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ვაჟკაცობა მიზიდავდა. ვამაყობდი შეყვარებულის საქმიანობით, აღფრთოვანებული ვიყავი მისი ქმედებებით, გამარჯვებებით. გულანთებული ვუყვებოდი დაქალებს, როგორი კარგია და რამდენ რამეს აკეთებს, როგორია ძმაკაცებში, როგორ ზრუნავს ჩემზე... ისიც კი მომწონდა, როგორ შემომიფარგლა საზღვარი გარშემო და როგორ, აფიქსირებდა საკუთარ უფლებებს ჩემზე.

– ანუ, მოგწონდათ თქვენზე მესაკუთრულ უფლებებს რომ ავლენდა?

– სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო ჩემი შეცდომები. მომწონდა, როცა ჩემი შეყვარებული ზოგჯერ მეუბნებოდა, მაგიდაზე ხელის დარტყმითაც კი – შენ იქ არ წახვალ, მორჩა! მე ეს საყვარელი ხუმრობა მეგონა. მიუხედავად, იმისა, რომ შინაგანად პროტესტი ირთვებოდა, წამებში ვიწყნარებდი თავს – სამაგიეროდ, დაცული ვარ, ის ძლიერია, ნამდვილი ვაჟკაცი, მამაკაცია-მეთქი. შემდეგ, შევქმენით ოჯახი. ცოლის როლში, უკვე ქმრისგან ველოდებოდი, როდის აიღებდა პასუხისმგებლობას ჩემზე, ოჯახზე. მიიღებდა გადაწყვეტილებებს, როდის მაგრძნობინებდა მის გვერდით თავს დაცულად, დააწყნარებდა ჩემს აფორიაქებულ გონებას.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ყველა ქალი ოცნებობს „ძლიერ მკლავებზე“?

– დიახ. ავიწყდება ძლიერი მკლავი რომ ჰქონდეს მამაკაცს, თვითონ უნდა წავიდეს დათმობაზე. უარი თქვას, ბევრ აქამდე მისთვის ჩვეულ ქცევაზე.

– ძლიერი მამაკაცის გვერდით ყოლა საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას ნიშნავს?

– ჩვენ კი არ გვინდა ამის დაჯერება, მაგრამ ასეა. ვაღიაროთ, რომ მამაკაცი, არსობრივად, ძალიან ახლოს დგას ველურ ბუნებასთან. ზოგჯერ ვულკანია, რომელთანაც ზედმეტად კირკიტი საშიშია, ზედმეტად ვერ შეაწუხებ. ცუდად დაელაპარაკები, გამოიწვევ, ვეღარ დათრგუნავ, ვეღარ მოდრიკავ. როდესაც მამაკაცს მოჰყავს ცოლი, ორივეს ცხოვრება მკვეთრად იცვლება. მაგალითად, ჩემი მეგობრის ქმარს და მის მეგობრებს წესად ჰქონდათ თვეში ერთხელ ერთად გართობა. ცოლმა იმდენი იწუწუნა და იზუზუნა, მეგობრებთან სიარულს ვინ ჩივის, ტელევიზორის ყურებისა ან კომპიუტერთან ყოფნის დროსაც მუდმივად აკრიტიკებს. საყვედურობს, დროს ფუჭად ფლანგავო. წვრილმანებზე ეჭვიანობს. ულტიმატუმებს უყენებს და ურთიერთობაში უკვე სერიოზული პრობლემები აქვთ. მეც ახლა ვხვდები, რამდენი გავაფუჭე ქმართან ურთიერთობაში. ჩემი უამრავი არგუმენტი – ოჯახი სხვა სტილით ცხოვრებას მოითხოვს, რომ ის უკვე მარტო აღარ არის და მეტი პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო, რომ უფრო „ჭკვიანურად“ მოიქცეს და საერთოდაც, უნდა შეიცვალოს – იყო დიდი შეცდომა. გამიმართლა, რომ ჩემს შემთხვევაში სიყვარულმა გაიმარჯვა. ალბათ, ჩემი ქმრისთვის რთული იყო არჩევანი. მაგრამ ის „დაჭკვიანდა“, გახდა „კარგი მამა“ „კარგი ქმარი“... თუმცა ვამჩნევდი, რომ ისეთი ბედნიერი აღარ იყო. მგონია, რომ ოჯახურ ურთიერთობაში ორივე უნდა განიცდიდეს სიხარულს, სხვანაირად ყველაფერი ცუდად მთავრდება და მერე ქმართან დაცილებას აქვს ახსნა – ვნების გაქრობა, ხასიათების ვერ შეწყობა. ამბობენ ხოლმე – ქმარი ძალიან შეიცვალა, სხვანაირი გახდა. ოჯახის შექმნის შემდეგ მას არაფერი აინტერესებს და აღელვებსო.

– ცოლები ცვლიან ქმრებს უარესობისკენ?

– ქალი გათხოვების შემდეგ ცდილობს, „მოაშინაუროს“, „მოაჭკვიანოს“ კაცი. მისთვის ასეა მოსახერხებელი. როცა კაცი დამჯერია ქალი არ ნერვიულობს – სად არის, როგორ არის, ვისთან არის, რას აკეთებს? რა ქნას, უყვარს, როცა კაცი გვერდით ეგულება, ყველა მისი ნაბიჯი იცის და მშვიდად არის. ამ დროს, ვერც ქალი და ვერც კაცი ვერ ხვდება – რა ფასს იხდიან ამ „მოჭკვიანებაში“. სინამდვილეში, კაცი გალიაში გამომწყვდეული ლომივით არის. თუ ფული აქვს, იყიდის ასაკისთვის შეფერებელ მანქანას, „ანგრევს ჩარჩოებს“, იჩენს საყვარელს, მიეძალება სასმელს... და მთვრალი გადმოყრის სახლში ყველაფერს – ცოლთან „გავაჟკაცდება“. უფულობისას კი კომპიუტერულ თამაშებში ჩაერთვება და იქ გახდება გმირი. რა გამოდის? ქალი ოცნებობს ცოლად გაჰყვეს კაცს, რომელიც ჩაიდენს საგმირო საქმეებს. თანაცხოვრება კი უწევს არსებასთან, რომელსაც თვალი გაქცევაზე უჭირავს. ასე რომ, „მოჭკვიანება“ ძვირი ღირს – საკუთარი თავის პატივისცემისა და ბედნიერების ფასი. როდესაც ქალი ცდილობს კაცის „მოთვინიერებას“, ამით თხრის ორმოს, რომელშიც საბოლოოდ თვითონ აღმოჩნდება. თუმცა, მართალია ისიც, როდესაც გვერდით ცხოვრობს ნამდვილი მამაკაცი, ქალისთვის არ არის ეს მარტივი საქმე. ასეთი ქმრის გვერდით ცოლი სულ უნდა იყო მიმზიდველი, ლამაზი, თბილი, იდუმალი, რეალიზებული, კმაყოფილი, ბედნიერი... მოკლედ, ეს სხვა არჩევანია და სხვა ცხოვრება. .ვიდრე უბრალოდ, რამენაირად გათხოვდე და მორჩა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი